ანტისაბანკო მოძრაობა „დაიკავე საქართველო“ აქციებით დაკავდება

ანტისაბანკო მოძრაობა „დაიკავე საქართველო“ აქციებით დაკავდება

მოძრაობა „დაიკავე საქართველო“ აქციების განახლებას გეგმავს. 8 თვის წინ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია აქტიურ პროტესტზე გადადის, რადგან ამჩნევს, რომ მთავრობა კვლავ უმოქმედოა. ამ დროს კი 75 ათასზე მეტი ოჯახი ყოველ დღე გამოსახლებას ელოდება.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე აცხადებს, დადგა დრო, როდესაც ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოებამ სხვადასხვა სახით პროტესტი გამოხატოს. კვლავ გადაუწყვეტელ საკითხად რჩება ბანკებისაგან და კერძო იპოთეკარებისგან დაზარალებულთა პრობლემები. ორგანიზაციას დღეში 10-მდე დაზარალებული მიმართავს, თუმცა სანამ რადიკალური პროტექტის ფორმების მიმართავდნენ, ხელისუფლებასთან ხელახალი კომუნიკაციის დამყარებას შეეცდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არსებული პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზებს არ გამოძებნის, ანტისაბანკო მოძრაობა აქციებს განაახლებს.

კაკაბაძე მთავრობას გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებას და დაბალპროცენტიან კრედიტებს სთხოვს. მისი თქმით, გამოსახლების პროცესი გრძელდება და ამ დროისთვის ბინების დაკარგვა 75 ათასზე მეტ ადამიანს ემუქრება. კაკაბაძე აპირებს პარლამენტს არსებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების მოთხოვნით მიმართოს.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე „ანტისაბანკო“ მოძრაობის ხელმძღვანელის მიდგომებს არ იზიარებს. ვახტან ხმალაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კერძო იპოთეკარების და ბანკების დაზარალებულთა საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა პრობლემაა მისი მოგვარებაც.

ხმალაძის თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მთავრობას შეეძლო, კერძო იპოთეკარებისთვის რეგულაციების დაწესება და მათთვის საპროცენტო ზედა ზღვარის დადგენაა. რაც შეეხება იძულებითი აღსრულების საკითხს, ამ შემთხვევაში, დეპუტატის თქმით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას იძულებითი მართვა, თუმცა ვერც ეს ხსნის პრობლემას. ხმალაძის განცხადებით, სახელმწიფო მოქალაქეებს ვალს ვერ დაუფარავს და ვერც კერძო ბანკებს აიძულებს დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფას.

დეპუტატი მთავრობის ჩარევით სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა იციან პრობლემის შესახებ, სესხების ამღებთა რიცხი დღითი დღე იზრდება.

ეს მართლაც ასეა, სტატისტიკაც ადასტურებს. კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2013 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 6.1 პროცენტით, ანუ 603.5 მლნ ლარით გაიზარდა და 2014 წლის პირველი იანვრისათვის 10.5 მლრდ ლარი შეადგინა.

2013 წლის დეკემბრის განმავლობაში 4.9 პროცენტით, ანუ 220.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობაც და 4.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ბანკებს სესხებისთვის სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს.

მოძრაობა „დაიკავე საქართველო“ 2013 წლის ივლისში დაფუძნდა და მაშინვე ხმაურიანი აქციები მოაწყო. გარდა დაზარალებულებისა, მათ მხარი დაუჭირა პროფკავშირებმაც. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ორი წლით მორატორიუმი გამოაცხადებინა და შეექმნა კანონი, რომელიც დაზარალებულებს საშუალებას მისცემდა არ დარჩენილიყვნენ საკუთარი სახლების გარეშე.

რა თქმა უნდა, აქედან ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა. არათუ 2-წლიანი, არამედ პარლამენტმა უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული 6-თვიანი მორატორიუმიც კი არ განიხილა და ბანკებს კვლავ მისცა ძველებურად მოქმედების საშუალება.

ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ უსახლკარობის პრობლემა საქართველოში 20 წლის წინ ნამდვილად არ იდგა და ნაციონალების ცხრაწლიანმა მმართველობამ ბანკები ენერგიულად მოქმედ მახინჯ სისტემად ჩამოაყალიბა. ამიტომაც ეს ბანკები ყოფილი ხელისუფლებისთვის სასურველ მიზნებს ასრულებდნენ, ადამიანების უსახლკაროდ დატოვება კი სწორედ მათი ერთ-ერთი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი იყო.

დღეს კი უკვე ახალი ხელისუფლების პრობლემად იქცა ბანკები. თანაც, ისინი თავისი სტრუქტურითა და კანონმდებლობით ისეთია, რომ არ მისცემენ ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების საშუალებას. შესაბამისად, მთავრობა ვალდებული იქნება ბანკების მოუთოკავ სურვილებს მუდმივად ანგარიში გაუწიოს.