ზაზა პაპუაშვილი: „ვანოს ცოლის დანახვაზე ვხარხარებ“

ზაზა პაპუაშვილი: „ვანოს ცოლის დანახვაზე ვხარხარებ“

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრამ ვერ გააქარწყლა ეჭვი - ნუთუ მართლა გააკრიტიკებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მმართველ გუნდს, რომელიც თვითონ შექმნა? ექსპრემიერის არასამთავრობო სექტორში გადასვლის შემდეგ ხომ არ გამოჩნდებიან ახალ-ახალი არასამთავრობოები, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეების სასარგებლოდ მოახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და გაამართლებენ ხელისუფლების ქმედებებს. ამ და სხვა საკითხებზე for.ge მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა:

- აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ადამიანი გაჩნდა ჩვენს რეალობაში. ეს კაცი აზროვნებით და სულიერად ჩემთან ახლოსაა. მომწონს, რომ თავის ქვეყანას, ხალხს პატივისცემით ეპყრობა. უყვარს თავისი სამშობლო. მისი წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივასაც ხედავს. ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი და მართალია, როცა წუხს, რომ საზოგადოებას მოვლენების ჯეროვანი ანალიზი არ შეუძლია.

ქართველები ემოციურები ვართ. ემოციით სახელმწიფოს მართვა კი, დაუშვებელია. სწორედ ეს დაგვანახა ბიძინამ. მან ბევრი ისეთი რამ დაამკვიდრა, რაც იოლად დასანახი არ არის და ჯერ ბევრიც ვერ ხედავს, მაგრამ ამას უნდა ჩაუკვირდე და შეიგრძნობ. პოლიტიკაში ბიძინას მოსვლის მომხრე ვიყავი და როდესაც თქვა, უნდა წავიდეო, ამაშიც მხარი დავუჭირე, რადგან ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სანამ ხელისუფლებაში იყო, ამ კაცს არაფერი მოუტყუებია და ახლა სამოქალაქო სექტროში გადავიდა, რადგან ამ მიმართულებით გვმართებს გაძლიერება. საზოგადოება უნდა გაძლიერდეს და ღირსეული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას შევუწყოს ხელი.

მეტი ავტორიტეტული, განათლებული, ღირსეული და პრინციული ადამიანი უნდა იყოს ჩვენს საზოგადოებაში. აქამდე ყველა ხელისუფლებას ეშინოდა ავტორიტეტების. ავტორიტეტების განსაკუთრებული მიუღებლობა ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომლისთვისაც განათლებული, სუფთა წარსულის ადამიანები საშიშები იყვნენ. არადა სწორედ ასეთი „საშიში “ ადამიანები უნდა მომრავლდნენ, რათა ვერცერთმა ხელისუფლებამ ისე ვერ იჯეჯილოს, როგორც „ნაციონალებმა“ იჯეჯილეს.

ჩვენი თაობა უკვე ძალიან გამოცდილია და ასე იოლად პოლიტიკოსები ვეღარ გაგვაცრუებენ. ხელისუფლებამ ხალხზე არ უნდა იძალადოს, არ უნდა მოატყუოს.

გააკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში თავის მოყვანილ გუნდს?

- გააკრიტიკებს?! ძალიან მაგრადაც გააკრიტიკებს. ბიძინამ ჩვენთან ერთად შექმნა ის ვითარება, რომ ქვეყანაში ძალადობა აღარ არსებობს. საქართველო არ არის დიდი რესურსების მქონე ქვეყანა. მძიმე წლებმა, უშუქობამ, სიდუხჭირემ, გაუნათლებლობამ დიდი დაღი დაგვამჩნია და დიდი რაღაცებით ვერ დავიტაბახებთ. პროფესიონალების ძებნაა საჭირო. საქართველოს მმართველობაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები უნდა მოვიდნენ. ბიძინამ სწორად თქვა - მარტო მეცნიერება და განათლება არ კმარა, კარგი კაცები და კარგი ქალები უნდა მომრავლდნენ.

