კიევის შემდეგ დაპირისპირებაა ყირიმში, სადაც აფეთქების ხმა ისმის, არიან დაშავებულებიც. შეტაკება ანტიუკრაინული აქციის მონაწილეებსა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერებს შორის მოხდა.
სიმფეროპოლში, პარლამენტის შენობასთან ყირიმელმა თათრებმა მრავალათასიანი მიტინგი გამართეს, სადაც დაპირისპირება მოხდა პრორუსულ აქტივისტებთან, რომლებიც ყირიმის რუსეთთან შეერთებას ითხოვდნენ . „ყირიმი უკრაინაა“ „დიდება უკრაინას!“ „დიდება გმირებს!“- ამ სიტყვების სკანდირებით ყირიმელმა თათრებმა რუსი ნაციონალისტების აქცია შეავიწროვეს და განდევნეს.
„ჩვენ მშობლიურ მიწაზე ვართ და ჩვენს გარეშე გადაწყვეტილებას ვერანაირი პარლამენტი ვერ მიიღებს. ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციას და ყირიმელი თათრები შევძლებთ ჩვენი ხელისუფლების ჩვენ თვითონვე ჩამოყალიბებას. ქალაქებში, სოფლებში დავიცავთ ჩვენს სახლებს, მეჩეთებს, სინაგოგებს, ეკლესიებს პროვოკატორებისგან. ყირიმი უკრაინაა“, - ეს განცხადება ყირიმის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყირიმელ თათართა ლიდერმა რეფატ ჩუბაროვმა გააკეთა.
ამის საპასუხოდ, პრორუსული ძალების კონტრშეძახილები ასე ჟღერდა: „ყირიმი რუსეთია“. სხვათა შორის, პრორუსული აქციის ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილები, ქვები, ხისა და რეზინის ხელკეტები, ხმოვანი შაშხანები აღმოაჩინეს. ყირიმელი თათრების განცხადებით, ყირიმის რუსეთთან მიერთების აქციაში მონაწილეობას რუსეთიდან ჩასული ადამიანები იღებდნენ. მეჯლისის თავმჯდომარემ მომხრეებს მოუწოდა, ყველა სოფელსა და ქალაქში შეიქმნას თავდაცვითი რაზმები, რომლებიც არ დაუშვებენ რუსულ პროვოკაციას.
პარალელურად, ყირიმის უმაღლესმა რადამ განაცხადა, რომ ყირიმის რადა არ განიხილავს უკრაინის შემადგენლობიდან გამოყოფის საკითხს. რადას სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინოვმა ეს პროვოკაციად შეაფასა. მისი თქმით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იგეგმებოდა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უკრაინის შემადგენლობიდან ყირიმის გასვლას გულისხმობდა. სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა პარლამენტის შენობის წინ ყირიმელი თათრების შეკრება, რომლებმაც შენობის შესასვლელები ჩაკეტეს.
ყირიმში არსებული ვითარების 24-საათიან მონიტორინგს უკრაინა გაეროს სთხოვს. ამასობაში, რუსებიც გულხელდაკრეფილნი არ არიან. ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი ჩავიდა და ადგილობრივებს რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას დაჰპირდა. მანვე განაცხადა, რომ, თუ ყირიმის პარლამენტი, ან მოსახლეობა რეფერენდუმის გზით ყირიმის ავტონომიის რუსეთთან შეერთებას მოისურვებს, რუსეთი ამას სასწრაფოდ განიხილავს.
შეინარჩუნებს თუ არა უკრაინა მთლიანობას, რა პროცესები განვითარდება ყირიმში და „მოიცლის“ თუ არა კრემლი საქართველოსთვის, რომელსაც ტერიტორიების წართმევა არ აკმარა და ახლა მავთულხლართებიც შემოავლო?! თუ გავითვალისწინებთ მწერალ ბორის აკუნინის ნათქვამს, რომ „პუტინი ძალიან შეშინებულია უკრაინით, შიში კი ცუდი მრჩეველია“, საინტერესოა, რას უპირებს პუტინი საქართველოს და რა საფრთხეები შეიძლება გველოდოს თუნდაც სამცხე-ჯავახეთთან მიმართებით? როგორი იქნება დასავლეთის როლი და შეძლებს კი იგი საქართველოს გამო გააქტიურებას?
