მიხეილ სააკაშვილი: ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის კორუფციით ამაყობდა

მიხეილ სააკაშვილი: ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის კორუფციით ამაყობდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დამხობილ პრეზიდენტს "არანაირი მორალი არ გააჩნდა" და თანამდებობას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებდა. 

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, იანუკოვიჩი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან თავისი კორუმპირებულობით ტრაბახობდა.

იანუკოვიჩი, რომელიც წინა „უიქენდზე“ გაიქცა უკრაინიდან და ახლა სავარაუდოდ ყირიმში იმალება, ცნობილი იყო მისი მაფიოზური მისწრაფებებითა და ფულის დიდი სიყვარულით. ფულისადმი მისი დიდი ინტერესი წინა კვირას, მისი მდიდრული სახლის საჯაროდ გახსნისას გამომზეურდა.

სააკაშვილის ვერსიით, უკრაინის ლიდერი საკუთარი გადამეტებული ძალაუფლებით თვრებოდა. სააკაშვილი 2004 წლიდან შარშან ნოემბრამდე საქართველოს პრეზიდენტი გახლდათ და იანუკოვიჩს სხვადასხვა საკითხებზე რამდენჯერმე შეხვდა.

მან ერთი კონკრეტული ინციდენტი გაიხსენა, როდესაც 2011 წლის გაეროს სხდომაზე ნიუ-იორკში იანუკოვიჩი სააკაშვილისა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ლიდერების წინაშე თავისი კორუმპირებული მთავრობის მუშაობით ტრაბახობდა. 

"ის ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა იმის შესახებ, როგორ ქრთამავდა კონსტიტუციური და უზენაესი სასამართლოს წევრებს", განაცხადა სააკაშვილმა თავის ინტერვიუში უკრაინის დედაქალაქში, სადაც ის იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ უკრაინული ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, "სულაც არ ანაღვლებდა, ვისთან ლაპარაკობდა ამას. ამ ადამიანს არანაირი მორალი არ გააჩნია".

სააკაშვილმა თქვა, რომ იანუკოვიჩი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიდერებისაგან, მათ შორის ცენტრალური აზიის სასტიკი და კორუმპირებული დიქტატორებისგანაც კი გამოირჩეოდა. "სხვა ცინიკოსი ლიდერებიც არსებობენ, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ საკუთარი მანკიერებებზე ხმამაღლა ილაპარაკონ. არ მიკვირს მისგან ის, რასაც სჩადიოდა - მე ის მანცვიფრებს, თუ როგორ ღიად საუბრობდა ამ ყველაფრის შესახებ".

მისი განცხადებით, იანუკოვიჩს სიამოვნებას ანიჭებდა საკუთარ კორუმპირებულ სამთავრობო და სასამართლო სისტემაზე საუბარი. "ის დაწვრილებით მიყვებოდა სისხლის სამართლის საქმეების შესახებ თავის ქვეყანაში. ის ყველა მცირე დეტალს გადმოგვცემდა და შეპყრობილი და მოხიბლული იყო იმ ფაქტით, რომ სასამართლო პროცესების კონტროლი შეეძლო. ეს ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს ახასიათებთ და გარდა ამისა საბჭოთა მენტალობის ნიმუშს წარმოადგენს: სტალინი ყველა მნიშვნელოვანი საქმის ვერდიქტს თვითონ აწერდა ხელს".

სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩი განსაკუთრებით ყოფილ პრემიერმინისტრ იულია ტიმოშჩენკოს (რომელიც წინა კვირის გამოვიდა ციხიდან) ემტერებოდა. მას 2011 წელს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ბევრის აზრით, იანუკოვიჩის პირადი შურისძიება გახლდათ.

"მას ძალიან უცნაურად ჰყავდა აკვიატებული იულია", განაცხადა სააკაშვილმა, "მისი აზრით, ტიმოშჩენკოს ციხიდან გამოსვა მას პრობლემებს შეუქმნიდა. ევროპელი პოლიტიკოსები მეუბნებოდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და რომ იულიას ციხიდან გამოუშვებდნენ, რაც ძალიან მეეჭვებოდა. აშკარა იყო რომ იანუკოვიჩი თავისი ნებით მას არასოდეს გამოუშვებდა".

სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა და რამდენიმე წარმატებული რეფორმა გაატარა, რის შემდეგაც მისმა პარტიამ პოპულარობა დაკარგა და 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა. ის კიევში ჩავიდა, დამოუკიდებლობის მოედანზე სიტყვა წარმოთქვა და უკრაინელებს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ის შავ სიაში შეიყვანეს და უკრაინაში შესვლა აუკრძალეს, თუმცა იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ კვლავ მიიპატიჟეს.

ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ გამოვიდა სიტყვით დამოუკიდებლობის მოედანზე და შეხვდა მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ორ მთავარ ფავორიტს, ვიტალი კლიჩკოსა და იულია ტიმოშჩენკოს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორივე კანდიდატს მოგების კარგი შანსი გააჩნია.

მან თქვა, რომ არანაირად არ თანაუგრძნობდა იანუკოვიჩს და მისი მკვეთრად უარყოფითი პორტრეტი დახატა - თქვა, რომ იგი ყოველთვის მზად იყო ახალი გარიგებებისა და დამატებითი შავი ფულის შოვნისათვის. "ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტი არ იყო და ოპოზიციის ლიდერი გახლდათ, ჩვენ უკრაინელებისაგან სამთავრობო მიზნებისათვის თვითმფრინავის შეძენა გვინდოდა, მაგრამ ის კონკრეტული მოდელი, რომელიც ჩვენ გვსურდა, უკრაინელებს არ აღმოაჩნდათ. როდესაც მას შევხვდი, შემომთავაზა პირადი გარიგებით მისგან მეყიდა ეს თვითმფრინავი. მითხრა, რამდენიმე ასეთი მყავსო".

იანუკოვიჩი ახალგაზრდობაში ორჯერ იჯდა ციხეში წვრილმანი დანაშაულისათვის და სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის ყოფილი ლიდერი მას ძალიან აგონებდა გვიანდელი საბჭოთა პერიოდის ე.წ. "კანონიერ ქურდებს". "ჩემს ახალგაზრდობაში ბევრ ასეთ კრიმინალს ვხედავდი", განაცხადა მან, "და ის ნამდვილად მახსენებდა ზოგიერთ ასეთ ადამიანს ჩემი ბავშვობიდან".


foreignpress.ge