ოლიმპიადის დასრულებისთანავე რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების განახლებას შეუდგა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, მავთულხლართების გაბმის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლონ.
„მინდა, მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლოს ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გართულებისკენ. მავლთულხლართების გაბმა ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის შენარჩუნება.
ასევე მინდა, მივმართო რუსეთს - ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთი დარღვევა. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა მოიცალოს ამ საქმისთვის, რადგან მავთულხართების გაბმა ხდება იმისთვის, რომ არ მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რა ქმედითი ღონისძიებები შეიძლება გაატაროს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რა ბერკეტები არსებობს რუსეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ, ამ თემაზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გვესაუბრება.
ბატონო ირაკლი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დღეებში მორიგი განცხადება გაავრცელა. განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას თანადგომა მოსთხოვა. რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს?
- ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ამ კითხვაზე, არსებობს 2008 წლის აგვისტოს ცნობილი შეთანხმება, რომელიც რუსეთმა ელემენტარულად, უნდა შეასრულოს. იგი არ ასრულებს ამ შეთანხმებას და არა მხოლოდ არ ასრულებს, ამ შეთანხმების ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოდაც კი ცნო, რითაც ამ კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი ჩიხში შეიყვანა.
საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პრინციპულად უნდა მოსთხოვოს ამ ვალდებულების შესრულება, რაც ნიშნავს ოკუპირებილი ტერიტორიის დეოკუპაციის დაწყებას და საშუალების მიცემას ქართველი აფხაზი და ოსი ხალხებისათვის, თვითონ მოძებნონ საერთო ენა და გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. თუ ზოგადად ჩამოვაყალიბებთ საკითხის გადაწყვეტის ამ პრინციპებს, ეს გახლავთ სწორედ ასეთი ფორმულა.
ცნობილია საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებები, რომელიც აღშფოთება-შეშფოთებას გამოხატავს ძალიან ხშირად და რომელსაც რუსეთი, თითქმის, არ ითვალისწინებს...
- გასაგებია, რომ ასეთი განცხადებები არასაკმარისია იმისათვის, რომ რეალური ეფექტი მოჰყვეს. ქმედით ღონისძიებებში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ რაიმე სამხედრო, ძალოვან ან მსგავს ქმედებებს - საუბარია პრინციპული პოზიციის დაკავებაზე.
რაც შეეხება ევროპასა და კერძოდ, ევროკავშირს, ეს არის ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციის შემუშავება და გამოხატვა გამონაკლისის გარეშე ყველას მიერ - ამგვარი ერთსულოვნება ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ამისი მაგალითები არსებობდა და არსებობს. ეს არის ის, რაც დღეს სჭირდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს იმისათვის, რომ მშვიდობამ და სიწყნარემ დაისადგუროს.
პრაქტიკაში თუ გახსენდებათ მაგალითები, როდესაც მსგავს სიტუაციაში რუსეთმა უკან დაიხია?
- ყველამ იცის, რომ არსებობდა უზარმაზარი მონსტრი, რომლის ურყევობაში და სიმტკიცეში ეჭვი არავის არ ეპარებოდა და ერთ დღეს ეს მონსტრი დაიშალა შემადგენელ ნაწილებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდა, განსაკუთრებული გაკვირვება არავის გამოუხატავს მათგან, ვინც შინაგან პროცესებს აკვირდებოდა ამ სტრუქტურაში.
რუსეთს თავისი უამრავი შიდა პრობლემა აქვს, ჩრდილოეთ კავკასია, დემოგრაფია, ეკონომიკური განვითარების შესუსტება და ა.შ. ამიტომ, სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ამგვარ პრობლემებს უნდა მიხედოს. ადრე თუ გვიან, ეჭვი არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლებაც მიხვდება ამ ელემეტარულ ჭეშმარიტებას.
თუმცა, პუტინსა და გორბაჩოვს შორის ალბათ არის სხვაობა. პუტინის მანიპულირება არის შესაძლებელი, გამომდინარე დღეს მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით?
- არ არის ადვილი, იმ ტიპის პოლიტიკური მოღვაწეა, რომელსაც საკმაოდ სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირს მასზე ბევრად უფრო ურყევი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები მართავდნენ. მიუხედავად ამისა, კომუნიზმის ეს საყრდენიც ჩაბარდა ისტორიას, ისე როგორც მრავალი სხვა. რუსეთს, დარწმუნებული ვარ, არ სურს ამ ბედის გამეორება. არც ჩვენ გვინდა, რომ ასე მოხდეს, რადგან მისი დაშლა და დესტრუქცია ბევრ პრობლემებს შეუქმნის მეზობლებსაც. საჭიროა ბევრად უფრო ცივილიზებული დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებთან. იმედია, რუსეთში ასეთ დასკვნას გააკეთებენ.
რამდენადაც ცნობილია ამერიკელი ნეოკონსერვატორების იდეაა დაშლილი რუსეთი...
