თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის მხარდამჭერები ხელისუფლებას უკრაინის სცენარით ემუქრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პარალელის გავლება აქციის ფორმით სცადეს და „მოდულის“ შენობის წინ ავტომანქანის საბურავები ააგიზგიზეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გოგა ონიანი პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ამის გამო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედის გაზიარება, ანუ ხელისუფლებისა და ქვეყნის დატოვება მოუწევს.
„მოდულის“ შენობის წინ აქცია ხანგრძლივი არ ყოფილა, პროცესს თვალს ადევნებდნენ სამართალდამცველები, თუმცა აქციის გამართვა არ შუფერხებიათ, პოლიციელებმა მოგვიანებით საბურავების წვის შედეგად გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.
რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარა საქართველოში უკრაინის მსგავსი პროცესების განვითარების შესახებ და იცავენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციების გამართვისას მათ მიერვე მიღებული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ნორმებს? ამ თემებზე for.ge „არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა კახიშვილს ესაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით საზოგადოების დარაზმვას ვერ შეძლებს.
კახა კახიშვილი: „არ მგონია, რომ დღეს საქართველოში არის იმის საფუძველი, რომ უკრაინის მოვლენები განმეორდეს. უკრაინაში, რეალურად, უკრაინელმა ხალხმა შეცვალა ხელისუფლება და არა კონკრეტულად ერთმა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, უკრაინის მსგავსი მოვლენები არ ემუქრება, მით უმეტეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რადგან ამ პარტიამ 2003 წლის შემდეგ უკვე აჩვენა, რას ნიშნავს მისთვის ადამიანის უფლებები და როგორ იცავდა მას წლების განმავლობაში – ადამიანებს წაართვეს ქონება, ჰყავდათ უკანონოდ გამოკეტილი ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში... ასე რომ, დღეს ის არ არის პოლიტიკური ძალა, რომლის გამოძახილზე – „დავიცვათ ადამიანის უფლებები“, ხალხი ქუჩაში გამოვა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქუჩაში შეუძლია გამოიყვანოს მხოლოდ მისი პარტიის წევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში „ნაციონალები“ სავსებით საფუძვლიანად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, არ მგონია, რომ ეს ძალა გახდეს ფლაგმანი რევოლუციური ან სხვა ტიპის გამოსვლებში. მათი რეალური ღირებულებები ყველასთვის კარგად ცნობილია და საქართველოს მოსახლეობის 80%–მა საკუთარ თავზე გადაიტანა მათი ე.წ. უფლებების დაცვის პოლიტიკა.
რაც შეეხება პროტესტის ფორმას, რომელსაც მოდულის შენობის წინ შეკრებილმა გოგა ონიანის მხარდამჭერებმა მიმართეს, საბურავების დაწვა გამართლებულია?
- გახსოვთ, ალბათ, რომ 2011 წლის 26 მაისის შემდეგ თავად „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობამ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც განსაზღვრა დემონსტრაციის ფორმები და განსაკუთრებით – ადგილი. აქედან გამომდინარე, უნდა იმოქმედოს საქართველოს სამართალდამცველმა სისტემამ და ვიდრე ეს კანონი მოქმედებს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩემთვის, როგორც საზოგადოების წარმომადგენლისთვის, საქართველოში მოქმედი „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონი არც მაშინ იყო მისაღები და არც დღესაა.
კონკრეტულად, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას, მე აბსოლუტურად იგივე აზრი მაქვს, როგორც ნებისმიერი სხვა პარტიას აქციის მიმართ. ვეთანხმები პრინციპს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს პროტესტი უნდა ჯდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებში, რომელიც დაწესებულია ევროპული ნორმებით. თუ საბურავების დაწვა არ ეწინააღმდეგება ევროპულ რეგულაციებს, მაშინ არ უნდა შეიზღუდოს.
საქართველოში მოქმედ „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში უშუალოდ საბურავების დაწვის შესახებ არ წერია, თუმცა, აღნიშნულია, რომ აქციის გამართვა იზღუდება კონკრეტული დაწესებულების შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში და აქციაზე აალებადი ნივთირების მიტანა აკრძალულია.
