საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას შეუერთდა.
„საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების სფეროში რეალურად ახალ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ. ღარიბაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენმა მთავრობამ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელით სრული მხარდაჭერა მიიღო. მათ დაგვიდასტურეს, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტური და ნაყოფიერი შეხვედრა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას. საქართველო, აშშ-სთან ურთიერთობების სფეროში რეალურად ახალ ეტაპზე გადადის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
რას ნიშნავს ეს ვიზიტი საქართველოსთვის ამ თემაზე ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
ბატონო რამაზ, რამდენადაც ცნობილია აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმებოდა, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ეს მხარდაჭერის ხაზგასმად უნდა აღვიქვათ?
- ის, რომ ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრაში ჩაერთო ობამა, თავისი ინიციატივით - ქართული დელეგაცია მას ვერ შეუვარდებოდა კაბინეტში, უკვე საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია და მიუთითებს მის ინტერესზე საქართველოს თემატიკის მიმართ. ამ ჩართვის ის ძირითადი შედეგებიც, რაც ინფორმაციის სახით მოვიდა ჩვენამდე, ძალზე მნიშვნელოვანია. კერძოდ, რომ ის მხარში უდგას საქართველოს მთავრობას და რაც მთავარია, მთლიანად ემხრობა რუსეთის მიმართ განხორციელებულ რთულ, მაგრამ დიპლომატიურ პოლიტიკას და არა კონფრონტაციულს.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი პრემიერობის დროს ვერ მოახერხა შტატებში ვიზიტი. ღარიბაშვილი კი გაპრემიერებიდან რამდენიმე თვეში უკვე აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდა, იყო მიზეზი, რის გამოც პროცესები ასე წარიმართა?
- ეს გამოიწვია ივანიშვილის ადრინდელმა განცხადებამ, რასაც ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, რომ ორ წელიწადში წავიდოდა პოლიტიკიდან. ამან გადააწყვეტინა, რომ ასეთი სერიოზული ვიზიტები, რომელიც ქვეყნის მეთაურს შეიძლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოუწიოს, არ განეხორციელებინა. თავის მემკვიდრეს დაუტოვა ასეთი სტრატეგიული ვიზიტების განხორციელების საშუალება, ვინაიდან სტრატეგიის განხორციელებაც მისი მემკვიდრის საქმე გახდა. ასე რომ, ეს ვერმოხერხება არ არის, ეს სრულიად შეგნებული გადაწყვეტილებაა და დეტალები ამაზე მიგვითითებს - ივანიშვილი ამერიკაში გაისეირნებდა სხვა ფორმითაც, რომ არ მოეცდინა ის შესაძლებლობა, რაც არც ისე ხშირია ხოლმე.
თვითონ ის ჟესტი, რომ თვითონ ობამა შევიდა ქართულ დელეგაციასთან ბაიდენთან შეხვედრის დროს, რაზე მეტყველებს?
- ერთი, რომ არ იყო აღებული კურსი იმაზე, რომ შეხვედრების ჩამონათვალში გაეწერათ პროტოკოლურად, რადგან ამას სხვა ჟღერადობა ექნებოდა. მეორე, რომ საპრეზიდენტო მხარდაჭერა განეცხადებინა და მოგეხსენებათ, ამას აქვს პოლიტიკაში მნიშვნელობა. ანუ, უშუალო მხარდაჭერა რომ განეცხადებინა, ამისთვის შევიდა კონტაქტში, გააკეთა შეფასებები და ა.შ. ასეთი საჯარო მხარდაჭერის გაცხადებას უკრაინის მოვლენების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინის მოვლენებმა მოახდინა ზეგავლენა?
- ალბათ, რადგან ობამა უახლოეს ხანებში გეგმავს მოლდოვის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. ასეთი რიგში ჩაყენება იმ ქვეყნებისა, რომელთა ევროპული ორიენტაცია ყველაზე რეალურია, რომ შედეგს მოიტანს და ასეთი თავმოყრა ამ ქვეყნებისა თეთრ სახლში, ობამასთან, რომელთა ზეწოლასაც რუსეთი დღემდე ახორციელებს, ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს.
