„არ ღირს პირადად უგულავასთვის პასუხის გაცემა, ვინაიდან ადამიანურად მესმის მისი ნერვიულობა - მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და ცხადია ამ სიტუაციაში ცდილობს რაღაცას მოეჭიდოს, რაღაცაზე ყურადღება გადაიტანოს... ნერვებმაც უმტყუნა“, - განაცხადა კახა კალაძემ for.ge-სთან კომენტირებისას და დასძინა:
„არ გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობის რაღაც ჯგუფებს, ვინც მე ან საერთოდ არ მიცნობს, ან წარმოდგენა ჩემს საქმიანობაზე მხოლოდ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციებით აქვს, რაღაც განმარტება უნდა მივცე... ვწუხვარ რომ ნაციონალური რეჟიმის მესვეურების, განსაკუთრების სააკაშვილის და მისი მესენჯერის –უგულავას მორიგი ქმედება უნდა გავასაჯაროო. ამ ადამიანის არაადეკვატური განცხადებების მერე.
სასტუმრო „უშბა“ სხვათაშორის, დიდი ხანია გასხვისებული მაქვს. ჩემი წარმომადგენლების მიერ შეძენილი იქნა კერძო პირისგან, რომელშიც, როგორც მაშინ შევიტყვეთ, ლტოლვილები უკანონოდ იყვნენ შეჭრილები, მე მაშინ ობიექტი შევიძინე და იქ მაცხოვრებლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია, „უშბაში“ ხალხი წლებია ცხოვრობს და შეიძლება არც კი იციან რომ მაგ ადგილის ერთი მფლობელი მეორემ ჩაანაცვლა... უგულავა რეგულარულად მთხოვდა სააკაშვილის სახელით ხალხი იქიდან გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავას და სააკაშვილის ეს კაპრიზი არ შევასრულე.
რაც შეეხება კაპიკებში ნაყიდ მიწებს, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს ეს ადამიანი ან მისი გარემოცვა - მე მათ მსგავსად მუქთად ჩამეგდო ხელში სახელმწიფო ქონება. ერთადერთი მიწა რაც შეძენილი მქონდა – აუქციონით, იყო არსენალის მთაზე 80 ჰექტარი მიწა, რომელიც 40 მილიონ დოლარად შევიძინე. 20 როცა გადავიხადეთ მერე იყო ის სატელევიზიო ეთერი, გირგვლიანზე როცა მივუთითე სააკაშვილს... ყველამ იცის, მეორე დღესვე როგორ განვითარდა მოვლენები. კიდევ ვიმეორებ, მესმის, ვპატიობ, თანავუგრძნობ, პანიკაშია. სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარები – კანონი უზეანესია" - განუცხადა კალაძემ for.ge-ს.
ვიცე პრემიერმა აღნიშნული კომენტარი for.ge-სთან დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ამ უკანასკნელმა გადაცემა „პოზიციაში“ გაახმოვანა.
„ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მართლა ვერ ხვდება, რა თანამდებობაზეა. ვერ ხვდებოდა მაშინაც, როდესაც აბსოლუტურად გაუგონარი განცხადება გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით, ვერ ხვდება, რომ ის არ არის რესტორნების, მიწების, მანქანების მფლობელი, ის არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ის გაუაზრებელი განცხადებები, რაც უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა, არ ვნებს მხოლოდ მის პირად რეპუტაციას. რაც შეეხება მის მორალის კითხვას, ეს ადამიანი ძალიან წავიდა თავს და რატომღაც სუფლიორის საშუალებით უკვე მეოთხე თუ მეხუთეჯერ გვიკითხავს მორალს“, - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ვერ მიიღებს პრეტენზიას დევნილებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე იმ ადამიანისგან, რომელიც სასტუმრო „უშბის“ მფლობელია, რომელიც „დევნილებით არის გავსებული. უზნეობაა, როცა ეს კაცი მორალს გვიკითხავს“, - განაცხადა უგულავამ.