„ჩვენ გვაქვს საოცარი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც ასე სწრაფად მიიწევს წინ დემოკრატიისაკენ, ამყარებს ეკონომიკურ კავშირებს და რომელსაც სათავეში უდგას ძალიან ახალგაზრდა კაცი, რომელმაც კარიერა დაიწყო 23 წლის ასაკში. სრულიად ყმაწვილი კაცია - 31 წლის“, - განცხადა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც „საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეზოლუციის“ ინიცირება მოხდა.
ვაშინგტონში ორმა გავლენიანმა, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენმა პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართეს.
„მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რაც, ჩემი აზრით, გზას გაუხსნის ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ხელშეკრულება ქვეყანას დაეხმარება რეფორმების პროცესის კონსოლიდაციასა და დაჩქარებაში, ასევე გააძლიერებს საქართველოს სუვერენიტეტს და მოიტანს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდის კუთხით. ევროკავშირის მსგავსად, ლოგიკურია, რომ საქართველომ შემდეგი ნაბიჯი გადადგას ნატოსკენაც. სწორედ ამიტომ, მე და ბატონმა პომ წარვადგინეთ რეზოლუცია, რომელშიც დადასტურებულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სამომავლო გაწევრიანება ნატოში. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტი ობამასადმი და მოკავშირეებისადმი, მიანიჭონ საქართველოს მაპი, წელს უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.
ამ რეზოლუციის წარდგენის დრო არ არის შემთხვევითი. ერთი თვალის შევლებაც კი კმარა მსოფლიოსთვის, კერძოდ უკრაინისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ახალგაზრდა დემოკრატიებისათვის. სოჭის ოლიმპიური თამაშები დასრულდა და ახლა მეტად მნიშვნელოვანია აშშ-მა მკაფიოდ და არაორაზროვნად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. გპირდებით, რომ ვითანამშრომლებ კონგრესმენ პოსთან და კონგრესის სხვა წევრებთან, რათა დავარწმუნოთ მოკავშირეები, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის მაპის მისაღებად“. - აცხადებს კონგრესმენი უილიამ კიტინგი.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია“ - ასე ჰქვია რეზოლუციას, რომელიც 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას გულისხმობს.