უკრაინამ პირველ წარმატებას დაძაბული ბრძოლოს შემდეგ უკვე მიაღწია - მაიდნის მოვლენების მონაწილეთა ყველა მოთხოვნა შესრულებულია - უკრაინას რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის, ევროპისკენ მიმავალი გზაც თავისუფალია. ევროპული არჩევანის დადასტურება საქართველოს რამდენიმე თვის შემდეგ, ზაფხულის მიწურულს ელოდება, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწრება. არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოშიც შეეცდება სიტუაციის პროვიცირებას იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადოს.
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ უკრაინის წარმატება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, შესაძლოა საქართველოსთვის დამატებითი ხიფათების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს, რადგან რუსეთის მოსახლეობასთან უკრაინული მარცხის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციას საქართველოში ძალის დემონსტრირებით შეეცადოს.
ვახტანგ ძაბირაძე: მართალია სისხლი დაიღვარა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა იბრძოლა საკუთარი თავისთვის და არა ვიღაცის ხელისუფლებაში მოსაყვანად. ფაქტობრივად, სამთვიანი წინააღმდეგობა არა მხოლოდ იანუკოვიჩთან, არამედ მის მხარდამჭერ რუსეთთან მიმართებაში, დაამთავრა წარმატებით - მიიღეს ის, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდით დაუდგა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ამიტომ ეს წარმატებული ოპერაციაა.
გვახსოვს, ეს ბრძოლა რითაც დაიწყო, ევროპამ ტიმოშენკოს გათავისუფლება მოითხოვა. ტიმოშენკოს თავისუფლება იყო თუ არა საპირწონე იმისა, რაც გადაიტანა უკრაინელმა ხალხმა?
- თავიდან ევროკავშირის მოთხოვნა ტიმოშენკოს გათავისუფლება იყო, მაგრამ როდესაც უნდოდათ პრობლემის ფოკუსირება ამ საკითხზე გაეკეთებინათ, თავად ტიმოშენკომ მიმართა ევროკავშირს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან მოეხსნათ. გარდა ამისა, გამოსვლები არ დაწყებულა ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნით, გამოსვლები დაიწყო ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერის მოთხოვნით. მაიდნის მოთხოვნები არ ყოფილა დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ფიგურასთან და პარტიასთან. თუმცა ითხოვდნენ იანუკოვიჩის წასვლასა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას.
ვისურვებდი, რომ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს და უკრაინაში ისე არ წარიმართოს მოვლენები, როგორც ჩვენთან, 2007 წლის შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, იანუკოვიჩი ვერ დაბრუნდება. იმ პოლიტიკურ განცხადებებსა და მოთხოვნებნს თუ გავითვალისწინებთ, რაც მაიდანზე ისმოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინელ ხალხს კარგად აქვს გაცნობიერებული რისთვის იბრძოდა და ისეთ შეცდომებს არ დაუშვებს, როგორც ჩვენთან მოხდა თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი გადადგა და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდა.
რაც შეეხება ტიმოშენკოს, ითქვა, რომ პრემიერად მოიაზრებოდა, შემდეგ ამ ფაქტის უარყოფა მოხდა. თქვენი შეფასებით, რა პოლიტიკური ქულები დააგროვა ტიმოშენკომ და რა პოლიტიკური შანსები გააჩნია?
- საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რადგან იმ პოლიტიკური მინუსებისთვის, რაც გააჩნდა, სამ წელზე მეტი დაჰყო ციხეში. მან გააკეთა ცნობილი განცხადება, რომ მთავარია უკრაინის დასავლური არჩევანი და არა მისი თავისუფლება. ამან მოახდინა მისი რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ტიმოშენკოს პოლიტიკური გუნდი ერთ-ერთი ლიდერი იყო მაიდნის მოვლენებისა და მას საკმაოსდ ძლიერი პოლიტიკური საყრდენი აქვს. „რეგიონების პარტია“ როგორც ჩანს, დაიშლება ან წონადი ვერ იქნება ამ არჩევნებში. ვერაფერს გეტყვით სხვა პარტიების პოლიტიკურ წონაზე, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ტიმოშენკოს გუნდს ამ არჩევნებზე საკმაოდ დიდი შანსი აქვს.
თუმცა ის, რომ მან უარი თქვა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა პრემიერობიდან, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის კენჭს იყრის 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიტალი კლიჩკოც აპირებს ამ არჩევნებში კენჭისყრას და უნდა დაველოდოთ მოვლენებს.
დღესდღეობით გამარჯვების ეიფორიაა უკრაინაში, მაგრამ ყალიბდება მინისტრთა ახალი კაბინეტი, სადაც პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება მოხდება. ვფიქრობ, ახლა, უკრაინაში პოლიტიკური რეალობის რეფორმირების პროცესი მიდის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მართალია წონა დაკარგა იანუკოვიჩის პარტიამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მერკელი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გაყოფა არ მოხდება, მინდა აღვნიშნო, რომ მაიდნის გამარჯვება ხიფათის შემცველი იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ევრაზიისთვის - ეს არ არის საქართველო, ან ის რეგიონები, რომელზეც ჩვენს შემთხვევაში მიდის ლაპარაკი, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ვგულისხმობ. ყირიმის ფაქტორი კარგად აქვს გაცნობიერებული რუსეთსაც და დასავლეთსაც.
გარდა ამისა, პოლიტიკაში ხილული ფაქტორების გარდა, არსებობს წყალქვეშა დინებებიც, აქ რას იზამს რუსეთი და როგორ განავითარებს პროცესებს, საკითხავია. არ ვარ დარწმუნებული, რომ პროცესები მშვიდად წავა. თუმცა, რაც უკრაინაში მოხდა, უკვე რეალური გამარჯვებაა.
უკრაინამ სისხლის ფასად, მაგრამ მაინც გააკეთა თავისი დასავლური არჩევანი. თქვენი შეფასებით, რუსეთი, რომელიც არ ურიგდება არც ერთ მარცხს, ასე ადვილად შეეგუება ასეთ მარცხს?
- იანუკოვიჩი იმთავითვე ითვლებოდა პრორუსულ ძალად თავად უკრაინაშიც და მის გარეთაც. ძალზე დიდი იყო ეჭვი, რომ როდესღაც ის უარს იტყოდა დასავლეთთან თანამშრომლობაზე. შედეგად, რუსეთმა ფაქტობრივად, ვერ მოახერხა თავისი ნახევრად ლეგიტიმური წარმომადგენლის შენარჩუნება უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე - იანუკოვიჩზე უკვე ძებნა გამოცხადდა.
რუსეთი სხვა ფორმით შეეცდება იმუშავოს იმაზე, რომ პრობლემები არ დამთავრდეს უკრაინაში, მაგალითად, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გაძლიერდეს. ვიცით, რომ რუსეთმა უკვე შეაჩერა ფინანსური დახმარება და უკრაინას უარი უთხრა 2 მილიარდის გადარიცხვაზე.
პარალელურად, სავარაუდოდ, აამუშავებს თავის მეხუთე კოლონას, რომელიც, ალბათ, საკმაოდ ძლიერია, თუმცა არც იმდენად, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ამ ბერკეტებით რუსეთი შეეცდება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ახალი ხელისუფლების მიმართ უკრაინაში.
ეს რომ ცენტრალური ევროპა არ იყოს, არამედ პერიფერია, თუნდაც, ისეთი, როგორც ჩვენ ვართ, ალბათ, რუსეთი წავიდოდა იმაზე, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გაეღვივებინა, მაგრამ ძალიან ძნელია რუსეთისთვის უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაიდნის მოვლენების შემდეგ დღის წესრიგში დგება ბელორუსის საკითხიც. მართალია ბელორუსს არ ჰყავს ისეთი ორგანიზებული ოპოზიცია, როგორც უკრაინას, მაგრამ ტალღა აქ ვერ გაჩერდება, გავრცელდება ბელორუსშიც და მოლდოვაშიც. საქართველოსთან ეს საკითხი არ დგას - ხელისუფლებაც და ხალხიც პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს. ამიტომ, მგონია, რომ რუსეთი აშკარა მოქმედებას ვერ შეძლებს და მხოლოდ წყალქვეშა დინებებით შეეცდება არა პოლიტიკური, მაგრამ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას.