ეს ხომ არ გააღიზიანებს რუსეთს და ხომ არ არის მოსალოდნელი, მისი პოლიტიკა გახდეს უფრო აგრესიული ვიდრე აქამდე?
- რუსეთს არ აკლია აგრესიულობა, რაც ოლიმპიადის დასასრულმაც აჩვენა კიდეც. თავისი მისია ქართულმა დელეგაციამ იმითაც შეასრულა, რომ ამერიკის უმაღლეს ეშელონებამდე, ობამას ჩათლით, მიიტანა ის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი აქტუალურია - მავთულხლართების არსებობა და მითუმეტეს, მათი განახლება. ასე რომ, ამ მიმართულებით, თუ ომს არ დაიწყებს, რუსეთს დასამატებელი მეტი არაფერი აქვს. მაგრამ, მეორე მხრივ, დღეს სწორედ რუსეთს გაუჭირდება აგრესიულობა.
მთელი მსოფლიო ფოკუსირებულია, როგორ მოიქცევა რუსეთი უკრაინასთან და სხვა ანალოგიურ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან ის, რაც უკრაინაში მოხდა და რამაც სისხლი დაღვარა, ფაქტობრივად, რუსეთისგან წამოწყებული, მისი „სალდაფონობით“, რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკით გამოწვეული პროცესი იყო.
ასე რომ, ახლა გაათმაგებული ყურადღება ექცევა, ამ ძალისმიერ პოლიტიკას სად გამოიყენებს რუსეთი და სად არა. ამდენად, დღეს შეიძლება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იყოს იმისათვის, რომ გააკეთო ის, რაც რუსეთს აღიზიანებს, ოღონდ ისე, რომ ამ გაღიზიანების უარყოფითი შედეგები არ მიიღო.
კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- იგივე, ნაბიჯებს დასავლეთისკენ - დღეს რუსეთს მოერიდება იმისა, რომ „სალდაფონური“ სახე გამოავლინოს, რადგან მის ამ ძალისმიერ პოლიტიკას სისხლი და ბუნებრივია, მთელი მსოფლიოს აღშფოთება მოჰყვა.
როდესაც ობამა მოვიდა ქვეყნის სათავეში, მისი სავიზიტო ტაქტიკა გახდა გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან. შემდეგ აშშ უკვე ისე აქტიური აღარ იყო პოსტსაჭოთა სივრცის მიმართ. ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ, როდესაც აშშ-ს მხრიდან საქართველოს აშკარა მხარდაჭერას გაესვა ხაზი, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე, გადატვირთვის პოლიტიკა გაგრძელდება რუსეთთან?
- ხაზი გაესვა ამერიკის მხრიდან, რომ ეს ორი ვიზიტი არაფერ კავშირში არ არის რუსეთთან და ეს უბრალოდ, მხარდაჭერაა იმ ქვეყნების, ვისაც სურთ დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სტრატეგია შეიმუშავონ. ამ ხაზგასმას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამოვიკითხოთ არსებითი განსხვავება ობამას პოლიტიკისა წინამორბედებთან შედარებით.
წინამორებედები, ანუ „რესპუბლიკელები“ აგრესიული პოლიტიკით უპირისპირდებოდნენ რუსეთს. ობამაც უპირისპირდება რუსეთს, ოღონდ არააგრესიული რიტორიკით. ანუ, ცდილობს, არ გააღიზიანოს რიტორიკით, გადატვირთვის პოლიტიკა გახადოს წამყვან პოლიტიკურ კურსად, ოღონდ გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც მიაჩნია საჭიროდ დასავლეთს და არა ისე, როგორც სურს რუსეთს.
რაც შეეხება პასიურობას, მთელი მსოფლიო აღნიშნავს, რომ ერთხანს ობამა მართლაც პასიური იყო თავისი შიდა პრობლემების გამო და ახლა უკრაინის თემამ ფაქტობრივად, გამოაღვიძა.
ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მოვლენების შემდეგ უკვე ნამდვილად იცვლება ევროპის პოლიტიკური რუკა. ეს როგორ აისახება საქართველოზე? პირველი, რაც ვნახეთ ეს იყო აშკარა მხარდაჭერის გამოხატვა აშშ-ს მხრიდან, მაგრამ შემდგომში რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
- ძნელი სათქმელია, რა ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ როგორც ევროსტრუქტურებში შესვლის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, პროცესები, ალბათ, დაჩქარდება. ანუ, დაგვიანებამ მოიტანა მაიდნის ტრაგედია, ამიტომ პროცესები დაჩქარდება.
აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ნატოსკენ მიმავალი პროცესები ასე დინამიური არასოდეს ყოფილა. ჩვენი ნატო-ში შესვლის თემა სკეპტიკოსებისთვის იუმორის საგანიც კი გახდა, რადგან ამდენი წელი მაპ-ამდეც ვერ მივაღწიეთ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება რეალურად დაჩქარდეს ეს პროცესი?
- დაუბადებელ ბავშვს სახელს არ არქმევენ-ხოლმე და ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება, როგორც რეალობაზე ისე ვილაპარაკო, ნატო-ში გაწევრიანება-არგაწევრიანებაზე. მაგრამ, სავარაუდოა, რომ დასავლეთმა დაინახა, იქ სადაც თვითონ შეყოვნდება, გაჩერდება ან იზარმაცებს, იმ სივრცეში რუსეთი შევა და გადაწყვეტს იმ საკითხებს თავისებურად.
ასე რომ, ნებისმიერი შენელება დასავლეთს დაუჯდება პოლიტიკურ წაგებად, იმ ხალხებს კი, ვისაც ეს ეხება - სისხლად. ეს მაიდანმა და უკრაინის გმირმა ხალხმა აჩვენა.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, როგორ აისახება ახალი ხელისუფლების იმიჯზე ამერიკული შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალები ყოველთვის სპეკულირებდნენ აშშ-ს მაღალჩინოსნებთან ვიზიტებით, მათთან მეგობრული ურთიერთობით, მათი მხარდაჭერით და ა.შ?
- ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი ვიქნები ამ ამერიკული ვიზიტის შედეგებით, რადგან, იმედია, ცოტა შემცირდება ნაციონალების გამონათქვამების ციტირება ჟურნალისტებისგან და მე არ მომიწევს მათი სისულელეების კომენტირება, ან სისულელეები შემცირდება, რაც უკეთესია. თუ ვინმეს ენას ძვალი არ აქვს, ნაციონალები არიან - ყველაფერს ამბობენ ოღონდ ნიშნისმოგების საშუალება მიეცეთ. ჯერ იმას ამბობდნენ, რომ რუსული პროექტია ივანიშვილი, მერე იმას, რომ უფრო აგრესიული უნდა იყო რუსეთის მიმართ და აგერ, ამერიკა მადლობას გეუბნება არააგრესიულობის გამო.
ანუ, ნაციონალები რასაც ამბობენ, იმის საყრდენი რაშია, სად არის, რომელ წრეებში და რა ინტერესებში, მე მგონი, უპრიანია ეს საკითხი დადგეს უფრო ფართო მსჯელობის საგნად. ეს არ არის პოლიტიკური გუნდი, ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერზე წავა საკუთარი თავის გადარჩენისთვის და ამ გუნდს კრიმინალური ჰქვია და არა პოლიტიკური.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვიზიტი არის პირველი დიდი წარმატება საქართველოს ახალი ხელისუფლებისა?
- საინტერესოა ამ შეხვედრების დეტალები. ისიც, ნაციონალების ყბადაღებული პოლიტიკური დევნის თემამ გაიჟღერა თუ არა. ჯერჯერობით, რა ინფორმაციაც ჩამოდის, ეს თემა არ გაჟღერებულა, ყოველ შემთხვევაში, იმ ჯგუფების მხრიდან, ვინც დღეს მართავს ამერიკას.
თუ რესპუბლიკელებზე ვილაპარაკებთ, ეს კიდეც ცალკე თემა და ცალკე საკითხია. რესპუბლიკელები თავისთავად, ბევრად უფრო ხელსაყრელი პარტნიორები იყვნენ რუსეთისთვის, რადგან ისინი აგრესიულები იყვნენ რუსეთის მიმართ და რუსეთიც აგრესიული იყო ამერიკის მიმართ. ერთისთვისაც მომგებიანი იყო ეს და მეორისთვისაც.