- საბურავების დაწვა შესაძლოა პირდაპირ აკრძალული არ იყოს, მაგრამ კანონით რეგულირდება სხვა საკითხები, რაც შეიძლება მოჰყვეს საბურავების დაწვას – სხვა ადამიანების უფლებების შელახვა ან დაწესებულების ფუნქციონირების ხელის შეშლა. ეს საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა უნდა განიხილოს, მაგრამ, ჩემი აზრით კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს და მიღებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პრაქტიკულად, გულისხმობს იმას, რომ ადამიანს კანონიერად აქციის ჩატარება მხოლოდ უდაბნოში შეუძლია. ეს კანონი „მოდულის“ შენობის წინ აქციის გამართვითაც ირღვევა, მაგრამ არ ვარ იმის მომხრე, რომ ამ ნორმით იხელმძღვანელონ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. დროა, ეს კანონი შეიცვალოს. საჭიროა ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად განიხილონ თითოეული მოქმედება, კონკრეტული ქმედებები და ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ჩვენი კანონი ისეთივე დრაკონულია, როგორი დრაკონებიც იყვნენ მისი ავტორები, როცა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მოქმედი კანონით მიტინგს ვერსად გამართავთ უდაბნოს გარდა, სადაც საერთოდ არავინაა. ამიტომ, რთული იქნება ამ ნორმებით ვიმსჯელოთ.
თუმცა, სამართალდამცველებს, ალბათ, მაინც მოქმედი კანონის შესაბამისად მოუწევთ რეაგირება.
- არა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით – თუ ქვეყნის სამართალი ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას, მაშინ გამოხატვის თავისუფლება უნდა შეფასდეს ევროპული სტანდარტით.
„მოდულის“ შენობასთან შეკრებილმა მხარდამჭერებმა გოგა ონიანი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს. როგორ ფიქრობთ, აქვს საფუძველი ამგვარ განცხადებებს?
- ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში პირდაპირ არის აღნიშნული, რა შემთხვევაში შეიძლება იქნას პირი მიჩნეული პოლიტიკურ პატიმრად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილად. შესაძლოა, ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, დაუდგინდეს დანაშაულის ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი მაინც აღაირებული იქნეს პოლიტპატიმრად. ჩამოგითვლით რამდენიმე კრიტერიუმს: პოლიტიკურ პატიმრად, შესაძლოა, მიიჩნიონ პირი თუ არ მიეცა სამართლიანი გამოძიების უფლება, თუ მოთავსებული იქნება სასჯელაღსრულების უფრო მკაცრ დაწესებულებაში, ვიდრე დანარჩენი პატიმრები და თუ არ მიეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ჯერ ვერ მოგახსენებთ, რამდენად დაირღვა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის რომელიმე მუხლი, დრო გვიჩვენებს და, იმედს ვიტოვებ, რომ რადგან საქმე იძენს პოლიტიკურ ელფერს, საქართველოს პროკურატურა მყარად დაასაბუთებს წაყენებულ ბრალს და აღარვის გაუჩნდება კითხვები. თუ ამას ვერ შეძლებს, ეს საკითხი გახდება განხილვის საგანი.
ძალიან ბევრი ფაქტია ქვეყანაში გამოსაძიებელი, ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ მათ კონკრეტულმა პოლიციელებმა ჩაუდეს იარაღი, ჩაუდეს ნარკოტიკი. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით 200–ზე მეტი ადამიანი აღიარა პოლიტიკურ პატიმრად და ამ საქმეებიდან არც ერთზე არ მიმდინარეობს გამოძიება, არც ერთ საქმეზე არ არის ვინმე პასუხისგებაში მიცემული.
ფაქტები ახსენეთ და ინტერეტში ონიანის დაკავების მომენტიდან აქტიურად ვრცელდება ვიდეო და ფოტოკადრები, რომლებიც მის ძალადობრივ ქმედებებს ასახავს. როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება პროკურატურას გოგა ონიანისთვის ბრალის დამტკიცება?
- ძალიან ბევრი კადრია, რომლებშიც ბევრი სხვა ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის მოქმედი პოლიციელებიც და მაღალი თანამდებობის პირებიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ გოგა ონიანზე რეაგირება არ იქნება მართებული. თუ მიდგომა არის ერთნაირი და კანონის უზენაესობის პრინციპი უნდა იქნეს დაცული, კანონის წინაშე პასუხი თანაბრად უნდა აგოს ყველამ, სხვა შემთხვევაში საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას, ექნება სხვაგვარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, ყველაფერი ისე დასაბუთდება, რომ თავად გოგა ონიანის მხარდამჭერებსაც არ ექნებათ რამე სათქმელი.