პრემიერმინისტრი ნატოს წევრობას უმიზნებს

პრემიერმინისტრი ნატოს წევრობას უმიზნებს

საქართველოს პრემიერმინისტრს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს მისი ქვეყნის დასავლური კურსი, გაზარდოს ეკონომიკური კავშირები ევროკავშირთან და საბოლოო ჯამში გაწევრიანდეს ნატოში, მაგრამ ის წუხს რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე, რომელიც ცდილობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მოსკოვის წიაღში დააბრუნოს. 

„ჩვენი ევროპული არჩევანი მტკიცეა“, უთხრა ღარიბაშვილმა ინტერვიუში Washington Times-ს სამშაბათს. 

ვაშინგტონმა საქართველოს დასავლურ ამბიციებს ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა, რადგან რუსეთი თავის სამეზობლოში კუნთებს ათამაშებს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ბ-ნი ღარიბაშვილის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს „ურყევი მხარდაჭერა“ გამოუცხადეს საქართველოს ლიდერთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე, განაცხადა თეთრმა სახლმა. 

ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ობამას ადმინისტრაციის სახელით გაამხნევა საქართველო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე ამ წლის ბოლომდე, რომელიც გააღრმავებს ვაჭრობას და თანამშრომლობას ევროკავშირთან. 

თუმცა, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არ არის „ერთგვარი თამაში ნულოვანი საწყისით დასავლეთს და აღმოსავლეთს, ან ჩვენ და რომელიმე სხვა მხარეს შორის“. 

საქართველო, უკრაინის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, დასავლეთს და რუსეთს შორის საჯილდაო ქვად იქცა.

უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვა ევროკავშირთან სავაჭრო და თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე რუსეთისგან დაპირებული 15 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, ქვეყანა არეულობამ მოიცვა და გასულ კვირაში იანუკოვიჩის დამხობით დასრულდა. 

„იმედი მაქვს, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ ევროპულ არჩევანს“, თქვა ღარიბაშვილმა უკრაინაზე. 

ის მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული იმაზე, რომ უნდა საქართველოს გარდაქმნა „რეალურ დემოკრატიულ, დასავლურ და თანამედროვე ქვეყნად“, და ამბობს, რომ კვლევების თანახმად საქართველოს მოსახლეობის 85% ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს. 

მაგრამ იმავდროულად ღარიბაშვილს სჯერა, რომ კარგი ურთიერთობა დასავლეთთან და რუსეთთან ერთმანეთს არ გამორიცხავს. 

მისი მთავრობა ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას მოსკოვთან (რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა) და იმავდროულად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ენერგიულ დიპლომატიურ კამპანიას აწარმოებს.

„ეს არის საქართველოს გზა... ჩვენ გვჯერა რომ ეს შესაძლებელია“, თქვა მან. 

პოლიტიკურმა არეულობამ უკრაინაში ერთგვარი გადაუდებლობის ელფერი შესძინა საქართველოს ევროკავშირი გაწევრიანების კამპანიას. 
ბ-ნმა ღარიბაშვილმა სამშაბათს, ატლანტიკურ საბჭოში თქვა, რომ უკრაინის დრამატულმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად გადაუდებელი აუცილებლობაა ევროკავშირისათვის გასცეს „მკაფიო დაპირება წევრობაზე“ ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო. 

ვიდრე ეს არ მოხდება, „უკრაინის მსგავსი კრიზისი ისევ და ისევ გამეორდება“, თქვა მან. 

„დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ საგარეო პოლიტიკაში ფასეულობებზე უარის თქმა შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს, არამხოლოდ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არამედ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას“, დასძინა მან.

შეკითხვაზე, ხომ არ უბიძგებს რუსეთს მოსკოვის მხარდაჭერილი მთავრობის დამხობა უკრაინაში იმისკენ, რომ თავს დაესხას მეზობლებს, ღარიბაშვილმა The Times-ს უპასუხა: „არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით“. 

ბ-ნმა ღარიბაშვილმა ილაპარაკა რუსეთის ქმედებებზე გამოყოფილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ტერიტორიაზე, როგორც დასტურზე რუსეთის პროვოკაციებისა საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ფონზე. 

საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წელს ომი გაჩაღდა, როდესაც რუსეთის არმია ჩაება კონფლიქტში საქართველოსგან გამოყოფილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე აჯანყებულების მხარდასაჭერად. თბილისმა და მოსკოვმა დიპლომატიური კავშირები გაწყვიტეს. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად; ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - არა. 

დეკემბერში, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რუსეთის მთავრობამ აფხაზეთში მავთულხლართების გაბმა დაიწყო. რუსეთის მთავრობის განმარტებით, ეს იყო დროებითი ზომა უსაფრთხოების ბუფერული ზონის გაფართოებისათვის სოჭის ირგვლივ, რომელიც აფხაზეთის მეზობლად მდებარეობს. მაგრამ, ღარიბაშვილის თქმით, რუსეთმა განაახლა 30 მილის მანძილზე მავთულხლართების გაბმა სამხრეთ ოსეთის ირგვლივ თამაშების დასრულების შემდეგაც, გასულ კვირაში. 

„ჩვენ მათი მხრიდან მთელ რიგ პროვოკაციებს ვაწყდებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, თქვა ღარიბაშვილმა. 

„ამის გარდა, რუსეთს არ გააჩნია ბევრი ეკონომიკური ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ნაკლებად ვართ დამოკიდებული მათზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათ შეიძლება გააძლიერონ ზეწოლა, შეიძლება გამოიყენონ გარკვეული ბერკეტები, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ბევრი ბერკეტი ჩვენს ქვეყანაში“, დასძინა მან.
საქართველოს კავშირები რუსეთთან ნელ-ნელა უმჯობესდება მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ივანიშვილი გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გასული წლის ნოემბერში და ბატონი ღარიბაშვილი ამ პოსტზე საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა.

31 წლის ღარიბაშვილი ყველაზე ახალგაზრდა დემოკრატიულად არჩეული ქვეყნის მეთაურია მსოფლიოში.

1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ის 9 წლის იყო. მის სახლში არც გაზი იყო და არც შუქი. ასე რომ, იძულებული იყო სანთლის შუქზე ემეცადინა. „ქვეყანაში წყვდიადი სუფევდა“, ამბობს ის.

დღეს ღარიბაშვილი ძალისხმევას არ იშურებს რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებისათვის. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მან სპეციალური წარმომადგენელიც დანიშნა, ხოლო მოსკოვის მიერ ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე (ღვინო, მინერალური წყლები და სასოფლო-სამეურნო ნაწარმი) ემბარგოს მოხსნის შემდეგ, რუსეთში ქართული ექსპორტის მოცულობა სამჯერ გაიზარდა.

ამასობაში კი, საქართველო იმედებს ამყარებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე სექტემბერში უელსში დაგეგმილ სამიტზე.

2012 და 2013 წლებში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. გარდა ამისა, საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.

როგორც ბ-ნი ღარიბაშვილი ამბობს, საქართველომ გაააკეთა ყველაფერი, რასაც მისგან მოელიან.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ჩავაბარეთ ეს გამოცდები. ახლა მათი ჯერია“, თქვა მან „ახლა ალიანსზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს ის ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს, რომელიც აშკარად სახეზეა“. 

foreignpress.ge