თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილეებმა და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა 1921 წლის 24 თებერვალს გმირულად დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, იუნკერების თავდადება მაგალიითია იმისა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"გულისტკივილს გამოვხატავთ და ქედს ვიხრით იმ გმირი ვაჟკაცების წინაშე, რომლებმაც 1921 წელს თავი შესწირეს თავიანთ ქვეყანას. შეიძლება ვიღაცას უაზროდ მიაჩნდა მათი ბრძოლა, მაგრამ დღეს, როდესაც მათ უკვდავ საფლავებთან ვდგევართ და წარმოგვიდგენია თუ როგორი თავდადებით იბრძოდნენ ქართველი ახალგაზრდები, ვხვდებით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, ის გმირები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცნენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.
"დღეს არის ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ბრძოლას უამრავი ქართველი ახალგაზდა შეეწირა. ისინი გმირულად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მათი ოცნება 1991 წელს ახდა. ტრაგიკული დღე იყო და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“,- განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.