ჩვენ უკეთესი სახელმწიფოს აშენება გვინდა. ბიძინას გადასვლა არასამთავრობო სექტორში ვინმეს საზიანო კი არა, ამ სექტორის გასაძლიერებლად არის. ეს კაცი სიყვარულისთვის არის მოსული და არა რამის გასაცამტვერებლად. ამას დაინახავთ. ნაციონალური მოძრაობის შექმნილი ან არასამთავრობო სექტორში ჩანერგილი ორგანიზაციები დღესაც მათ იდეოლოგიურ ხაზს აგრძელებენ და ამიტომ ყაყანებენ. იქნებ გვეკითხა, რეალურად ვინ არის ეს ხალხი, რომლებიც ტელეეთერებიდან გველაპარაკებიან და საზოგადოებას მოძღვრავენ. გვეკითხა, ვისგან ფინანასდებიან, ვინ დგას მათ უკან, რა კატეგორიებით და პრინციპებით ხელმძღვანელობენ, რა შეკვეთებს ასრულებენ და არის თუ არა ის შეკვეთა ახლოს საზოგადოების შეკვეთასთან.

გამოდის, რომ ასეთი არასამთავრობოების მხილება მოხდება?

- რატომ არ უნდა მოხდეს? უნდა დავყოთ, ვინ როგორ საქმიანობს ამ სფეროში. უნდა გამოიკვლიონ, ვინ ვინ არის და რას აკეთებს, რადგან არის თემები, რომელზეც ისეთ სახიფათო თამაშებს წამოიწყებენ ხოლმე ეს არასამთავრობოები, რომ გაოგნებული ვარ. ასეთი არ იყო 17 მაისი?! 17 მაისი წელსაც ხომ დადგება. არავისზე ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ემოციასა და ფიქრზე იძალადოს უმცირესობის წარმომადგენელმა. საქართველო გუშინდელი ქვეყანა არ არის. გვაქვს რმენა და უამრავი ტრადიაცია გვაქვს, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ნუ დაგვძრახვენ იმაში, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყოს ის, რაც ზოგ ქვეყანაში წახალისებულია. ასე არ არის, რომ უმცირესი ჯგუფები ძალადობდნენ საზოგადოებაზე. ნუ გვაგებენ პროვოკაციაზე. თორემ ხალხს ყელში ამოუვა ეს თავნებობა.

როგორ შეიძლება, უმცირესი ჯგუფი უმრავლესეობაზე ძალადობდეს?! თავისუფლებას არავინ არავის უზღუდავს, მაგრამ გამოხდომები და ხალხის ნერვებზე თამაში დაუშვებელია. თავისუფლება თუ გინდა, იყავი თავისუფალი და ამას არ სჭირდება არანაირი აღლუმები და ყვირილი - თავისუფალი ვარო. არავინ არის დაძაბულობის და მუშტი-კრივის მომხრე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისეთ პროვოკაციებს ვაწყდებით, არც უმაგისობა უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სხვა შემოსავალი უნდა ჰქონდესო. ჩვენთან კი ძირითადად უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსებული არასამთავრობოებია.

- ადამიანს რომ შემოსავალი აქვს, ეს მის თავისუფლების ხარისხზე მეტყველებს, ხომ? არ უნდა გვეშინოდეს, რომ ვიღაც სექტანტი ან უმცირესი ჯგუფის წარმომადგენელია. გადაღრეცილი ტვინის ადამიანის სულში უამრავი რამ მოხდება. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები რწმენაში, ღირებულებებში, ჩვენს ფიქრში და მაშინ უმცირესობები აღარ იქნებიან საშიშნი.

თუ ვინმე ფულს აიღებს პროვოკაციის მოწყობაში, ესეც გამოჩნდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. როდესაც საქართველოში კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება, ვიღაც გაკოტრდება და საერთოდ წავა სამოქალაქო სექტორიდან, ხელოვნებიდან, პოლიტიკიდან თუ ჟურნალისტიკიდან და ვიღაცები მოვლენ.

პირად საუბარში ბატონმა ბიძინამ ერთხელ მითხრა, ჩვენი უბედურება ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში მონური აზროვნება არსებობდაო. სააკაშვილს მიაჩნდა, რასაც იტყოდა თუ არ შესრულდებოდა, ქვეყანა დაიღუპებოდა და ყველაფერი მისი სურვილისამებრ უნდა გაკეთებულიყო. არ იყო განსხვავებული აზრი, კამათი, პაექრობა და იდეების ჭიდილი. ამ მონურმა აზროვნებამ დაღუპა ეს ქვეყანა.

