მავთულხლართების უკანონო მონტაჟის პროცესი ისევ განახლდა. აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს. საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინიტროსა და მთავრობისგან საზოგადოებას მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია, ერთის მხრივ რა ხდება რეალურად, ხოლო მეორე მხრივ რას აკეთებენ საოკუპაციო სამუშაოების შესაჩერებლად.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების პროცესი გააგრძელეს. სოფლის მოსახლეობა მიწების დიდ ნაწილს სწორედ აღნიშნულ მონაკვეთზე ფლობს. ამ სამუშაოების გამო თერთმეტმა ოჯახმა 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე დაკარგა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი შეჩერებული იყო.
პარალელურად, ოსურმა მხარემ დაახლოებით 5 ჰექტარი მიტაცებული მიწის ფართობის დამუშავება დაიწყო. სოფელ ატოცს ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი სოფელი ოქონა ესაზღვრება. ამ ტერიტორიაზე წყლის სათავე ნაგებობა მდებარეობს, საიდანაც სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცევის საფრთხე წყლის სათავესაც დაემუქროს.
ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესს ეხმაურება ქვეყნის საგარეო საქმეთ სამინისტრო. მაია ფანჯიკიძის უწყებაში აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
„საქართველოს მთავრობა გმობს მსგავს უკანონო ქმედებებს, რაც სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს.
სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე საქმიანობის წარმოების, სასაფლაოზე შესვლისა და პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული კრიტიკული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას“, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ქვეყნის ვიცე-პრემიერის შეფასებით, რუსეთის ქმედებებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს.
კახი კალაძე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შესახვედრად მარტის დასაწყისში გაემგზავრება და ამ შეხვედრაზე კალაძის ინფორმაციით, მავთულხლართების გაბმის პროცესთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტრუქციულები ვართ და გვინდა დიალოგის რეჟიმში მოხდეს სიტუაციის დარეგულირება, ისიც ვთქვით, რომ ადვილი არ იქნება პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება და ფაქტი სახეზე გვაქვს. ვფიქრობ, რომ მათ ქმედებებს ჩვენი ურთიერთობები უფრო და უფრო ჩიხში შეჰყავს.
ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, მათ შორის ოლიმპიადაზე გამგზავრება და ეს ღირსეული ნაბიჯი იყო, რადგან ყველას დავანახეთ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება“, - აცხადებს კახი კალაძე და აქვე დასძენს, რომ ქართული მხარე დიპლომატიური კორპუსს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ კარასინთან შეხვედრის წინ, ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების გაბმის განახლება რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის მცდელობას ხელს არ უწყობს. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს კონსტრუქციული მიდგომა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდების აღდგენის ნაცვლად, კვლავ გამყოფი კედლის მშენებლობას განაგრძობენ.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ეს იწვევს ხალხებს შორის მეტ გაუცხოებას და არანაირად არ უწყობს ხელს საქართველო–რუსეთის ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანის მცდელობას. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პრაღაში კარასინ-აბაშიძის შეხვედრაზე მხარეები უმაღლესი დონის ქართულ-რუსულ შეხვედრის თაობაზეც აპირებენ საუბარს.
„სამწუხაროდ თავისებურ „ტრადიციად“ იქცა, რომ რუს კოლეგასთან გრიგორი კარასინთან ყოველი შეხვედრის წინ რუსეთის მხარე აახლებს მავრთულხლართების გაბმას ცხინვალის რეგიონის მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან. ახლაც იგივე მეორდება - ჩვენი მორიგი შეხვედრა ორმხრივი დიალოგის ფორმატში მარტის პირველი რიცხვებისთვის არის დანიშნული.
მოსკოვში ოლიმპიადის დროს ერიდებოდნენ სკანდალს, ოლიმპიადა დასრულდა და ახლა უკვე საერთაშორისო პრესტიჟზე ზრუნვას საჭიროდ აღარ მიიჩნევენ. ალბათ, სიტყვის გატეხვასაც აღარაფერი უდგას წინ. აკი ითქვა კიდეც, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დასრულდა. ჩვენ არ გვქონდა და არც გვაქვს ილუზია, რომ რუსეთთან დაწყებული ორმხრივი დიალოგი მარტივი პროცესი იქნებოდა. ამას ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს.
არც სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამოვთქვამთ სინანულს, რადგან ამ სწორმა გადაწყვეტილებამ თავის მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი კეთილი ნება. ამგვარად აღიქვამენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც დაბეჯითებით გვირჩევენ გავაგრძელოთ რუსეთთან რთული დიალოგი“, - აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მავთულხლართების გავლების განახლება მოსალოდნელი იყო.
„ეს მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ. ოლიმპიადის კონტექსტში რუსეთი, ამას, ბუნებრივია, არ გააკეთებდა. აშკარაა, რომ რუსეთს ძალიან ცოტა რესურსი აქვს დარჩენილი. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ის უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ჩვენ მის მოქმედებებს, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას არაფრის საშუალებას არ აძლევს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება 11 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონას, რომელიც თითქოსდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, შესაძლოა დარჩეს ისე, როგორც დღეს არის. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რადგან ეს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა კონტექსტში საქართველოს თემაზე საუბარს იოლს ხდის.
„ჩვენ დღევანდელი ამბები, რასაკვირველია, მოვუყევით ამერიკულ მხარეს, კერძოდ, ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე. ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ამას გარკვეულწილად ველოდით, რადგან ის 11 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, სავარაუდოდ, შეიძლება, აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს. რადგან დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაგვიღრმავა ის ეჭვი, რომ რუსეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით კი რუსეთის მხრიდან გაცხადებული იყო, რომ ეს რეჟიმი 21 მარტამდე გაგრძელდებოდა. მისი თქმით, ამას აკვირდება თვითონ აფხაზური საზოგადოებაც, იმიტომ, რომ ეს მათთვისაც დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.
„გეტყვით, რომ ნამდვილად მოდის აფხაზეთიდან ასეთი სიგნალები. მე მაინც მგონია, გადამეტებულ ემოციებს სჯობს დაველოდოთ 21 მარტამდე. სოჭში კი დასრულდა ზამთრის ოლიმპიური თამაშები, მაგრამ იწყება პარაოლიმპიური თამაშები. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომები გრძელდება. საქართველოც დაინტერესებულია პარაოლიმპიური თამაშები ჩატარდეს უსაფრთხოდ. ეს ჩვენს ღირსებაზეც მეტყეველბს.
საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება ოლიმპიურ თამაშებს და ჩვენ გვინდა მსოფლიომ დაინახოს, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არასებობისა, ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტში, როგორიც არის ოლიმპიური თამაშები“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, მაია ფანჯიკიძის განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს.
„სოჭისა ოლიმპიადის დასრულებისთანავე, რომელიც შეძლებისდაგვარად რუსეთის ფედერაცია შეეცადა გამოეყენებინა საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციის მისაღწევად, განახლდა ოკუპაციის ხაზზე ბარიერებისა და მავთულხლართების აღმართვა, განახლდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ამ ფონზე ძალიან შემაშფოთებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მორიგი სუმბურული, ბუნდოვანი განცხადება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.