საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესყიდვის დაწყებას გეგმავს. სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას თქმით, მარტში ბაზარზე შექმნილი ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად დოლარის შესყიდვები განახორციელოს. ეს კი იმის ნიშანია, სავალუტო ბაზარზე რაიმე ტიპის რყევა მოსალოდნელი არ არის და გაცვლითი კურსის ახლო და საშუალო პერიოდში სტაბილური იქნება.
თებერვალში კი საქართველოს სავალუტო რეზერვები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და მან 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა ეროვნული ბანკის, არამედ საქართველოს მთავრობის ოპერაციები გახდა, რაც სახელმწიფო ვალის მომსახურებას უკავშირდებოდა. ამასთან, ნათია თურნავას თქმით, სებ-ს არც იანვარში და არც თებერვალში სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია.
„რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოპერაციები, არამედ საგარეო ვალის მომსახურებაც და ესეც აისახება რეზერვების სტატისტიკაზე, როდესაც ხდება გეგმაზომიერად საგარეო ვალების დაფარვა. რაც შეეხება ინტერვენციებს ჩვენ არ განგვიხორციელებია არანაირი ინტერვენცია - არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია თანხა სავალუტო ბაზარზე.
მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პირიქით შევავსოთ რეზერვები და ვიყიდოთ ვალუტა ბაზარზე. ეს ქვეყნდება შემდეგ თვეში და ახლა არ არის მიზანშეწონილი რომ ვთქვა რას ვაკეთებთ ამჟამად სავალუტო ბაზარზე. ზოგადად ვიტყვი, რომ ქვეყანაში არის ძლიერი სავალუტო შემოდინებები. თქვენ ხედავთ, რომ ლარი გამყარდა კიდევაც, თებერვლის ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია და 2.4%-ია, შესაბამისად, ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების შევსების დაწყებას“, - განაცხადა თურნავამ.
წლიურ ჭრილში საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული, მაგრამ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სავალუტო რეზერვების შემცირების პერსპექტივა ნაკლებად მოსალოდნელია.
„საქართველოს მთავრობის საგარეო ვალების აღება იწვევს რეზერვების შევსებას, ხოლო საგარეო ვალების დაფარვა პირიქით იწვევს რეზერვების კლებას.
რეზერვებზე გავლენას ასევე ახდენს რეზერვებში არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ფასის ცვლილება. რეზერვებში გარდა დოლარისა გარკვეული წილი მოდის ევროს და SDR-ის ფინანსურ ინსტრუმენტებზეც, შესაბამისად მათი ღირებულების ცვლილება იწვევს ამ ინსტრუმენტის ფასის ცვლილებას დოლარში და ამ გზით გავლენას ახდენს რეზერვების მოცულობაზე.
საგარეო ვალის დაფარვა გეგმაზომიერად ხდება და არანაირ სიურპრიზს არ წარმოადგენს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს. ამ ეტაპზე ინტერვენციების საჭიროება და რეზერვების ხარჯვის ამოცანა, ისედაც არ დგას. რეზერვების შესავსებად კი მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს სავალუტო შემოდინებებს, რაც სავალუტო კურსის გამყარების ტენდენციებიდან და დაბალი ინფლაციიდან გამომდინარე აჩვენებს, რომ ქვეყანაში ვალუტის ნეტო ბალანსი სტაბილურად დადებითია, რაც სებ-ს საშუალებას აძლევს რეზერვების შესავსებად ბაზარზე პერიოდულად მოახდინოს უცხოური ვალუტის შეძენა.
კიდევ ერთი ფაქტორი არის უცხოურ ვალუტაში, კომერციული ბანკების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების მოცულობების ცვლილება, რაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემადგენლობაშია, ხოლო ამ რეზერვების მოცულობაც მოზიდული სახსრების ზრდის ფონზე ასევე ზრდის დინამიკაში უნდა შევაფასოთ.
2023 წელს დადებითი ეკონომიკური კონიუნქტურისას სებ-მა ინტერვენციებით 166.7 მილიონი დოლარი გაყიდა, ამასთან Bmatch პლატფორმით შესყიდვები იყო 1,474 მილიონი დოლარი, ხოლო გაყიდვები 28 მილიონი დოლარი; რითაც რეზერვები 1,279 მილიონი დოლარით შეივსო; მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 594.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლები იყო 2022 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 % შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეკონომიკა 11 %-ით გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, რეზერვების შემცირების პერსპექტივაც ნაკლებად მოსალოდნელია, ახალი საგარეო ვალების აღების გარეშეც“, – აღნიშნა ზურაბ ცუცქირიძემ.
მანვე გაამახვილა ყურადღება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. ფიანასისტის შეფასებით, ლარი სტაბილურია და რაიმე გაუფასურებისკენ მოლოდინი არ არსებობს.
„ერთადერთი, რაზეც პროტესტმა იქონია ზეგავლენა, ეს სავალუტო კურსი იყო. იგი ყველაზე მოწყვლადია. ბუნებრივია, ყველგან ასე ხდება. როცა პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ის აისახება განწყობებზე, რაც შემდეგ კურსში გადადის. როდის იყო ლარის კურსის ყველაზე დიდი რყევა? ეს იყო გაზაფხულზე, როცა პროტესტი დაიწყო. შემდეგ შემოდგომაზე, კერძოდ, სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში იყო ლარის კურსის გარკვეული მერყეობა.
მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაითავისა რა ამ რისკის ფაქტორი, ბაზარზე საკმაოდ დიდი მოცულობით ინტერვენციები მოახდინა. აღმოჩნდა, რომ ეს სტრატეგია სწორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კურსი სტაბილური მიმართულებისაა, არც რაიმე გაუფასურებისკენაა მოლოდინი იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც კურსის დინამიკის ერთ-ერთი ფაქტორია, მეორეც რამე საგარეო ფაქტორი მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა ცუცქირიძემ.