საქართველოს დღეს ბედნიერება და თავისუფლება ჭირდება და არა დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის განმავლობაში ასე გამწარებულები ვიყავით, ერთი ბოღმა არ მაქვს გულში ჩადებული.

აპატიეთ ჯოჯოხეთური 9 წელი?

- „ნაციონალებს“ არც ნამუსი აქვთ და არც შუბლის ძარღვი. მათ ნათქვამზე უკვე ნერვები აღარ მეშლება. უკვე დავცინი და ამას არც ვმალავ. ეს აბსოლუტურად გაკოტრებული, გამარგინალებული, ავად მოჭიჭყინე ძალაა. უსაფუძვლოა შიში, ვაითუ „ნაციონალები“ მობრუნდნენო. არც ერთი სადავე აღარ უჭირავთ ხელში და როგორ მობრუნდებიან?!

უკმარისობის განცდა მაქვს იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დანაშაულებს სჩადიოდნენ, ისევ თანამდებობებზე არიან და წინაურდებიან კიდეც. ეს არ მომწონს, მაგრამ ამაშიც არის ლოგოკა, ოღონდ - გარკვეულ ეტაპამდე. ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი მშვიდობაა. ქვეყნის განვითარებისთვის მშვიდი გარემოა აუცილებელი, სიმშვიდე სჭირდება ინვესტიციასაც.

უპირველესი, კეთილდღეობა და სამუშაო ადგილების გაჩენაა და არა ანგარიშსწორება. ეს სიბრძნე ახლავს ამ გადაწვეყილებას, რომ არ ხდება „ნაციონალებზე“ ანგარიშსწორება.

ანგარიშსწორება მიუღებელია, მაგრამ პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანები დაილია, „ნაციონალებსრომ აწინაურებენ?

- ამის გაგება და მიღება მიჭირს. არ ვამბობ, რომ ჩემიანი უვიცი დაინიშნოს სადმე, მაგრამ ხომ არიან კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები!

მათ რატომ ვერ ხედავენ?

- ისე არ არის, რომ ვერ ხედავენ... პროკურატურაში და სხვაგან ახალი სისხლი უკვე შედის. ბეწვის ხიდზე გავდივართ. წარმოგიდგენიათ რამდენ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა? ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეიცვლება. მეც ხალხის ნაწილი ვარ და მათსავით ბევრი გულისტკივილი მომაყენეს, მაგრამ დაბოღმვა და ერთ ადგილზე გაყინვა არ ივარგებს. ისედაც ძალიან ჩამოვრჩით. თუ ფიქრებით და აზროვნებით ჩამოვრჩებთ მთლად დავიღუპებით. ქვეყნის წინსვლას სამართლიანობის აღდგენა ხელს არ უშლის. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, რესურსები, მსოფლიო ვითარება და ჩვენი ძალა. ნუ მოვკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რასაც ვერ ავჭევთ. ამიტომაც ახლა უფრო ერთმანეთთან ხელჩაკიდებული დგომა სჯობს. შტერ „ნაციონალებზე“ ლაპარაკს მირჩევნია ქვეყნის პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ, რათა ქვეყანას სახსარი გაუჩნდეს.

უმრავლესობის ზოგიერთ წერსნაციონალებისმეორე ძალად შენარჩუნება და სააკაშვილის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება მიაჩნია ჩვენი დემოკრატიულობის საზომად...

- ვერც დეპუტატი, ვერც პრემიერი და ვერც პრეზიდენტი რეცეპტს ვერ გამოწერს, რომელი ძალა იყოს პირველი და რომელი - მეორე. ეს არჩევნებზეა დამოკიდებული და ხალხზე. არ მგონია, რომ თუ ადეიშვილს, კეზერაშვილს და სააკაშვილს დავიჭერთ მსოფლიო გაგვიბრაზდება. ასეთი მსჯელობა მიუღებელია ჩემთვის. არც ზოგიერთის აზრს ვიზიარებ, რომ სააკაშვილს საქართველოზე დიდი რეიტინგი ჰქონია. ასე რომ იყოს, ამ ქვეყანაში მე რა ჯანდაბა მესაქმებოდა.

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტების გაკრიტიკება არ მოუწონ...

