ჭიათურაში მდგომარეობა დრამატულია - კომპანიამ საქმიანობა საბოლოოდ შეწყვიტა, მაღაროელები კი ქუჩაში გამოვიდნენ

ჭიათურაში მდგომარეობა დრამატულია - კომპანიამ საქმიანობა საბოლოოდ შეწყვიტა, მაღაროელები კი ქუჩაში გამოვიდნენ

ჭიათურაში ვითარება დაძაბულია. მაღაროელებმა საპროტესტო აქციები განაახლეს, ხოლო ჭიათურმანგანუმის მმართველმა კომპანიამ გადაწყვიტა საბოლოოდ შეაჩეროს მიწისქვეშა სამუშაოები. ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულების დიდი უმრავლესობა სამსახურს დაკარგავს.

ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. Chiatura Management Company- გადაწყვეტილება ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით მიიღო. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი.

საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა. დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:

მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;

მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;

შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა ;მოპოვების კუთხით;

ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია;

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებულმა დასკვნამ, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს. ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა.

ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ. მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია“, - განაცხადა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის დირექტორმა მაქსიმ მაზურენკომ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი. მაგალითად, შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობრივად სრულად გაჩერებული წარმოების პირობებში, კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 100%-ს უხდიდა და უნარჩუნებდა საოჯახო სადაზღვევო პაკეტს; ხოლო საწარმოს სრულად გაჩერების პირობებში კი, უხდიდა ხელფასის 60%-ს. ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, ბანკებიდან კრედიტების საშუალებით, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა.

„კრიზისის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს სრულად უნარჩუნებდა სოციალურ სარგებელსა და უხდიდა ხელფასს, რაც მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე, კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად. დეტალებთან დაკავშირებით თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით ეცნობებათ. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქტიურად არის ჩართული დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული განვითარების ალტერნატიული გზების ძიებას“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უკვე ერთი კვირაა, რაც ჭიათურელები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან და „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - თებერვლის ხელფასის დარიცხვას ითხოვენ. ისინი ასევე ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრის მოთხოვნით გამოდიან. პროტესტის მონაწილეებს მთავრობასთან 5 მთავარი მოთხოვნა აქვთ.

„ჩვენ პრემიერის და პარლამენტარის ნახვა კი არ გვინდა, პრობლემების გადაწყვეტა და მოთხოვნების დაკმაყოფილება გვინდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გამოგვხმაურებია. ვითხოვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან საუბარს. ადგილობრივი მერი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კომპანიასთან ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე ის გვაქვს, რომ დაარიგონ ის ხელფასები, რაც ვალდებულებაში ჰქონდათ და მოაგვარონ ეს პრობლემა. დანარჩენი ჩვენ მათთან სალაპარაკოს ვეღარაფერს ვხედავთ, რადგან 2 წლის განმავლობაში ვესაუბრებოდით იმ პრობლემებზე, რომელიც იყო“, - განაცხადა დავით ჩინჩალაძემ.

იმის გამო, რომ კომპანიამ თებერვლის ხელფასები არ გადარიცხა, მათ კომუნალურებისა და საბანკო ვალდებულებების გადახდის პრობლემა დაუდგათ დღის წესრიგში. მაღაროელის თქმით, კომუნალურების საკითხში ადგილობრივმა მერიამ მათ ენერგოკომპანიებთან უშუამდგომლა.

„მერიასთან ვთანამშრომლობთ კომუნალური გადასახადების საკითხებზე, რის შედეგადაც მიმდინარე კომუნალური დავალიანებების გადახდა მანამდე გადაგვივადდება, სანამ ხელფასები არ დაგვერიცხება. თუმცა ბანკის ვალებიც გვაქვს და პროცენტები გვერიცხება“, - ამბობს დავით ჩინჩალაძემ.

ჯერჯერობით პრობლემის მოგვარების გზები არ ჩანს. დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს. კომპანიამ უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა მუშაობა შეწყვიტოს. ასეთ ფონზე დასაქმებულებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ, ძნელი წარმოსადგენია.

ლაზი ეს არის ნამდვილი ჩიხური მდგომარეობა, რომლის შედეგია მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიტოვებული ქალაქები.
ერთად ერთი რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, არის ჭიათურის გამოცხადება გადასახადებისაგან თავისუფალ ზონად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი მრეწველობის ისეთი დარგის დაიტერესება, რომელსაც კვლიფიციური კადრების გარეშე შეუძლია საქმიანობა. ასეთი დარგის მოძებნა კი დღეისათვის ძალიან ძნელია. ეს ხალხი ან სოფელს უნდა დაუბრუნდეს, ან წავიდეს ამ ქალაქიდან. მიტინგები და მათ დასაწყნარებლად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციები არავითარ შედეგს არ მოიტანს.
ტრაგედია კი სრულ სახეს მაშინ მიიღებს, თუ ამას ფეროს დახურვაც მოჰყვება, რომელზეც ჭიათურასთან შედარებით გაცილებით მეტი ადამიანების არსებობაა დამოკიდებული. დღეს ზესტაფონი, თბილისისა და ბათუმის შემდეგ ყველაზე აქტიური რაიონია. ფერო დღეს, დასავლეთ (შეიძლება მთელ) საქართველოში, რეალური სექტორის ერთად ერთი მსხვილი საწარმოა.
10 საათის უკან
კანუდოსელი ვკითხულობ და თვალებს არ ვუჯერებ. ჩვენ მომსწრე ვხდებით თანამედროვეობის უდიდესი ტრაგედიის, ქალაქ ჭიათურის გარდაცვალების. სად არის ამ დროს ცენტრალური ხელისუფლება?! რომელსაც უნდა ადარდებდეს მძიმე მრეწველობის განვითარება ქვეყანაში. ქარხნების აშენება კი არა, იქით იხურება. ფეროც ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაა და ისინიც შემოდგომის მერე გაჩერებული არიან. სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ უკრაინულმა კომპანიამ გამოხრა, გამოწურა და გააჩანაგა ჭიათურა და ფერო. ფეროშენადნობების შემადგენელი სილიკომანგანუმია, რაც ჭიათურის მაღაროებიდან მოდიოდა. ამიტომ ზესტაფონის კვდომაც მალე დაიწყება. რას უპირებს ქვეყანა ნეტავ ამ ხალხს?!
10 საათის უკან