გადატრიალება - ბრალდებები მტკიცებულების გარეშე

გადატრიალება - ბრალდებები მტკიცებულების გარეშე

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ნოემბრის მოვლენების განვითარებამდე, მას დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერმა უთხრა, რომ ბადრი პატარკაციშვილი სიტუაციის არევას ცდილობდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა შეტყობინება, რომ „ფე-ეს-ბეს“ ლიდერები და „კანონიერი ქურდები“ ერევანში ჩავიდნენ ბადრი პატარკაციშვილის დასახმარებლად.

„2007 წლის ნოემბრამდე სამი თვით ადრე, დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა თუ როგორ უთხრა მას პუტინმა, რომ პატარკაციშვილი არევდა სიტუაციას. დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში რამდენჯერმე შედგა შეხვედრა პატარკაციშვილსა და „ფე-ეს-ბეს“ ორ გენერალს შორის.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გამოგვიგზავნა ერთი თვის შემდეგ შეტყობინება, რომ „ფე-ეს-ბეს“ რამდენიმე გენერალი, „კანონიერი ქურდები“, მათ შორის უსოიანი, ჩამოსული იყვნენ ერევანში, რათა დახმარებოდნენ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოში არეულობის მოწყობაში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იგივე ხალხი ცდილობდა საქართველოში არეულობის მოწყობას, ვინც უკრაინაში. ამასთან, როგორც სააკაშვილი აცხადებს, ძალიან წუხს, რომ 2007 წელს და სხვა წლებში ადგილი ჰქონდა ძალადობას საქართველოში.

„თუმცა, 2007 და 2011-ში არავის გაუსროლია და ცეცხლსასროლი იარაღით არავინ დაღუპულა. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მე გადავდექი. წელიწადნახევრით შევამცირე ჩემი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა იმ აქციებს. მაგრამ იყო სხვა რამეებიც, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ეს იყო გირგვლიანის ფაქტი, უმუშევრობა. არ იყო მარტო რუსული კომპონენტები, იყო სხვა კომპონენტებიც. სხვა საკითხია და ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ, თუ რამდენად ადეკვატურად და რამდენად მკვეთრად ან თავშეკავებულად უნდა ემოქმედა მთავრობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ 26 მაისს, პუტინი ეროვნული დღესასწაულის ჩაშლას ცდილობდა.

„სკლეროზი თუ არ გვაქვს, ასე იყო. მახსოვრობა არ უნდა დავკარგოთ. ეროვნული დღესასწაულის ჩაშლა უნდოდათ პუტინის ფულით, პუტინის ინსტრუქციით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია მაშინ პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერების და ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბრალდებით - „შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ“. მაშინ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება პატარკაციშვილის მიერ გაკეთებული განცხადება და საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლა იყო. მიმართავს თუ არა ბიზნესმენის ოჯახი საააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას, ეს ამ დრომდე უცნობია. ჩვენ შევეცადათ პატარკაციშილებთან დაკავშირებას, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

სააკაშვილის ბრალდებას ბიზნესმენის ოჯახის ახლობელი გია ხუხაშვილი პასუხობს, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავის პრობლემებს ყოველთვის შეთქმულების თეორიას აბრალებდა. ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ ცრუ დასმენის ბრალდებით პატარკაციშვილების ოჯახი მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ.

„ეს, რომ მოგონილი თემებია, თვითონაც კარგად იცის. საერთოდ, სააკაშვილის განცხადება იმდენად არასერიოზულია, რომ რთულია კომენტარის გაკეთება. თუ კი ასეთი დანაშაულის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია სამი თვით ადრე, რატომ არ დაიჭირეს მაშინ პატარკაციშვილი? პროკურატურაც და სასამართლოც მის ხელში იყო.

ყველას გვახსოვს 2007 წელს ნიკა გვარამიას გამოსვლები, სატელევიზიო სისხლის სამართლის საქმე იკერებოდა ე.წ. გადატრიალებაზე. თუ საქართველოს წინააღმდეგ ერევანში რამე იგეგმებოდა, მას სრული უფლება ჰქონდა დაეპატიმრებინა ეს ხალხი. მაგრამ, ეს არ გაუკეთება და წლების შემდეგ ზღაპრებს ჰყვება.

თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული 2007 წელს, ეს თვითონ სააკაშვილი იყო. როგორც ჩანს, მას აქვს შიში იმისა, რომ ამ ყველაფერს გაუხსენებენ. იცის, რომ მის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბარლდება ეს იქნება. ამიტომ, ახლა ცდილობს კონტრშეტევა განახორციელს ამ ინფანტილური სისულელეებით“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მაშინ პატარკაციშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში, ჯაშუშობაში, ფულის გათეთრებაში და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალი ედებოდა რეჟისორ გოგა ხაინდავას, თუმცა ამის მიუხედავად ის არც ერთხელ არ ყოფილა დაკითხული.

მისივე თქმით, ის მიმართავს პროკურატურას, რომ გასაჯაროვდეს ყველა ის მასალა, რის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლედერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„7 მუხლით აღიძრა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. მაგრამ, არც ერთხელ არ დავუკითხივართ. 5 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ ჩემთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ჯაშუშობა, ფულის გათეთრება, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ. ბევრი დრო ჰქონდათ ამის დასამტკიცებლად, მაგრამ ეს იყო ტყუილი, ეს იყო პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუში.

მაგათ და ე.წ. ევროპული ღირებულებების პოლიტიკოსებს ვაჩვენებ რას ნიშნავს პოლიტიკური დევნა, ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური დევნის ობიექტი, თუ მე ვიყავი პოლიტიკური დევნის ობიექტი მთელი ამ წლების განმავლობაში?! პირობას ვაძლევ მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას, რომელიც გახლდათ ფილმის „ნოემბრიდან- ნომებრამდე“-ს ავტორი, რომ ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით“, - ამბობს გოგა ხაინდრავა.

ჯაშუშობაში ბრალს სდებდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლევან ბერძენიშვილს. როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ საქმის გამოძიებას აზრი არ ჰქონდა, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება.
„არასოდეს არ გამოვუძახებივარ არავის დაკითხვაზე, არავინ არასოდეს არ დაკითხულა. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ბერძენიშვილი შნურით იყო მიბმულიო. არავის არ დავუკითხივარ და თუ მხოლოდ თავისი თავი დაკითხეს, არ ვიცი. 5 წელი ჰქონდათ იმისათვის, რომ დავეკითხეთ. სააკაშვილი იურისტია და იცის, რომ კაცი თუ დანაშავეა, უნდა დაკითხო“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი. 

7 ნოემბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კახა კუკავა ამბობს, რომ სააკაშვილმა მტკიცებულება დოკუმეტალურად უნდა დადოს, რადგან მან უმძიმესი დანაშაულის შესახებ ისაუბრა. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტი ამ ბრალდებას ვერ დაამტკიცებს, მაშინ ცილისწამებისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

„ვარაუდებით ლაპარაკი შეუძლია ოპოზიციას, მაგრამ როცა ამას ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი ლაპარაკობს, ეს უკვე ძალიან სერიოზულია. მის ხელში იყო პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო - გამოეძიებინა. კანონის მიხედვით, როცა დანაშაულის შესახებ პირი განაცხადებს, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, როცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ინფორმაცია აქვს დანაშაულის შესახებ, ის პროკურატურამ უნდა დაკითხოს - ან დაადასტუროს ეს დანაშაული და დამნაშავები დასაჯოს, ან ცილისწამებისთვის სააკაშვილი უნდა დასაჯოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კაკა კუკავა და აქვე დასძენს, რომ 7 ნოემბრის საპროტესტო აქციებში პატარაკაციშვილის მონაწილეობა იყო უფრო ადამიანური, ვიდრე პოლიტიკური. მის ფულს აქციების ორგანიზებაში გარკვეული როლი არ შეუსრულებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ როცა ძალაინ სერიოზული სპეცასამსახურები მუშაობენ, ძალიან ძნელია ამ ინფორმაციის დოკუმენტალურად აღნუსხვა, მითუმეტეს, როცა საუბარია რუსეთის სპეცსამსახურებზე.

„ძალიან ბევრი ასეთი მოვლენა ხდება, მაგრამ ამის დოკუმენტალური მტკიცებულება არ რჩება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არ მუშაობდნენ, ან ახლაც არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო დასუსტდეს, ძალიან ცდება“, - აცხადებს მაჭავარიანი.

კითხვაზე, თუკი ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა შეტყობინება, რომ „ფე-ეს-ბეს“ ლიდერები და „კანონიერი ქურდები“ ერევანში ჩავიდნენ ბადრი პატარკაციშვილის დასახმარებლად, რატომ არ მოხდა პატარკაციშვილისა და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების დაკავება, მაჭავარიანიც იმეორებს მიხეილ სააკაშვილის ფრაზას: „ხელისუფლებას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ როდესაც საუბარი იყო პოლიტიკურ ლიდერებზე, ყოველთვის ყოფილიყო რაღაცა ტიპის ხელშეუხებლობა მათ წინააღმდეგ გამოყენებული“.