მზერა დასავლეთით: 31 წლის პრემიერი ევროპის და არა რუსეთისკენ იყურება

მზერა დასავლეთით: 31 წლის პრემიერი ევროპის და არა რუსეთისკენ იყურება

ირაკლი ღარიბაშვილი ბავშვი იყო, როდესაც მისი სამშობლო, საქართველო, გაღატაკებული საბჭოთა სატელიტი ქვეყანა, ის-ის იყო გონზე მოსვლას იწყებდა. ღარიბაშვილის სახლში არ იყო ელექტროენერგია და გაზი, მას სანთლის შუქზე უწევდა მეცადინეობა. ახლადგათავისუფლებული, დამოუკიდებელი ქვეყანა ქრონიკულმა კორუფციამ და სამოქალაქო არეულობებმა მოიცვა, ეკონომიკა შეუქცევად ვარდნას განიცდიდა. ახალი საქართველო ძველს არ სჯობდა. 

31 წლის ღარიბაშვილი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი და არჩეული მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელია მსოფლიოში. როგორც ღარიბაშვილმა Foreign Policy-ს ინტერვიუში უთხრა, მისი მთავრობის მთავარი ყურადღება მიმართულია ევროკავშირთან უფრო ახლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებაზე და, იმავდროულად, მტკიცე ფუნდამენტის მომზადებაზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის. მისი ქვეყანა ერთ დროს მტკიცედ იყო ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მოსკოველი მმართველებისკენ. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მალე ქვეყანა მტკიცედ ორიენტირებული იქნება დასავლეთზე. 

“მე მართლაც მინდა ჩემი ქვეყნის გარდაქმნა რეალურ, თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ”, უთხრა მან FP-ს, სიფრთხილით არჩევდა რა სიტყვებს. “ეს ჩემი ოცნებაა”. 

ოცნების რეალიზება კი მოითხოვს უკიდურესად ფრთხილ მოქმედებას თბილისის ურთიერთობებში რუსეთთან. იმ ფონზე, როდესაც პროდასავლელი ლიდერები მეზობელ უკრაინაში იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე თავი დააღწიონ რუსეთის მარწუხებს, საქართველოს წარმატება და ბრძოლები ერთგვარი გზამკვლევი და ჭკუისსასწავლებელი ისტორიაა კიევისათვის. 

რევოლუციონერებს, რომლებმაც ახლახან გააძევეს ხელისუფლებიდან უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და დღეს კიევს აკონტროლებენ, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ახალი ლიდერების არჩევა, რომლებიც შეუქცევადად დააახლოებენ ქვეყანას როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. ევროკავშირის მაღალჩინოსნები უკვე ეწვივნენ კიევს დიდი ფინანსური დახმარების პაკეტის პირობების განსახილველად. უკრაინის მთავრობაც აცხადებს, რომ მალე ის სესხის გამოყოფის თხოვნით შეერთებულ შტატებს მიმართავს. 

ამ ნაბიჯებმა რუსეთი განარისხა, და ღარიბაშვილმა კარგად იცის იმ რისკების შესახებ, რაც მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანებას შეიძლება მოჰყვეს. საქართველოს ბოლო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელმაც დაამხო საქართველოს მაშინდელი ლიდერი შევარდნაძე. ის მართავდა ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლიდან. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მალევე, სააკაშვილმა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო, რითაც რუსეთი განარისხა. 2008 წელს, საქართველოს არმიას და მისი სეპარატისტული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ლოკალური შეტაკებების შემდეგ, რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა აჯანყებულების მხარდასაჭერად და რეგიონიდან ქართული არმია გააძევა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა და მას შემდეგ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშაა. 

სააკაშვილმა თავისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა დასავლეთის დარწმუნებაში გაატარა და მათ დაკარგული პროვინციების დაბრუნებაში დახმარებას სთხოვდა. ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერმინისტრი შარშან ნოემბერში გახდა, ძალიან განსხვავებული სტრატეგია აქვს. 

