კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ემზარ კვიციანი ხვალ საქართველოში ბრუნდება. მას, ოჯხის წევრების გარდა, პოლიციის თანამშრომლებიც დახვდებიან, რომლებიც ყოფილ რწმუნებულს პირდაპირ გლდანის საპატიმროში გაამწესებენ. თვიმფრინავი, რომლითაც კვიციანი ჩამოდის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:00 საათზე დაეშვება.
თავად ემზარ კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. უკვე ცნობილია საქართველოს შსს-ს პოზიცია: ყოფილ რწმუნებულსსაქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ადგილზე დააკავებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ემზარ კვიციანი ძებნილია. შესაბამისად, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
როგორც ცნობილია, ყოფილი რწმუნებული, პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის შემდეგ სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. 2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000-ლარიანი ჯილდოც კი დააწესა.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მისი სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში გადადგა. 2006 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა კოდორის ხებაში არსებული ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებნული ბატალიონი „მონადირე“ გააუქმა. მაშინ ოქრუაშვილი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ატერორებდა სვანეთს და მას სათავეში ყოფილი რწმუნებული ედგა.
ემზარ კვიციანმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. ის ამ დრომდე რუსეთის ტერიტრორიზე იმყოფება.
„მეგობრებო, დღეს მქონდა სასამართლო და ჩემი საოცნებო დეპორტიც მივიღე! ბილეთი აღებული მაქვს. 27.02.2014 წლის 16:00 საათზე თბილისში ვიქნები. თქვენი თანადგომა დამჭირდება. ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ, გთხოვთ, მობრძანდებით აეროპორტში! მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გემავენ! დანაჩენს ადგილზე მოგიყვებით! დიდება ღმერთს!“ - წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ყოფილ რწმუნებულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. როგორც კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა for.ge-ს განუცხადა, ყოფილი რწმუნებული მზად არის, სამართალდამცველებს ჩაბარდეს.
როგორ ფიქრობთ, რომ არა დეპორტი, თქვენი ძმა დაბრუნდებოდა ქვეყანაში?
ნორა კვიციანი: მას რუსეთში დეპორტი ჩაურტყეს და როგორც იქნა, საქართველოში ბრუნდება. ხვალ აქ იქნება. ბილეთი უკვე აღებული აქვს. იგი მზადაა ყველა შეკითხვას უპასუხოს. მანამდეც აკეთებდა განცხადებას, არ გაურბივარ გამოძიებას, შემომიშვით ქვეყანაშიო. ამბობს, რომ უნდა გაირკვეს სიმართლე, თუ დამნაშავეა პასუხს აგებს, თუ არადა, საკუთარ სამშობლოში მაინც იქნება. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, როდემდე უნდა იყოს იმ ქვეყანაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ ემზარ კვიციანს დაბრუნებისთანავე დააკავებენ, რადგანაც ის არის ძებნილი. აცნობიერებს თქვენი ძმა ამას, რომ მას ადგილზევე დააკავებენ?
- გამოძიებას არ ემალება. ის ამბობს, რომ ბარდება პოლიციას. ყველაფრისთვის მზად არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ არ დაბრუნდებოდა? იცით, რომ 6 წელი არაფრის გულისთვის გავატარე ციხეში. მერე რა, აიყვანონ. საქართველოს საპატიმროში იქნება. ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. თუ ეს ხელისუფლება უსამართლოდ მოიქცევა, მაშინ მე არ ვიცი, უფალმა განსაჯოს ყველაფერი.
თქვენი ძმა ბრალდებულია სამხედრო ამბოხის მოწყობიასა და ტერორისტული აქტის მომზადებაში. თქვენ იმედი გაქვთ, რომ სასამართლო მას ამ ბრალდებას მოუხსნის?
- ამ კითხვებს თვითონ გასცემს პასუხს. იმ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ნახევარი საქართველო ძებნილი გახდა, ნახევარი კი - კრიმინალი. რაც იქნება, ის იქნება.
ქალბატონო ნორა, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია?
- გასაგებია. მაგრამ, რომ დააკავებენ, დაიწყება გამოძიება. თუ ეს გამოძიება არ იქნება ობიექტური, მაშინ არ ვიცი რა ვიფიქრო.
მიზეზი, რის გამოც ემზარ კვიციანი გახდა ძებნილი, ხოლო თქვენ - პატიმარი, იყო ბატალიონ „მონადირის“ გაუქმება. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ ეს იყო კრიმინალური დაჯგუფება. თქვენი ძმა ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ოჯახი ოქრუაშვილის ამბიციების მსხვერპლი გახდა. დღესაც ასე ფიქრობს?
- კითხვა, რომელიც არსებობს ოქრუაშვილის წინაშე - ეს არის ბატალიონ „მონადირის“ გაუქმება. სწორედ იმ დღიდან ჩაბარდა ხეობა რუსებს. რატომ შემოიყვანა ჯარი, რა კრიმინალზე იყო ლაპარაკი, მაშინ როცა ამ კრიმინალებს თვითონ ამარაგებდნენ იარაღით?! ეს არის კითხვები, რომელსაც ოქრუაშვილმა პასუხი უნდა გასცეს. თუ კი კრიმანლები იყვნენ აეყვანათ ეს კრიმინალები, ხელს რა უშლიდათ? ჩემი ძმა მათთან მუშაობდა, თბილისში იყო, და თუ კრიმინალი იყო, აეყვანათ. სამ დღეში გახდა კრიმინალი? ყველაფერი გამიზნული იყო იმისკენ, რომ ჩაებარებინათ ხეობა. რაც მოხდა კიდევაც. ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული. ჩემმა ძმამ ჩვენც გაგვწირა და თავიც გაწირა. დღესაც მზად არის ამისთვის და ჩამოდის.
ბატონი ემზარი თუ არის მზად, რომ ჩვენება მისცეს მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ? ეს ადამიანები იყვნენ მაშინ გადაწყვეტილების მიმღები...
- ემზარის მაგივრად გამიჭირდება პასუხის გაცემა. ალბათ მზად არის და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. დანაშაული რომ ჰქონდეს ჩადენილი, არ შემოვიდოდა საქართველოში. თუ გამოძიებას უნდა, რომ ემზარი ციხეში იყოს და სიმართლე არ გაირკვეს, მაშინ არ ღირს ამ ქვეყანაში გაჩერება.