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვაჟა ბერიძე მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, უკრაინის რუსულენოვანი ნაწილი მრავალრიცხოვანია და ყირიმსაც თავისი განსაკუთრებული ნიშან-თვისებები აქვს. საუკუნეების განმავლობაში ეს იყო ყირიმელი თათრების ქვეყანა, შემდეგ თათრები ყირიმიდან გაასახლეს, მოგვიანებით ისინი დაბრუნდნენ. ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში იცვლებოდა დემოგრაფიული სიტუაცია. ამჟამად ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური რუსები შეადგენენ, რაც თავისთავად ნებისმიერი მიმართულებით მოვლენების განვითარებისთვის ნოყიერი ნიადაგია.
თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ ყირიმში ვითარების გამწვავებას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, ასეთი მხარდაჭერის რესურსი კი დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია. უფრო მეტიც, უცნაურია დღევანდელი რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ისინი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ცდილობენ მსოფლიოში, რუსეთი ნელა ვითარდება, ენერგომატარებლების გაყიდვიდან მიღებული ამონაგებით ინარჩუნებს სტაბილურ სოციალურ გარემოს. ამიტომ ძალზე ფრთხილია მისი საგარეო პოლიტიკა და ნაბიჯებიც გაუბედავია, თუ არ ჩავთვლით რუსეთ-საქართველოს ომს და აგრესიას ჩვენს წინააღმდეგ.
„ლავროვის განცხადება, ჩვენ არ ჩავერევით უკრაინის საშინაო საქმეებში, უკვე იმის მანიშნებელია, რომ რუსებს ძალიან უნდათ ჩარევა, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია ვითარების გამწვავება უკრაინაში. გარდა ამისა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებს, ყირიმს და სევასტოპოლს, არ ჰყავთ ლიდერები. შესაძლოა, ამ უკმაყოფილების ტალღას მოჰყვეს გარკვეულ ლიდერთა გამოჩენა (როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კლიჩკოს გააქტიურება და სხვა), მაგრამ სადღეისოდ ასეთი სახეები არ არსებობენ. არ ჩანს ორგანიზებული ძალა, რომელიც ყირიმს იდეოლოგიურად მიმართავს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თანაც, ამის უკან ფინანსური რესურსებიც უნდა იდგეს, როგორც ეს მაიდნის შემთხვევაში მოხდა, რომელიც კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული იყო. დარწმუნებული ვარ, მაიდნის აქციები უამრავი მილიონი დაჯდა. ასე რომ, რაიმე სერიოზული კონფლიქტის კერის აღმოცენებას ყირიმში ან აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც უკრაინის ორ ნაწილად გაყოფას გამოიწვევს, არ ველი“, - გვითხრა ვაჟა ბერიძემ.
უკრაინის შემდეგ მოიცლის თუ არა კრემლი საქართველოსთვის, ასეთ პერსექტივას ექსპერტი არ ელის. მისი აზრით, რუსეთს გააქტიურებისთვის არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საქართველოს შიდა სივრცეში ჰყავს მოკავშირეები და მისი პოტენციური მოკავშირეებიც (პოლიტიკური ძალები) უყურადღებოდ არიან მიტოვებულნი. ყველაფერი საქართველოსთვის სასიკეთოდ მიდის, დაწყებული ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით, დამთავრებული მაპის მოცემით, რაც რეალური უნდა იყოს.
ექსპერტის აზრით, მოვლენათა ამ მდინარებაში მხოლოდ ერთმა რამემ შეიძლება შეიტანოს დისონანსი. კერძოდ, ხომ არ დასჯერდებიან დასავლეთი და რუსეთი საქართველოს გაყოფის დღევანდელ მდგომარეობას?!