FP-სთან ინტერვიუში, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ მისი ქვეყნის მზარდი ინტეგრაცია ევროპაში ნელ-ნელა დაარწმუნებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომ საქართველოსთან გაერთიანება მათ ინტერესებში იქნება. თბილისი 
აგვისტოში ეგრეთ წოდებული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს, რაც საქართველოს ბლოკის წევრობასთან დააახლოებს, და ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას, ევროპასთან ვაჭრობის გაღრმავება კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. მას სჯერა, რომ გამოყოფილი რეგიონების მცხოვრებლებს მოუნდებათ ამ სიკეთეებით სარგებლობა. 

“ისინი დაინახავენ ცხოვრების სტანდარტებში სხვაობას”, თქვა ღარიბაშვილმა. “ისინი დაინახავენ, როგორ ცხოვრობენ აფხაზეთსა და ოსეთში, და როგორ ცხოვრობენ ქართველები”.    

მთელი ეს სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ღარიბაშვილი საკუთარი ხედვის რეალიზებას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო რეგიონული ბიზნესის და ეკონომიკის კვანძია. საქართველო საყოველთაოდ ცნობილია თავისი ღვინის ექსპორტით, მაგრამ, ღარიბაშვილის თქმით, მისი ქვეყანა ინვესტიციას აბანდებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემსადენებში, რომელიც უზრუნველყოფს ჰიდროელექტროენერგიის მიწოდებას თურქეთში. პრემიერი, რომელიც ბიზნესმენივით ლაპარაკობს (ის ბიზნესმენი იყო, ვიდრე პოლიტიკოსი გახდებოდა), ასევე ტრაბახობს იმით, რომ მისი ქვეყანა ინვესტორს სთავაზობს პოლიტიკურ სტაბილურობას, იაფ მუშახელს და ბიზნესზე ორიენტირებულ რეგულაციებს. ინტერვიუში მან თქვა, რომ მისი პროგნოზით, 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 5%-მდე გაიზრდება. 

ღარიბაშვილს კარგად ესმის, რომ ახალი დაპირისპირება რუსეთთან მთელ ამ გეგმებს ჩაშლის, და ძალიან აქტიურად მუშაობას ამ ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული კავშირების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით მან სპეციალური ელჩი დანიშნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობასთან ურთიერთობისა და მოსკოვთან ღია და პირდაპირი დიალოგისათვის. 

რუსეთის რიტორიკა საქართველოს მიმართ მნიშვნელოვნად შერბილებულია წარსულთან შედარებით, მაგრამ ცხადია, რომ პუტინი არ არის მზად წარსული წყენების დავიწყებისათვის. ღარიბაშვილი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს 30 მილის სიგრძის მავთულხლართები გაჰყავთ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ. სამუშაოები დეკემბერში შეწყდა, სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. სამშაბათს, ოლიმპიადის ცერემონიის დასრულებისთანავე, სამუშაოები განახლდა. “სიგიჟეა, არა?” იკითხა მან ინტერვიუს დროს. 

ღარიბაშვილი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში არ უცხოვრია, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი. უკრაინის ზოგიერთი მომავალი ლიდერი შესაძლოა იყოს მისი ასაკის და ანალოგიური გამოცდილებით. საქართველო ირანთან და ერაყთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პარიზთან ან ლონდონთან. მიუხედავად ამისა, თუკი ღარიბაშვილის ძალისხმევა წარმატებული იქნება, ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი გახდება. და ეს მიღწევა გვერდს არ აუვლის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც ნელ-ნელა აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნების ხელისუფლებებში მოდიან. “ჩვენ გვინდა ვიყოთ მაგალითი”, თქვა ღარიბაშვილმა ინტერვიუში, “ჩვენ გვინდა ვუჩვენოთ გზა სხვებს”. 

foreignpress.ge