დღეს რუსეთს სამოქმედო ველი შეეზღუდა გადატვირთვის პოლიტიკით?
- რუსეთს ადვილად ნუ ჩამოვწერთ დღის წესრიგიდან, რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ამერიკასა და ევროპას ანგარიშს გაუწევს რამდენადაც შეეძლება, მაგრამ თავისთავად, სწორედ მაგით უსპობს გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთს საბაბს იმისას, რომ იყოს აგრესიული. მიზეზს ვერა, მაგრამ საბაბს ნამდვილად უმცირებს. უფრო ფხიან და ძარღვიან პოლიტიკასაც თუ გაატარებს ამერიკა, უფრო უკეთესი იქნება.
საქართველოს დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ეს არის უცხოური ინვესტიციები. ეს შეხვედრა გვაძლევს იმედს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ს მხარდაჭერის რეალური იმედი ვიქონიოთ?
- ალბათ, მაგიტომ იყო, ობამამაც ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებასაც შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობს. რა თქმა უნდა - შეუძლიათ. გააჩნია, ამერიკა რაიმე შეღავათიან პირობებს დაუწესებს თუ არა საქართველოში ინვესტიციის ჩამდებ ბიზნესმენებს. მათ გააჩნიათ ბიზნესის სტიმულირების სხვადასხვა საშუალებები. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, საპასუხო სტაბილური გარემო სჭირდება თვითონ საქართველოშიც. ადმინისტრაციამ რაც არ უნდა ქნას, თუ თვითონ კერძო ინვესტორის ინტერესში არ იქნა, მაშინ ინვესტიციები ვერ წამოვა.
ანუ, ეს ვიზიტი გვაძლევს სხვადასხვა მიმართულებებით დადებითი მოლოდინების იმედს?
- დაახლოებით ისეთი პირობებია ამ შეხვედრის შემდეგ, როგორიც იყო ვილნიუსის სამიტის შემდეგ. ძალიან კარგი ფაქტი მოხდა, ოღონდ ამ კარგი ფაქტის დამკვიდრებისთვის და პროცესის საბოლოოდ ფესვგასადგმელად უფრო მეტი შრომა ჯერ კიდევ წინაა. შრომა თვითონ ამერიკელებთან, იმ დიპლომატიურ არენაზე, რომელთანაც, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ეს რთული გზაა ოღონდ ყველაზე უკეთესი - ძალზე დიდ შრომას ითხოვს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა და შრომა ეკონომიკური თუ შიდა პოლიტიკის ნორმალიზაციისთვის.
ერთ რამეს აღვნიშნავდი, რომ ამ ვიზიტში ქართული მხარე პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, გამოჩნდა, როგორც არა ექსცენტრიული პოლიტიკის, არამედ პოლიტიკურ ნორმებში ჩამჯდარი ქვეყნის სახით.
ზუსტად ამ ვიზიტის პარალელურად დაიწყო რუსეთმა მავთულხლართების განახლება, არის ეს ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან კავშირში თუ ცალკე განსახილველი თემაა?
- მავთულხლართები უფრო ადრინდელი ჩანაფიქრია, თუმცა მეორე მხრივ, გამორიცხული არ არის, რომ ოლიმპიადის დამთავრებაზე დაიძახა პუტინმა „აბა გააგრძელეთო“ და მეტი არც უნდოდა ამ პროცესს. მაგრამ დიდი ეჭვი არის, რომ საერთოდ არც აპირებდა ამ პროცესის შეჩერებას და მხოლოდ ოლიმპადის ხათრით შეაჩერა. ასე რომ, მავთულხლართების თემა შეიძლება უფრო დაჩქარდა და ამ ვიზიტის გამო - ოლიმპიადის მეორე დღესვე განაახლეს, მაგრამ ეს ის თემაა, რომელსაც სხვა საფუძვლები ჰქონდა და უფრო ადრეა დაწყებული.