- იმას გულისხმობთ, რომ „რუსთავი 2“ უთხრა, უნიჭო ტელევიზია ხართო და მისმა დირექტორმა ეს გააპროტესტა? ქართველ ხალხს დიდი მახსოვრობა აქვს და როცა „რუსთავი 2“-ის დირექტორი ასე ლაპარაკობს, ხალხს ახსენდება ვისი მფარველობით არსებობდა ეს ტელევიზია და როგორ ფინანსდებოდა, რა ღირს მათ ბადეში ერთი სარეკლამო წუთი. კაი ბიჭი იყავი და თუ „რუსთავი 2“-ზე არ მიიტანდი რეკლამას, რა ბედი ელოდა შენს ბიზნესს. ხალხს ახსენდება, როგორ არ ანაღვლებდა „რუსთავი 2“-ს, როდესაც მათ კოლეგებს, ჟურნალტებს სცემდნენ, როგორ დუმდა ეს ტელევიზია იმ უბედურებებზე, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ამის მერე თურმე აღარც უნდა გავაკრიტიკოთ. რომელ ნიჭიერ გუნდზე ლაპარაკობს „რუსთავი 2“-ის დირექტორი, როდესაც ეს ტელევიზია ტყუილს უკეთებს ტირაჟირებას. უნიჭობა სწორედ ტყუილის ლაპარაკია და მათი დირექტორის დემაგოგიურ არგუმენტებს „აღარავინ ჭამს“.

როცა სიტყვის თავისუფლებას უნდა ემსახურებოდე და ამ დროს გამუდლებით იტყუები და შენი პოზიცია მავნებლობასთან ახლოა, უნიჭობაა, აბა რა. ესაა სწორედ უნიჭობა, თორემ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია პერსონიფიცირება. შეიძლება არიან „რუსთავი 2“-ზე პროფესიონალები, რომელთაც კარგი საქმის კეთება უნდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ამ ხალხს ვერ ვხედავთ.

წინა ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები მიჩვეულნი იყვნენ, რომ არავინ აკრიტიკებდა და ბიძინა ივანიშვილის შეფასება ეხამუშათ. ნიკა გვარამია, როდესაც თავის გუნდის ნიჭიერებაზე ლაპარაკობს, გადახედოს თავის შემოქმედებით ნაწილს გადახედოს: თოქშოუების ხარისხს, საინფორმაციო გამოშვებებს და ფილმებს, რომლებიც ამ ტელეკომპანიის ეთერში გადის. კარგია ხელისუფლების მფარველობა, მაღალი ხელფასები, ტელევიზიაში რომ არავინ შემოგივარდება და ძირს არ დაგაგდებს, 5 მილიონ ვალს რომ გაპატიებენ და არავინ დაგჩაგრავს, იმის ნაცვლად რომ გაჩუმდნენ და კეთილსინდისიერად იმუშაონ, კიდევ გველურად ლაპარაობენ და სწყინთ რომ მათი საქმეები გვახსოვს. სრულად ვიზიარებ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას „რუსთავი 2“-სადმი.

ორი კვირის წინ ქართული საზოგადოება ძალზე დაძაბული იყო გეგუთის მოლენების (პატიმრობის შიმშილობის) გამო. ისე ხომ არ არის, რომ ძალიან ბევრს ითხოვენ ახალი ხელისუფლებისაგან?

- მართლაც ბევრს თხოვენ დღევანდელ ხელისუფლებას. სააკაშვილის მმართველობის დროს ციხიდან ცხედრები გამოჰქონდათ და გარდაცვლილების პატრონებმა არაფერი იცოდნენ. ახლა ყველაფერი, და მათ შორის ინფორმაცია, ხელმისაწვდომი გახდა. სააკაშვილის დროს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა, ციხეები რომ დაათვალიერა, თქვა, შემზარა ციხის სიჩუმემ. არცერთი ქვეყნის ციხეში ასეთი სიჩუმე არ არის როგორიც თქვენთანო. მოგეხსენებათ, რატომაც იყო სააკაშვილის ციხეში სიჩუმე. ციხიდან გამოსული ადამიანები კარგა ხანს ჩუჩულით ლაპარაკობდნენ და თავიდან ისწავლეს ლაპარაკი... დღეს კი ყველაფერი ღიაა და ინფორმაციას ყოველთვის მიიღებ. გეგუთთან დაკავშირებით საპანიკო ვერაფერი დავინახე. ხელისუფლება ყველაფერს აკონტროლებს და თანაც ძალიან კარგად.

