21 თებერვალს, როდესაც კიევის ქუჩებში მედიდურად მოძრავ იულია ტიმოშენკოს და მის თანამებრძოლ არსენი იაცენიუკს გზა გადაუღობა უკრაინის ახალი რევოლუციის ავანგარდის - „მემარჯვენე სექტორის“, „უკრაინის თავდაცვისა“ და „ავტომაიდნის“ ერთობლივმა საპატრულო ჯგუფმა, ამ ქვეყანაში ახალი ერა დადგა. ერა, რომელშიც ხალხი პასუხს სთხოვს არა მხოლოდ აწ უკვე ყოფილ მმართველ პოლიტიკურ ძალას, არამედ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელიც ხელისუფლებასთან ფლირტსა და გარიგებაში, კრიტიკულ შემთხვევაში კი გაუბედაობაშია შემჩნეული.
პოლიტიკური საქმიანობა აუცილებლად გულისხმობს მოლაპარაკებასა და კონსენსუსს. უკრაინაში კი ასეთი პრაგმატული მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში სასიცოცხლოდ აუცილებელია - ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ფორმირება კოალიციური მთავრობისა, რომელიც აღჭურვილი იქნება ლეგიტიმური უფლებითა და ნდობით, მიიღოს და დახარჯოს ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაპირებული ფინანსური დახმარება.
თუმცა, მიუხედავად ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნისა, უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, არასაპარლამენტო მემარჯვენე ჯგუფების ზეწოლის შედეგად, იძულებული გახდა, პარასკევისათვის გადაედო კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი. დასავლეთისათვის ასეთი ყოყმანი გაუგებარია, მაგრამ უკრაინელი ხალხი აღარ აპირებს, სიჩქარეში ასპარეზი ისევ კორუმპირებულ პოლიტიკოსებს დაუთმოს.
უკრაინის რევოლუციის ახალი გმირები, რომლებსაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ მხოლოდ მეგობრები თუ იცნობდნენ, აღარ აპირებენ, ქვეყნის მართვა ჩააბარონ იმ ყაიდის პოლიტიკოსებს, რომლებიც, როგორც მათი მოღვაწეობიდანაც დადასტურდა, ხელისუფლებისაკენ ილტვიან არა იმისთვის, რომ ხალხს ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ერთი კორუფციული, კრიმინალური სისტემა მეორით ჩაანაცვლონ, ივაჭრონ სკამებისა და თანამდებობების გადანაწილებით, ბიუჯეტში ხელის ფათურით მოიხვეჭონ ქონება და შემდეგ „იბლატაონ“.
რუსული ენაში საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებულ ამ სლენგურ სიტყვას ევროპულ ენებში ანალოგი არ მოეპოვება! ფართო გაგებით ეს ნიშნავს ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელ მოქმედებას თუ მეტყველებას: მედიდურობას, ყოყლოჩინობას, სხვების მუდმივად დაჯაბვნას, დაჩაგვრასა და დაკნინებას - ძალაუფლების მიტაცებით, კრიმინალური კავშირებით, ფულითა და მდგომარეობით. არ დაგავიწყდეთ, ვინ მოახდინა უკრაინაში რევოლუცია! ჩვენ „ბლატნოებს“ აღარ მოვითმენთო - სიტყვები, რომელიც ევრომაიდნის რიგითმა დამცველმა უთხრა უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერსა და ქვეყნის გარდამავალი მთავრობის მეთაურის პოსტზე ევროპისათვის ლამის უალტერნატივო კანდიდატად მიჩნეულ არსენი იაცენიუკს, მთელი რევოლუციური თაობის სათქმელად იქცა და ამ სიტყვებს უკრაინაში რევოლუციური ინერციით იმეორებენ ბევრი პოლიტიკოსის - საკუთარისა თუ უცხოელის - მისამართით.
სამწუხაროა, რომ მათ შორის აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევის რეზიდენციიდან ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ სასწრაფოდ გაეშურა უკრაინაში და, თავის გამოჩენის სურვილით შეპყრობილი, ხან ევრომაიდნიდან მოძღვრავს უკრაინელებს, ხან კი სხვადასხვა ტელეარხის ეკრანებიდან.
ძნელი სათქმელია, აშშ-ის ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის შიდა ეთიკის მიხედვით რამდენად გამართლებულია მისი ერთ-ერთი რიგითი პედაგოგის ასეთი ჰიპერაქტიულობა, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამოყენება საკუთარი იმიჯის სასარგებლოდ ბევრს არ მოსწონს. ამ „ბევრის“ აზრი კი ამ დღეებში ხმამაღლა გამოთქვა ერთ-ერთმა რიგითმა უკრაინელმა, რომელმაც სააკაშვილიც მიათვალა „ბლატნოი“ პოლიტიკოსების რიგს და სახალხოდ უწოდა მას „ბანდიტი“.
„მიპასუხე კამერის წინაშე გულწრფელად, როგორ გახდი მილიარდერი და რატომ გაგაგდეს საქართველოდან? მიპასუხე, იმიტომ რომ ეს მაიდანია! აქ ხალხი იღუპება!“ - ამის შემდეგ ვიდეოზე კარგად აღარ ისმის, რაში სდებს ბრალს შუა ხნის ეგზალტირებული უკრაინელი მამაკაცი ლექტორ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მისმა დაცვამ ოპერატიულად მოაცილა ქუჩის აბეზარ ორატორსაც და ტელეკამერებსაც.
„პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან“ - განაცხადა შარშან ოქტომბერში, მოსახლეობისადმი თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში, მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინაში ხალხი დღეს იმიტომაა აღშფოთებული, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ ხვდება, როდის უნდა წავიდეს სარბიელიდან და ჰგონია, რომ პირადი დაცვა, ქონება, მდგომარეობა და კრიმინალური კავშირები დაუსრულებლად მისცემს „ბლატაობის“ საშუალებას.
არადა, თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე და მოასვენო საკუთარი ხალხიც და სხვაც.