ვაშინგტონი - ოთხშაბათს, შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ და განაახლა მოთხოვნა, რომ მოსკოვმა გამოიყვანოს მისი არმია კიდევ ერთი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს სადავო ანკლავებიდან. შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაგულიანა საქართველო და მოუწოდა მას განაგრძოს დაახლოება ევროპასა და ნატოსთან. მოწოდებები გაისმის რუსეთს და დასავლეთს შორის სულ უფრო მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც უკრაინის ხელისუფლებიდან პრომოსკოვური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გაძევებას მოჰყვა.
თავის მკვეთრ კომენტარებში, რომელიც როგორც ჩანს კიდევ უფრო გაამძაფრებს რუსეთის ეჭვებს მის უშუალო სამეზობლოში დასავლეთის განზრახვებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთი „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყოს უკრაინასთან დაკავშირებულ ქმედებებში. ასევე, მან განაცხადა შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი (თუმცა არ დაუკონკრეტებია) დახმარების შესახებ, „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ხედვის მხარდაჭერისათვის“. მან დაგმო ის ფაქტი, რომ რუსეთს დღემდე ჰყავს განთავსებული თავისი სამხედროები საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რითაც არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც დაასრულა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი.
ქერი, რომელიც ლაპარაკობდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე სახელმწიფო დეპარტამენტში, ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინის, საქართველოს და სხვა, ერთ დროს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიმართ, მიზნად არ ისახავს რუსეთის გავლენის შეზრუდვას მის სამეზობლოში. მისი თქმით, პირიქით, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მათი დასავლეთთან ინტეგრაციის, დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკის გაძლიერების საქმეში წარმატების ხელშეწყობაა.
„ეს არ არის ერთგვარი თამაში ნულოვანი საწყისით აღმოსავლეთს და დასავლეთს ან ჩვენ და რომელიმე სხვა მხარეს შორის“, თქვა ქერიმ. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ხალხმა შეძლოს არჩევანის თავად გაკეთება და საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმიზაცია. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მას არ შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა“.
მოგვიანებით, MSNBC-სთან ინტერვიუში, ქერიმ გაიმეორა ეს რეპლიკები, მაგრამ კიდევ უფრო დეტალურად ჩაუღრმავდა უკრაინაში შექმნილ სიტუაციას.
„ვფიქრობ, რუსეთმა ძალიან ფრთხილად უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს მომავალში“, თქვა ქერიმ. „ჩვენ არ მივისწრაფვით კონფრონტაციისაკენ, მაგრამ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთი ამბობს, რომ ის ასეც მოიქცევა, და ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თავისი სიტყვა შეასრულოს“.
„ახლა ჩვენ არ გვჭირდება ძველი, ცივი ომის კონფრონტაცია“, თქვა მან. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რაც არ არის თამაში ნულოვანი საწყისით, რათა უზრუნველვყოთ უკრაინელი მოსახლეობის უნარი, თავად არიჩიოს საკუთარი მომავალი“.
ქერიმ ილაპარაკა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა რუსეთის სამხრეთში, მათ შორის უკრაინის საზღვრის გასწვრივ. რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ თავდაცვის სამინისტრო ნაბიჯებს გადადგამს უსაფრთხოების განმტკიცებისათვის რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ობიექტებზე უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც შეტაკებები ხდება პრო- და ანტირუს დემონსტრანტებს შორის. პრორუსი დემონსტრანტები ავტონომიის გამოყოფაზე ლაპარაკობენ; რუსი პარლამენტარი კი აღვივებდა დაპირისპირებას თავისი აპირებებით, რომ რუსეთი მათ დაიცავს.
ამ ნაბიჯებმა გაზარდა შიშები, რომ რუსეთმა შეიძლება სამხედრო ინტერვენციას მიმართოს უკრაინაში 2008 წლის ოპერაციის მსგავსად საქართველოში, რომელიც მაშინ დაგმო შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა.
ქერიმ, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გვერდით ეჯდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები „კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.
„ჩვენ კვლავ ვაპროტესტებთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და საზღვრიზაციას რუსეთის მხრიდან, და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს მისი ჯარის გაყვანას ამ რეგიონებიდან და ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას“, თქვა ქერიმ.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში (რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება) და უნდა, რომ ამ ქვეყანამ ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან ამ წლის ბოლომდე. ანალოგიური შეთანხმება უკრაინას და ევროკავშირს შორის, იყო ერთ-ერთი კატალიზატორი კიევში დაწყებული სისხლიანი არეულობებისა, რასაც გასულ კვირაში რუსეთის მხარდაჭერილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან გაძევება მოჰყვა.
ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკი დასავლეთს აბრალებს იმას, რომ სწორედ ის იდგა იანუკოვიჩის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების უკან. ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები მსგავს ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ქერიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი თავად აჯანყდა „კლეპტოკრატიის“ წინააღმდეგ და დასძინა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ზოგიერთმა ელემენტმა რუსეთში ურჩია იანუკოვიჩს ოპონენტებთან მკაცრად გამკლავება.
„ვფიქრობ, რომ გარკვეულ დონეზე რუსეთს არ აქვს შეხება იმასთან რაც იქ ადგილზე ხდება“, თქვა მან. „ჩემი აზრით, იანუკოვიჩი ზოგიერთმა ადამიანმა ერთგვარად წაახალისა რათა ძალიან ხისტი პოზიციისთვის მიემართა“.
foreignpress.ge