ვიყავი გეგუთის ციხეში და პატიმრებს ვესაუბრე. უნახავთ პატიმრებს აქამდე დეპუტატი? რამდენი დეპუტატი შედის ახლა ციხეში მათი პრობლემების მოსასმენად? უმადურობა არ შეიძლება. სააკაშვილის რეჟიმმა რომ 30 წელი მოგისაჯა და ახლა ამნისტია შეგეხო და სასჯელი გაგიმესამედდა, 30 წლის ნაცვლად 2 ან 3 წელი რომ დაგრჩა მოსახდელი, კიდევ უმადური ხარ? ზოგს ისეთი მუხლები მიაწება წინა ხელისუფლებამ, უცებ ვერ გაუშვებ ციხიდან. პატიმარს და მის მშობელს რომ ჰკითხო, ყველა მსჯავრდებული მართალია, მაგრამ ასეა? ერთი ციხის უფროსი იქნება დამნაშავე, პატიმრები კი - მართალი. არასწორია ციხიდან ულტიმატუმების შემოთვლა, - ამ მოთხოვნას თუ არ შეგვისრულებთ, ამას და ამას გავაკათებთო. არ შეძლება ასე. სახელმწიფოსთან გაქვს საქმე და როდესაც ასეთი ულტიმატუმებით პროვოკაციას აკეთებ, რეჟიმი გაგიმკაცრდება.

პატიმარი არ უნდა აწამო, ცემაში არ უნდა დაადებილო, ადამიანური რაღაცები არ უნდა აუკრძალო და არ უნდა მოკლა, მაგრამ როდესაც პატიმარს რაღაცების გართულება და ხმაურის ატეხვა გინდა, ისე არ იქნება, რომ ამ დროს სახელმწიფომ ფაფა გაჭამოს. ასეთი ქცევით პატიმრები მხოლოდ რეჟიმს გაიმკაცრებენ. ბალანსის დაცვაა საჭირო. პატიმარი ყველას გვეცოდება, მაგრამ ისედაც არ არის, რომ ციხის კარი გავაღოთ და ყველანი სახლში გავუშვათ. ეს ხელისუფლება რომ არ მოსულიყო, 70 წლის კაცს 30 წელი რომ ჰქონდა მისჯილი, ას წლამადე უნდა მჯდარიყო ციხეში? 30 წლის ნაცვლად 3 წელი რომ დაგრჩა მოსახდელი, ამას გონებით გადახედე.

როგორც მოიქცევიან პატიმრები, ამის მიხედვით გამკაცრდება რეჟიმი. ადამიანს, რომელსაც შეუძლია თვითდაზიანება მიიყენოს, ხორცი მოიჭრას და წინ დაგიგდოს, სხეული დაისეროს, რომ მერე რაღაც დაგაბრალოს, გაუშვებ ციხიდან? არ იფიქრებ, - ესენი საკუთარ თავს და ხორცს არ ინდობენ და გარეთ ვის დაინდობენო? დიფერენციაციაა გასაკეთებელი. მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრები ცალკე უნდა ისხდნენ, ნაკლები დანაშაულის მქონენი - ცალკე. ადამიანს თუ რაღაც წასცდა ან გარემოებების გამო ციხეში აღმოჩნდა, არ უნდა იჯდეს ისეთ პატიმართან, ვისაც ციხიდან გამოსვლაც არ უნდა და იქ ურჩევნია. ვისი გადარჩენაც შეიძლება, უნდა გადავარჩინოთ. საპყრობილეებში დაბალანსებული გარემო უნდა იყოს, მაგრამ არც ჰონორით ლაპარაკი შეიძლება, რადგან პატიმარი ვარ, როგორც ვიტყვი, ისე უნდა მოიქცე, თუ არადა ვიშიმშილებო. ასეთ პატიმრებს კანონი ეუბნება, როცა მათი ქცევა ნორმებს აჭარებს, სახელმწიფოს აქვს უფლება, მკაცრად დაელაპარაკოს და ამაში საისტერიკოს ვერაფერს ვხედავ.

მაგრამ თავისუფლების აღკვეთამნაციონალური მოძრაობის“ „ხერხემალივანო მერაბიშვილიც კი აატირა.