„ფაქტობრივად, საქართველო დღეს გაყოფილია ოკუპირებულ ტერიტორიად და დანარჩენ საქართველოდ, რომელიც დასავლეთის ერთგული მოკავშირეა. თუ ამ გაყოფას ფარული შეთქმულება და შეთანხმება არ მოჰყვება, ყველაფერი უნდა წარიმართოს იქითკენ, რომ დასავლეთის აქტიური ძალისხმევით და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საქმე უახლოეს 3-5 წელიწადში სერიოზულად უნდა წავწიოთ წინ. თუ დასავლეთს სურს, რომ საქართველო მისი საიმედო მოკავშირე იყოს, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის ამუშავება საქართველოში. თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ ჩვენი ფორმალური წევრობა და პრობლემების გადაჭრის ხანგრძლივი მოლოდინი, არასერიოზული იქნება. ამერიკელი ანალიტიკოსები საღად აზროვნებენ და ვფიქრობ, საქართველოს პრობლემებთან მიმართებით დასავლეთი გააქტიურდება, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ყირიმში შექმნილ ვითარებას რუსეთისთვის მარტივად არ მიიჩნევს. მართალია, ამ ავტონომიურ რესპუბლიკაში დაახლოებით 2 მილიონამდე რუსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, თუმცა იქ არის დაახლოებით მილიონამდე უკრაინელი და 250 ათასამდე ყირიმელი თათარი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. ყირიმელი თათრები კი, პირველ რიგში, ემხრობიან უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას და წინააღმდეგნი არიან, ყირიმი გამოეყოს უკრაინას და შეუერთდეს რუსეთს.
„სწორედ ყირიმელი თათრები არიან მკვიდრი მოსახლეობა, ანუ მუსლიმანური მოსახლეობა. ისტორიულად არსებობდა ყირიმის სახანო და ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ერთიანობის იდეას“,- აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტის აზრით, მეორე საკითხია, რომ, ყირიმის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია მისი გამოყოფა დანარჩენი უკრაინისგან. ასე თუ მოხდება, უკრაინა გადაკეტავს ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციას და ამით ყირიმის მოსახლეობას პრობლემას შეუქმნის. ამიტომ უკრაინისგან გამოყოფა არ არის მარტივი საქმე, მაგრამ რუსეთს სურს პროვოკაციის აგორება, მუდმივი დაძაბულობა ყირიმის ნახევარკუნძულზე, თუნდაც იმავე სევასტოპოლის პორტში გემების შეყვანით და სხვა.
მისივე თქმით, უკრაინასთან მიმართებით რუსეთს უფრო ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია, საქართველოსთან მიმართებით კი საუბარია ოკუპირებული ზონების სიახლოვეს პროვოკაციების მოწყობაზე. ამ შემთხვევაში, ექსპერტი ელის, რომ რუსეთი შეეცდება პროვოკაციების მოწყობას საქართველოს ოკუპირებული ზონების სიახლოვეს, ასევე, დივერსიული აქტების მოწყობას ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე. რუსეთის მცდელობით მოსახლოდნელია გარკვეული მოძრაობების გააქტიურება სამცხე-ჯავახეთშიც, მაგრამ ნიკა ჩიტაძე ეჭვობს, რომ ამან რუსეთს რაიმე რეალური შედეგი მოუტანოს.
„ცხადია, ჩვენთვის უარესი სცენარის შემთხვევაში, დასავლეთი გააქტიურდება და დიპლომატიურ მექანიზმებს აამოქმედებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და რუსებზე განახორციელოს ზეწოლა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საქართველოს, უკრაინის და სხვადასხვა მიზეზთა გამო, ალბათ, დასავლეთიც იფიქრებს იმაზე, რომ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამციროს. კერძოდ, საუბარია, რომ მოთხოვნილების 30%-ს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის ხარჯზე იკმაყოფილებენ“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში.