თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქ. გუანჯოუს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქ. გუანჯოუს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა, მისმა მოადგილეებმა და ცენტრალური მთავრობის წევრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. გუანჯოუს სამთავრობო და კერძო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოში გაიმართა საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში განსახორციელებელ პროექტებს შეეხებოდა.

ჩინეთის დელეგაცია თბილისში საკრებულოს მოწვევით იმყოფება.

როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილია ორმხრივი  ჯგუფის შექმნა, რომელიც თბილისსა და გუანჯოუში კულტურული დღეების გამართვას უზრუნველყოფს.

"ნოემბრის თვეში ჩვენ ვიმყოფებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც თბილისსა და გუანჯოუს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. დღეს კვლავ შევხვდით ამ ადამაიანებს და უკვე კონკრეტულად და დეტალურად დავსახეთ სამომავლო გეგმები. განათლების, კულტურისა და ტურიზმის გარდა საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხებოდა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო წინ წასწევს ჩვენს ქალაქს, რადგან შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილები და დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები“,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

"მოხარული ვარ, რომ ახლა თბილისში ვიმყოფები და ჩვენს შორის ყალიბდება ღრმა მეგობრული ურთიერთობები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ორი ქალაქის დამეგობრების მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, გვინდა ჩვენი ეს ურთიერთობა უფრო შორს წავიდეს ყველა სფეროში, მათ შორის ტურიზმსა და სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ გუანჯოუში მოეწყობა თბილისური დღეები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციები. ანალოგიური ღონისძიებები თბილისში გუანჯოუს დღეების სახითაც მოეწყობა“ – აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. გუანჯოუს მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ პან ანიმ.

ქ. გუანჯოუს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დედაქალაქს 28 თებერვალს დატოვებენ.