კერძო სკოლებისადმი ინტერესი მზარდია, თუმცა იქ სწავლის დონე არ უმჯობესდება

კერძო სკოლებისადმი ინტერესი მზარდია, თუმცა იქ სწავლის დონე არ უმჯობესდება

კერძო სკოლებში სწავლის დონე გადასახადის შესაბამისი არ არის. ამ მხრივ საჯარო და კერძო სკოლები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებზე ერთნაირი შედეგები აქვთ. მიხედავად ამისა, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე მოთხოვნა მაინც იზრდება და ბოლო 2 წელიწადში მოსაწვლეთა რაოდენობამ 10%-ით მოიმატა.

კერძო სკოლებიადმი ინტერესი ყოველწლიურად მატულობს. საქსტატის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კერძო სკოლებში 70 300 მოსწავლე სწავლობს. გასულ სასწავლო წელს მათი რაოდენობა 66 500 იყო, 2022/2023 სასწავლო წელს კი - 63 700.

პარალელურად, მცირედით იკლებს კერძო სკოლების რაოდენობა. ამჟამად 208 კერძო სკოლა ფუნქციონირებს ქვეყანაში, მაშინ როცა გასულ წელს 2010, ხოლო 2022/2023 სასწავლო წელს 216 იყო. ყველაზე მეტი კერძო სკოლა თბილისში მდებარეობს და მათი რაოდენობა 108-ს შეადგენს. შემდეგ მოდის აჭარა - 25, იმერეთი - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა საჯარო სკოლებშიც. 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 2086 საჯარო სკოლაში 570 400 მოსწავლე სწავლობდა, წინა სასწავლო წელს კი - 567 800.

კერძო სკოლების ასოციაციის გამგეობის წევრის, ავთანდილ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, კერძო სკოლების ბაზარზე ფილიალური სისტემა ყალიბდება. მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ფონზე, ინდუსტრიით მსხვილი საინვესტიციო ფონდები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, რაც რიგი სკოლების გამსხვილებას, ხოლო მცირეების დასუსტებას განაპირობებს.

„არსებული სკოლების დიდი წილი მოდის დედაქალაქზე, ეს არის დაახლოებით 60%, დანარჩენი 40% ნაწილდება რეგიონებში, ეს არის ქუთაისი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქი, სურათი არ არის ერთგვაროვანი.

200-მდე სკოლაა ქვეყანაში, 15 სკოლა დაიხურა, რომლებმაც ვერ გაიარა ავტორიზაცია და ვერ დააკმაყოფილეს სტანდარტი. ამასთან ბაზარზე შემოსულია BGEO კაპიტალი, რომელიც ყიდულობს სკოლებს. მომხმარებლების რაოდენობა მზარდია, თუმცა ბაზარი იცვლება. გაჩნდა ფილიალები, „მწვანე სკოლის, „ბაქსვუდის“, ქართულ-ამერიკულის, ფილიალური სისტემა ყალიბდება. სკოლების ნაწილი ძლიერდება, ნაწილი სუსტდება, რაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა რთული მდგომარეობაა რეგიონებში და გარეუბნებში“, - განაცხადა კერძო სკოლა შავნაბადას დამფუძნებელმა ავთანდაბდუშელიშვილმა.

მიუხედავად კომფორტისა, საჯარო და კერძო სკოლები სწავლის დონით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებზე ერთნაირი შედეგები აქვთ. აკადემიკოსმა ზურაბ ვახანია ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სკოლებში განათლების ხარისხი გადასახადთან შესაბამისობაში არ მოდის და ხშირად ძალიან აცდენილია.

კერძო სკოლებში განათლების ხარისხი ფასზე სულაც არ არის დამოკიდებული. იქ აქცენტი გაკეთებულია ინფრასტრუქტურაზე, დამატებით კლასგარეშე მომსახურებაზე, რაც ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტარიფებიც სწორედ სხვადასხვა ტიპის აქტივობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება, ცოდნას, სწავლა ფასის შესაბამისი არაა. საერთოდ, განათლება საბაზრო პრინციპებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. განათლება მოგებაზე არ უნდა იყოს გათვლილი. თუკი ძირფესვიანად ააწყობ ყველაფერს, ის მოგებას არ დაგიტოვებს. ჩვენთან პირიქითაა. ფასიანი საგანმანათლებლო დაწესებულებები დიდ მოგებას ტოვებენ, რაც იმის ნიშანია, რომ რაღაც კარგად არ კეთდება“ - აღნიშნა აკადემიკოსმა.