- იდეის სახით არა, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის სახელმწიფო ერთიანობა შეიძლება შეირყეს იმ პრობლემების გამწვავების გამო, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ. არც საბჭოთა კავშირი დაუშლია ვინმეს გარედან. ის ისტორიას ჩამოცილდა იმ შინაგანი, მასში გენეტიკურად ჩადებული პრობლემების გამო, რაც მის პოლიტიკურ ეკონომიკურ და სოციალურ წყობას ახასიათებდა.
ანუ არსებობს ბერკეტები, რომელიც რუსეთს საკუთარ პრობლემებზე დააფიქრებს?
- რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ ის კეთილგოინიერად მოიქცეს, შესაძლებელია. საერთაშორისო თანამეგობრობას ასეთი ბერკეტები გააჩნია. უბრალოდ, მან თვითონ უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია რუსეთზე ზემოქმედება და ისე უნდა გადადგას ეს ნაბიჯები. სამწუხაროდ, რუსეთთან სათანადო ენაზე საუბარი დასავლეთის ბევრმა წარმომადგენელმა დღემდე ვერ ისწავლა. ესეც რეალობაა და ეს უდავოდ უნდა გამოსწორდეს.
რამდენიმე კვირაა საქართველოში პუტინის ერთ ფრაზას განიხილავენ, როდესაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს შესაძლებელია, შეხვედრა შედგეს. უკვე განიხილება რაზე შეიძლება ისაუბრონ მარგველაშვილმა და პუტინმა. მავთულხლართების თემის გააქტიურების შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი ასეთ შეხვედრაზე საუბარი?
- მოდით, რეალობა ობიექტურად შევაფასოთ - მავთულხლართები არ არის დაუძლეველი პრობლემა და ისიც ნათელია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.
ორი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია ერთმანეთთან 2008 წლის აგვისტოდან. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ამ პროცესს წერტილი რომ დაესვას, საჭიროა, როგორც მინიმუმ, მოლაპარაკების პროცესი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა შედგება. როდის, რა პირობებში, დღეს ამაზე საუბარი უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან ასეთი შეხვედრები მოუმზადებლად არ ტარდება.
საქართველოს მთავრობამ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა, სადაც ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი. ამგვარი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, თუკი სათანადო პირობები შეიქმნება და მომწიფდება შედეგი, ამგვარი შეხვედრა შეიძლება შედგეს კიდევაც.
რაც შეეხება შედეგს, თუკი ორივე მხარის სურვილი იქნა და სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, შედეგის მიღება გამორიცხული არ არის. მეტსაც გეტყვით, ადრე თუ გვიან ასეთი შედეგი დადგება. საქმე ის გახლავთ, რა დაჯდება ის, რომ რუსეთმა დაიჯეროს - ასეთი სიტუაციის შენარჩუნება სამუდამოდ, უბრალოდ შეუძლებელია.
მავთულხლართების გაბმა დაიწყო საკმაოდ დიდი ხანია, თუმცა შედარებით გამწვავდა ტონი საქართველოს მხრიდან ამერიკაში მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დადგა დრო, როდესაც ამ თემაზე საუბრის დაწყებისგან რეალურ შედეგს უნდა ველოდეთ?
- ვიზიტი, რომელიც შედგა, რამდენადაც ცნობილია, დიდი წარმატებით მიმდინარეობს და თუ ასევე დიდი წარმატებით დასრულდა, ამას რა თქმა უნდა, თავისი პოზიტიური გავლენა ექნება მოვლენათა დინამიკაზე - რა თქმა უნდა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც.
რაც შეეხება ტონს, ხმამაღალი და მწარედ ნათქვამი სიტყვა ყოველთვის არ ნიშნავს მნიშვნელოვანს და პრინციპულს. საჭიროა მოლაპარაკება, რომლის საფუძველი უნდა იყოს კეთილგონიერება და იმედი მაქვს, რომ ასეთ პროცესს ქართული პოლიტიკური ელიტა, ადრე თუ გვიან, მოახერხებს.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამოყენება თუ არის შესაძლებელი იმისათვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს თუნდაც მხოლოდ მავთულხლართების თემასთან დაკავშირებით?
- იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენებნი რუსეთს ზოგ რამეში მაინც ასწავლის ჭკუას და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ეს ქართულ-რუსული პრობლემის მოგვარებასაც დაეხმარება.
საკმაოდ რთული ისტორიული გზა გვაქვს გავლილი და უკვე კარგად უნდა გვესწავლა, რომ ხელების ჩამოშვების უფლება უბრალოდ, არ გვაქვს.
თუ ნატო-ში შესვლის პროცესი რეალურად დაჩქარდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ქართულ-რუსულ ურთიერთობების მოგვარების გასაღები სწორედ აქ ვეძებოთ?
- ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს. ამაში ვფიქრობ, ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს.