ქართული დელეგაციის წარმატებული ვიზიტი დასრულებულია

ქართული დელეგაციის წარმატებული ვიზიტი დასრულებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. იმ შეხვედრების გაანალიზება, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ და პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა გამართეს, ცოტა რთული იყო და რეალურად, ყოველი დღე იმდენად დატვირთული გახლდათ ემოციურად, რომ შეფასებების გაკეთება ექსპერტებსაც კი უჭირდათ. არათუ საქართველოდან, არამედ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცისა და აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ლიდერს არ ჰქონია ასეთი წარმატებული ვიზიტი. ახლა კი, როცა ვიზიტი დასრულებულია, ცივი გონებით შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ, რა მოხდა რეალურად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და რა შედეგებს მოუტანს ეს საქართველოს.

ის, რომ ღარიბაშვილს დიდი ინტერესითა და პატივისცემით ელოდნენ, მისი მიღების საწყისი საათებიდანვე გამოჩნდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატივსაცემად პომპეზური ცერემონია გაიმართა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს დელეგაციის დახვედრისას ასეთი მასშტაბური ცერემონია არ ახსოვს. 330 ჯარისკაცი, საზეიმო ზალპები, საქართველოსა და აშშ–ის სახელმწიფო ჰიმნები... სწორედ ასეთი ცერემონიით დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

არანაკლებ შთამბეჭდავია იმ სენატორთა თუ კონგრესმენთა სია, რომელთაც ღარიბაშვილი შეხვდა და მომავალ პარტნიორობასა და საქართველოს სტრატეგიულ გეგმებზე ესაუბრა. სენატორები ჯონ მაკკეინი, როი ბლანტი, კარლ ლევინი, ჯეფ სეშენსი, დიკ დურბინი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. კონგრესმენები მაიკლ კონავეი, უილიამ კიტინგი, ტედ პო,ადამ კინზინგერი, დავინ ნუნიე, ადამ სმიტი, ნიტა ლოუისი, ელიოტ ენგელი, ედ როისი, ტედ დოიჩი, ნენსი პელოსის, სტენი ჰოიერი, მაიკლ კონავეი, მაიკლ ტერნერი, ბაკ მაკკეონი...

აღარაფერს ვამბობთ სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრაზე, რომელზეც კერიმ ჩვენთივს საინტერესო განცხადება გააკეთა.

„დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ე.წ. ბორდერიზაციის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ასევე მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკური რეფორმის, ინვესტიციების, ვაჭრობის გაზრდის, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ევროკავშირთან ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები მზად არის აგრეთვე ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის“...

წესითა და რიგით, ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უნდა გამართულიყო და სწორედ ამ შეხვედრის დროს მოხდა ის, რაზეც მთელი მსოფლიო მედია წერდა. შეხვედრის დროს ოთახში ქვეყნის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა შევიდა, ქართველი პრემიერი პირადად გაიცნო, საუბარს შეუერთდა და პირადად მოისმინა ის მესიჯები, რომლის გაჟღერებასაც საქართველოს ლიდერი ბაიდენთან აპირებდა. და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდებოდა. ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არამარტო რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს, როგორც თანასწორ პარტნიორს, ისე განიხილავს და არაფრის ფასად არ აპირებს არც თანამშრომლობაზე უარის თქმას და არც იმასთან შეგუებას, რომ ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. სხვათა შორის, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ღიად მოუწოდა რუსეთს 2008 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულება.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული მხარის ვიზიტმა რესპუბლიკელი და დეომკრატი კონგრესმენებიც გააერთიანა. მათ ერთობლივად მოახდინეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება და, როგორც თავად აღნიშნეს, საქართველოს საკითხზე ეს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა პარტიათა შორის ურთიერთობის სანიმუშო მაგალითია. აღნიშნული პროექტი უკვე წარედგინა კონგრესს განსახილველად და მასში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, აღიარებს ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების მნიშვნელობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ღარიბაშვილმა, რომლის ასაკს ხაზს ყველა შეხვედრაზე უსვამდნენ, ამერიკელები დაარწმუნა საქართველოს ევროპული გეზისაკენ და დაადასტურა ჩვენი მისწრაფება ნატოს ალიანსში გაწევრიანებაზე. სწორედ მისი სიტყვების შემდეგ თქვა ჯონ კერიმ, რომ ღარიბაშვილი ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილია.

„მე მინდა ჩემი ქვეყანა ვაქციო ნამდვილ, ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც დაცული იქნება ადამიანების უფლებები და სადაც უზენაესი იქნება კანონი“, - ატლანტიკურ საბჭოში ღარიბაშვილის ამ სიტყვებს 200 სტუმარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უკრავდა ტაშს.

ქართული დელეგაციის ვიზიტი ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ქართულ თუ უცხოურ მედიას. უცხოურმა გამოცემებმა უპრეცედენტოდ დიდი ყურადღება დაუთმეს ჩვენი დელეგაციის ვიზიტს და ის ზე-წარმატებულად შეაფასეს. გამორჩეულად საინტერესო იყო Associated Press-ის სათაური - „აშშ აფრთხილებს რუსეთს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს დასავლეთისაკენ უბიძგებს“. არანაკლებ ყურადღება დაიმსახურა Reuters-მა, Washington Times-მა, რომელმაც პირდაპირ დაწერა - „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ნატოს წევრობას უმიზნებს, ხოლო რუსეთს ახლოს არ უშვებს“. ფრანგულმა გამოცემა Agence France Presse -მ აქცენტი ჯონ კერის სიტყვებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკის სახლემწიფო მდივანი ევროკავშირს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული ვიზიტი იმდენად წარმატებული იყო, რომ ოპონენტები ჯერჯერობით საჭირო სიტყვებს ვერ ნახულობენ, რათა ღარიბაშვილი გააკრიტიკონ. საკუთარი პოზიციას ვერ თუ არ აფიქსირებს რუსული მხარეც და ერთგვარ პროტესტს მავთულხლართების გაბმის გაგრძელებით გამოხატავს.

რეალობა კი ის არის, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ და მისმა ახალმა პრემიერმა, რომელიც სათავეში სულ რაღაც სამი თვის დანიშნულია, ამერიკულ მხარესთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა და დიდი ალბათობით, ნატოს მომავალ სამიტზე ქართული მხარე სამოქმედო გეგმას მიიღებს, ხოლო ევროკავშირი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას დააჩქარებენ. აღნიშნული ურთიერთობების გამოყენებას ღარიბაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აპირებს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო უარს ამბობს ნებისმიერი სახით სამხედრო ესკალაციაზე და ოსებსა და აფხაზებს ქართველების გვერდით ყოფნა სწორედ ევროპასთან უვიზო მიმოსვლით, სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებითა და ამერიკულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოანდომოს.