42 კონგრესმენი საქართველოსთვის

42 კონგრესმენი საქართველოსთვის

„საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ნატო-ს ერთგული პარტნიორი და ვაღიარებთ მის შეუფასებელ წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, კონკრეტულად ISAF-ის მისიაში“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესმენებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში. კონგრესემენები აცხადებენ, რომ საქართველო აგრძელებს დიდი ნაბიჯების გადადგმას რეფორმების განხორციელების პროცესში.

„მივესალმებით 2013 წელს საქართველოს მიერ კარგად ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და ვაღიარებთ მის შეუფასებელ წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, კონკრეტულად, ISAF-ის მისიაში. ამ და სხვა მიმართებებში, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის უნარიანი და ნატო-ს ერთგული პარტნიორი.

გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ნდობას ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე იმ პროგრესისთვის, რასაც მან მიაღწია და ნატო-ს ოპერაციებისა და სტანდარტებისადმი ერთგულების დემონსტრირებისთვის. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობას, შექმნას კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია წერილში. 

აღასანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ 42-მა კონგრესმენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის სახელზე წერილი გააგზავნა, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. კერძოდ, კონგრესმენები კერის მოუწოდებდნენ, რომ 2014 წლის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება უზრუნველყოს. 

ამერიკელი სენატორი ტედ პო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაში მხარდაჭერას დაჰპირდა. სენატორი ტედ პო კონგრესმენ ტერნერთან, კიტინგსა და ენჯელთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი განცხადების ავტორია, რომლითაც კონგრესის წევრებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მიმართეს და 2014 წლის ლონდონის სამიტზე საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერა სთხოვეს.

პრემიერ-მინისტრმა სენატორ პოს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება მხარდაჭერა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთი დასაფასებელი მეგობრებისგან, როგორიც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები არიან.
მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ქვეყნის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობენ.

აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილეობაზე ისაუბრა.

„აშშ-ს ჩვენ მივიჩნევთ ჩვენს კარიბჭედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ტემპი ამჟამად ისეთი დინამიურია, როგორც არასდროს. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას ალიანსის წევრობისკენ ნატო-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის დახმარებით. საქართველოს შეიარაღებული შენაერთები გადანაწილებულია ISAF-ის მისიაში.

მიუხედავად დიდი დანაკარგებისა ავღანეთში, ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირებულა - ჩვენ ვრჩებით ამ მისიის ერთგული და ასე ვაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ დავრჩებით ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში და მონაწილეობას მივიღებთ ასევე ISAF-ის მისიის შემდგომ პერიოდშიც“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის, ხელი შევუწყოს ინსტიტუციონალური მშენებლობის პროცესს ავღანეთში, მათ შორის, ჩვენი გამოცდილების გაზიარებითაც.

„ამავე დროს, ჩვენი შეიარაღებული დანაყოფები ამჟამად გადიან სპეციალურ მომზადებას და უკვე 2015 წელს ისინი ხელმისაწვდომი იქნებიან ნატო-ს რეაგირების ძალებისათვის. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი და ვთქვა - ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ უსაფრთხოების ამ საერთაშორისო მისიების ავანგარდში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

42 კონგრესმენმის წერილს შეფასება მოჰყვა თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ეს არაერთხელ თქმულა, არაერთხელ გადადგმულა ამ მიმართულებით ქმედითი და სერიოზული ნაბიჯები, მაგრამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ აშშ გამოხატავს მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ დასაფასებელია.

რაც შეეხება MAP-ის თემას, მინდა, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს გავუსვა ხაზი - მიმდინარე წელს უელსში იქნება ნატო-ს სამიტი, სადაც საქართველო აუცილებლად ელოდება პროგრესს ალიანსის მხრიდან. ეს პროგრესი იქნება MAP თუ სხვა რამე, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. რა თქმა უნდა, აშშ არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, ალიანსში არიან ევროპის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც აქტიურად მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“, - აცხადებს აბაშიძე.

მისივე თქმით, ჩვენი მხრიდან ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ დროულია MAP-ის მინიჭება საქართველოსთვის. კანონმდებელი განმარტავს, რომ ეს სცდება პარტიულობის თემას, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანი.

„ის რეფორმები, რომელიც ჩვენთან გატარდა, ცხადყოფს, რომ საქართველო აუცილებლად იმსახურებს წინსვლას და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის რაღაც შედეგის მომტანი იქნება. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხაზგასმით ამბობენ, რომ აუცილებლად იქნება პროგრესი, მაგრამ როგორი იქნება შედეგი, ამ კონკრეტიკაზე ჯერჯერობით არ ყოფილა საუბარი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს MAP. აშშ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი, მთავარი ფლაგმანი ამ საკითხში, მისი სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა გადამწყვეტია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ეს მხარდაჭერა უსაზღვროდ მნიშვნელოვანი და აუციელებელია საქართველოსთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ის სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არამედ იმიტომაც, რომ აშშ ის ქვეყანაა, რომლის პოზიციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო არენაზე.

„აქიდან გამომდინარე ამ სახელმწიფოსგან ასე მკაფიოდ გაჟღერებული ასეთი გზავნილი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ნებისმიერ დემოკრატიულ გაერთიანებაში, როგორც არის ნატო, საკითხი წყდება არა ქვეყნის სიდიდისა და სიმცირის მიხედვით, არამედ ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინდივიდუალური ხმა და საკითხი უნდა გადაწყდეს კონსენსუსით.

რა თქმა უნდა, ეს გზავნილი თავის წვლილს შეიტანს ამაში. თუმცა, მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს ეს გზავნილი ასრულებს გარკვეულ პრევენციას იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ რა ხდება ჩვენს მეგობარ უკრაინაში. როგორ ცდილობს რუსეთი შელახოს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, როგორც მორიგი აგრესიის პრევენციის მექანიზმი, ასეთი გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ფხალაძე.

რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა MAP-ს საქართველო, ფხალაძე ამბობს, რომ ერთი სახელმწიფოს პოზიციით ეს საკითხი არ წყდება. მისი თქმით, საჭიროა მეტი კონტაქტი ყველა ქვეყნასთან, გასანკუთრებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„მაპი არ უნდა ვაქციოთ რაღაცა პანაციად. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს ყველაზე ღირსეული შეფასება იმ ძალისხმევისა, რასაც ის ახორციელებს რეფორმების მხრივ და იმ წვლილისა, რომელიც მას შეაქვს ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

ამ ფორმას მაპი დაერქმევა, თუ რაღაცა სხვა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ის გზავნილი, რომელიც იქნება ნათელი, არ იქნება ორაზროვანი და მეტ სტიმულს მისცემს საქართველოს მთავრობას, რაც მთავარია საქართველოს საზოგადოებას, რომ გააძლიერონ ძალისხმევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიზნით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.