- როდესაც ვანო მერაბიშვილს მოაჯირის მიღმა ვხედავ, ძალიან მომწონს, უხდება. ისიც მომწონს, მისი მეუღლე სასამართლოს გარეთ მიტინგს ატარებს და ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით - „ვეძებ სამართალს“. ეს იცით როგორი დრამატურგიაა? ესენი კიდევ ვერ მიხვდნენ, მათ თავს რაც მოხდა. ვანო „მერსედესით“ და „აუდით“ კი არა, ბადრაგის მანქანით დაჰყავთ სასამართლო პროცესზე. ეს საოცარი კანონზომიერებაა. ნიშნს არ ვუგებ, მაგრამ ლოგიკურია მისი ყოფნა მოაჯირის მიღმა და მისი მეუღლის მიერ სამართლის ძებნა, როდესაც მახსენდება ირინა ენუქიძის გამწარებული სახე და ია მეტრეველის ცრემლიანი თვალები. პლაკატმომარჯვებული ვანოს ცოლის დანახვაზე ვხარხარებ. ეძებოს სამართალი! ძალიან მომწონს ეს დრამატურგია. ამ სურათის დანახვისას არ გახსენდებათ გია კრიალაშვილი და ვანოს ბრძანება - ორი გვამი მომიტანეთო?! აი, ასეთი იყო ამ კაცის დამოკიდებულება ადამიანთან, ქვეყანასთან. არა - მსჯელობა, არა - დარდი, არა - სიღრმეები, მხოლოდ განკარგულება - ორი გვამი მომიტანეთ და პრემია დიდი იქნებაო. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით და აი, ასე წყდებოდა ადამიანების ბედი ამ ქვეყანაში, სადაც წიწილებივით ხოცავდნენ ახალგაზრდებს. ამ ფონზე ვანოს ცრემლები?! აი, დარდი... ვანოს ცემლები ყალბია! არ შეიძლება მისნაირ კაცს გულწრფელი ცრემლი ჰქონდეს. როდესაც მისი ცოლი სამართალს ეძებს, ისეთ სიამოვნებას ვიღებ, მეტი არ შეიძლება.

ხელისუფლება ასწავლიდა, - მეგობარი და მასწავლებელი დააბეზღეო, პრეზიდენტი კი გასართობად ბუჩქებისკენ უთითებდა. „ნაციონალებმა“ ძალიან კარგად იცოდნენ რა ქვეყანასაც აშენებდნენ და რასაც ემსახურებოდნენ. უცხოეთში ვილები აიშენეს, მაღაზიები და რესტორნები შეიძინეს და ხალხს რა? ფეხები. სააკაშვილის ბანდამ ეს ქვეყანა ქალამანივით ამოიცვა და გათელა. ევროპელები ვართო და პირწავარდნილი ბოლშევიკები კი იყვნენ, დემოკრატიის შირმას ამოფარებული მავნებლები. 9 წელი ძარცვავდნენ, ღლეტდნენ და თავზე ასაქმებდნენ ქვეყანას.

როდესაც გიგი უგულავა თანამდებობიდან გადააყენეს, როგორც ადამიანი შეიძლება უნდა შემცოდებოდა, მაგრამ აღარ მეცოდება, რადგან რაც სჭირს, თვითონ დამართა საკუთარ თავს. ჩვენ უფრო პატიოსნები ვიყავით მათთან, ვიდრე თვითონ - საკუთარ თავებთან. ჩვენ ვაფრთხილებდით, იღუპებით და ქვეყანასაც ღუპავთო. ჩვენ სარკე მივუტანეთ, ისინი კი თავს იტყუებდნენ. გიგიმ საკუთარი თავი არ იდარდა, არ გაუფრთხილდა თავის შვილების მომავალს და ჩვენ რას ვიზამდით? კაცს თუ საკუთარ სახლში რემონტის გაკეთება არ უნდა, მე შევუვარდე და კედლების გაშპაკვლა დავიწყო? გიგი მე არ ჩამიგდია ამ დღეში. თვითონ წაიწყმიდა სული, დაიღუპა თავი და ახლა საცოდავ მდგომარეობაშია. მერს რომ ქალაქში არ გაგევლება, კვერცხებს გესვრიან და 50 მილიონის მოპარვას გედავებიან, რა ქალაქის მერი შენა ხარ?! წადი, ტოლი ნახე და კოჭი გააგორე. დააშავე? ახლა, აგე პასუხი...