ყირიმთან დაკავშირებით მუდმივად კეთდებოდა პროგნოზები, რომ რუსეთი ამ თემას გაამწვავებდა მარცხის შემთხვევაში. ღიადაც ითქვა, რომ თუკი უკრაინის ახალი ხელისუფლება ასოცირების შეთანხმებას მოაწერს ხელს, ყირიმი რუსეთთან შეერთებას მოითხოვს. პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახდება შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ამ თემის პროცირება არ მოხდეს?
- რუსეთი უკრაინის ნებისმიერი მთავრობის შემთხვევაში შეინარჩუნებს სევასტოპოლს, რადგან იქ ბაზები აქვს განთავსებული და 20-წლიანი ხელშეკრულებაც არსებობს ამის შესახებ. ყირიმის თემა ასე მარტივი არ არის. იქ დგას ყირიმელი თათრების პრობლემა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გადმოჰყვა უკრაინას. თუ ყირიმის პრობლემა დაისვა, ის არ იქნება მხოლოდ უკრაინის შიდა კონფლიქტი, რაღაც ნაწილში უკავშირდება თურქეთსაც, ეს გახდება საერთაშორისო რეზონანსის მქონე თემა.
გარდა ამისა, ხრუშჩოვის პერიოდში მოხდა ფაქტობრივად გაცვლა, უკრაინამ დათმო ყუბანი, რუსეთმა - ყირიმი. რუსეთი დღეს ყუბანს ვერ დათმობს, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია - ვიცით, რომ გარკვეული პერიოდი ყუბანი მთელ ევროპას ამარაგებდა ხორბლით.
გარდა ამისა, ყირიმის გამოყენებით იქნება თუ ყირიმის გარეშე, აშკარა დაპირისპირებას რუსეთი მაიდნის მონაპოვართან ვერ გაბედავს. უკრაინა თავისი მასშტაბებით, შეიარაღებითა თუ სხვა მონაცემებით, საქართველოსგან განსხვავებით, დიდი ქვეყანაა. იმდენი პოლიტიკური გამოცდილება კი აქვს რუსეთს რომ მიხვდეს, რამდენად სახიფათო იქნება აშკარად მოქმედება.
უკვე აღვნიშნე, რომ მოლდოვასა და ბელორუსში უკრაინის მოვლენებს გადამდები ეფექტი მოჰყვება. რუსეთის მხრიდან პროვოცირების შემთხვევაში კი, გამორიცხული არ არის, ეს მოძრაობა გადაედოს თავად რუსეთსაც.
ევროპული და დასავლური არჩევანი, ყოფით და მოსახლეობის დონეზე რუსეთშიც გაკეთებულია - ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყველას სურს ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობენ დასავლეთში და ამას რუსეთი წინ ვერ აღუდგება. ეს ყველაფერი ძალზე საფრთხილოა რუსეთის ხელისუფლებისთვის და ამიტომ არ ველოდები, რომ რამე განსაკუთრებულს მოიმოქმედებს უკრაინის მიმართ. უფრო ეკონომიკური და სოციალური თემების პროვოცირებით შეეცედბა უკრაინაში ისე არ წავიდეს მოვლენები, როგორც რუსეთს არ აძლევს ხელს.
რამდენიმე თვეა დარჩენილი, ვიდრე საქართველო მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. უკრაინის მოვლენებამდე კეთდებოდა პროგბოზები, რომ რუსეთი სოჭის ოლიმპიადის შემდეგ შეეცდებოდა საქართველოზე ზეწოლას. უკრაინის მოვლენების შემდეგ ეს მოლოდინი როგორია?
- იმის მიუხედავად, რომ რუსეთის და უკრაინის ყოფილი ხელისუფლების ღია და გახსნილმა ურთიერთობამ შედეგი ვერ გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოვლენები, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, რუსეთს არ შეუკრავს ხელ-ფეხს, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს, გნებავთ საქართველოში, გნებავთ მოლდოვაში.
რუსეთს ერთი დიდი კოზირი აქვს, რომ თავად მას, ეს ქვეყნები პრობლემას ვერ უქმნიან ვერც შიდა და ვერც გარე პოლიტიკური თვალსაზრისით. დასავლეთსაც არ სურს რუსეთთან მკვეთრი დაპირისპირება და ცდილობს, დიპლომატიური გზებით მოაგვაროს მესამე ქვეყნების პრობლემები. აქედან გამომდინარე, რუსეთს სამოქმედო დრო აქვს.
ჩვენთან პროცესები ისე ვერ განვითარდება, როგორც უკრაინაში, რადგან ხელისუფლება ყველა შემთხვევაში მზად არის, ასოცირების ხელშეკრულებას მოაწროს ხელი. ამდენად, ეს პრობლემა პირდაპირ ვერ გადმოვა ჩვენთან.
თუმცა, რუსეთი შეეცდება „მეხუთე კოლონით“, სოციალური პრობლემების აქცენტირებით, არასტაბილური რეგიონების შექმნით, ან არსებულის გამოყენებით, სიტუაცია დაძაბოს. შეიძლება შეეცადოს რუსეთის ბაზარზე შესული პროდუქციის უკან გამოდევნას.
გარდა ამისა, რუსეთი აკონტროლებს ქართული სასიციოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების უმეტესობას, მაგალითად, წყალს, ელექტროენერგიას. აკონტროლებს დიდ სამრეწველო ცენტრებსაც, კაზრეთის საბადო იქნება ეს თუ რუსთავის აზოტი. ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს საკმაოდ მძლავრად აკონტროლებს რუსული ფული და რუსეთი ამას შეძლებისდაგვარად გამოიყენებს. გამოიყენებს ალბათ იმასაც, რომ საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, თითქოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით რუსეთის მხრიდან გარკვეული დათმობების მოლოდინია - ამ მიმართულებითაც შეიძლება იმუშავოს.
საქართველოს ხელისუფლება ყველა ამ ნიუანსზე რეაგირებისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა ის, რაც უკრაინაში მოხდა ძალზე ცუდ პოზიციაში აყენებს რუსეთს. დღეს საქართველოს მოსახლეობაში უკვე არის განცდა, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ის, რაც შეძლეს უკრაინელებმა მაიდანზე.
რუსეთისადმი დამოკიდებულება საქართველოში პოზიტიური არასოდეს ყოფილა, მაგრამ ეს ნეგატივს კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გაუჭირდება რუსეთს საკუთარი ბერკეტების გამოყენება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ შეეცდება.
პირიქით, შესაძლოა, რუსული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, რაკი უკრაინაში დამარცხდა, იმიჯის რეაბილიტაციას საკუთარ მოსახლეობასთან პუტინი და მისი გუნდი საქართველოში შეეცადოს - ეს ვერსიაც გასათვლელია.
ხიფათების თვალსაზრისით, უკრაინის მოვლენები რისკს კი არ ამცირებს არამედ ზრდის საქართველოში. ამიტომ ძალიან მაწუხებს ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადება, როდესაც ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოში საკუთარი რესურსები ამოწურა. არ მგონია, რომ ეს ასეა და ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე და ყურადღება მართებს, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
ანუ შეფასება, რაც ბოლო სამი თვეა გვესმის, რომ საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, მთლად ასეც არ ყოფილა?
- წყდება იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოების განწყობა - თუ იბრძოლებ, გაიმარჯვებ - გაძლიერდა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ საქართველოსა და უკრაინაში სხვადასხვა მოცემულობები გვქონდა.
რუსეთი უკრაინაში ღიად მოქმედებდა, აქცენტი გააკეთა ხელისუფლებაზე, იანუკოვიჩსა და მის პოლიტიკურ გუნდზე, სადაც თამაში წააგო. საქართველოში ამ მიმართულებით აქცენტი არ გაუკეთებია, თუმცა თამაში მიდის ფარულად, არალეგალურად, იმ შრეებში, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალსაწიერში არ ხვდება, გარდა სპეცსამსახურებისა. ჩვენსა და უკრაინას შორის ეს განსხვავებაა.