„ოცნების“ განახლება

„ოცნების“ განახლება

რას გულისხმობს „ქართული ოცნების“ განახლების ახალი ეტაპი?! ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს საგანგებოდ მიმართა და პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძესა და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის რეგიონებში პარტიული კონფერენციების ორგანიზება დაავალა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები კარგა ხანია, ურჩევდნენ „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი პარტიის სტრუქტურირებაზე ეზრუნა და არა კოალიციის გაძლიერებაზე, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მაინც დაჩრდილულად გამოიყურებოდა კოლიაციის დომინანტ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მის უკან ანგარიშგასაწევი ძალა - ბიძინა ივანიშვილი იდგა.

მოხდება თუ არა ხელისუფლებაში მიმართულებების გადაფასება და გააქტიურდება თუ არა ზრუნვა პარტიული რესურსების განვითარებისთვის?! რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ „ქართული ოცნების“ იმ მომხრეებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შემდეგ დაფასებას ელოდნენ და პარალელებს „ნაცმოძრაობასთანაც“ ავლებდნენ, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა საკუთარი აქტივისტების დასაქმებაზე.

უფრო მეტიც, „ნაცმოძრაობა“ არასდროს თაკილობდა განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლებას და მათი თავისიანებით ჩანაცვლებას. ამდენად, „ოცნების“ აქტივისტების თვალში „ქართული ოცნების“ სისუსტედ წარმოჩნდებოდა, რომ პოსტებს ისევ ნაციონალები ინარჩუნებდნენ.

ახლა კი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ იმ მომხრეებსა და აქტივისტებს აიმედებს, ვისაც, მისივე თქმით, დღემდე აქვთ საკუთარი შრომის დაუფასებლობის განცდა. წინასაარჩევნოდ პრემიერი მათ საკუთარი დამსახურებების გათვალისწინებას ჰპირდება და იმასაც უხსნის, რომ ეს აქამდე ვერ მოხერხდებოდა ქვეყანაში არსებული სირთულეების გამო.

„პარტია „ქართული ოცნება“ ახალი ძალით იწყებს მუშაობას. ამიტომ პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს მოგიწოდებთ, იაქტიურეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ მის განახლებასა და გაძლიერებაში. ასევე, მოვუწოდებ ახალგაზრდობას, შემოგვიერთდით. მე მსურს, თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი სახელმწიფო. წინ გველის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია, თქვენთან ერთად, ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც თავდაუზოგავად იშრომა და იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩეს“, - ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება.

შესაძლებელია თუ არა ნიჰილისტურად განწყობილი ადამიანების ისევ „ქართული ოცნებისკენ“ შემობრუნება? - პოლიტოლოგები შენიშნავენ, რომ ღარიბაშვილის განცხადება დაგვიანებულია. რეალურად კი, პრემიერის მიმართვას ორი მიზანი ჰქონდა - წინასაარჩევნოდ მომხრეების მობილიზება და პარტიის განაწყენებული წევრების შემოკრება. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ერთგვარ ჩაკეტილ კლუბად ჩამოყალიბდა, რომელსაც ახალი სახეების მიღება უჭირს, რაც ამ პარტიისადმი საზოგადოების უნდობლობას ზრდის. რეგიონებში კი „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის აშკარა დაპირისპირებაა. ამიტომ რეფორმა აუცილებელია.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება და ძალთა მობილიზებაა საჭირო. ამიტომ აუცილებელია ამ ძალების გამხნევება, ახალი ენთუზიაზმის გამოწვევა, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, აჩვენოს ღირსეული შედეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამ მხრივ კი კოალიცია ბუნდოვანია სუბიექტების ერთიანობის ხარისხის მიხედვით.

ექსპერტის აზრით, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის იმედგაცრუება დიდია, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, ცდილობენ ბოდიშის მოხდას, პატიების თხოვნას იმ ხალხისთვის, ვინც სიცოცხლე სასწორზე შეაგდო, დიდ ხიფათს არ შეუშინდა და 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე ივანიშვილის გვერდით დადგა. ეს ხალხი მართლაც იგნორირებულია და მათ აქვთ უმადურობის განცდა, რომ არ დაუფასდათ შრომა.

ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ამ ხალხის პარტიისკენ მობრუნება ძნელი იქნება. თუ მერკანტილური მომენტები არ წამოვა წინა პლანზე, მათი უმეტესობა ისე აქტიურად აღარ დაუდგება გვერდით პარტია „ქართულ ოცნებას“. უფრო მეტიც, გულუბრყვილო არავინ არის საქართველოში და ასეთი დამოკიდებულება მათ ვერ მოაბრუნებს. ამიტომ გათვლა სხვებზე, ახალ ძალაზეც კეთდება, რომელიც იმ დროს სიფრთხილის გამო არ იდგა „ქართულ ოცნებასთან“.

ექსპერტის შეფასებით, მმართველი პარტიის ხიბლი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიდია. დღეს „ქართული ოცნება“ უკვე მმართველი პარტიაა. ამდენად, ექსპერტის დაკვირვებით, მმართველ პარტიაში დიდი ხალისით ერთიანდებიან კონფორმისტები, ადამიანები, რომლებიც გამორჩენას, კარიერას, მატერიალურ სიკეთეს ელიან. ეს პარტიული პროპაგანდაც ამ კატეგორიაზეა გათვლილი.

„ამ ეტაპზე რეიტინგს მაინც ქმნის ბიძინა ივანიშვილის მიმართება ამ პარტიასთან და მის მიერ დატოვებულ პირთა ლიდერობა კოალიციასა და პარტიაში. ვითარება რთულია, რამდენადაც „ქართული ოცნების“ პარტიული მშენებლობა წინააღმდეგობრივად, ზიგზაგებით წარიმართა. მე ვიტყოდი, ჯერჯერობით, თვითონ პარტია „ქართული ოცნება“ არ შედგა. თავის დროზე ძალიან პატივსაცემი კაცი, მომღერალი, კეთილშობილი ადამიანი გივი ჭიჭინაძე აირჩიეს პარტიის ლიდერად, შემდეგ მოხდა არმაზ ახვლედიანით მისი ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ განათლებული პიროვნებაა, მისითაც უკმაყოფილოები აღმოჩდნენ და შემდეგ გადანაცვლება მოხდა, რის შედეგადაც კოალიციისა და პარტიის ფორმალური ლიდერი გახდა ირაკლი ღარიბაშვილი. თუმცა, რამდენადაც ის პრემიერ-მინისტრია, პრაქტიკულად ვერ შეძლებს გაუძღვეს პარტიას. ამიტომ ახლა მთავარი აქცენტი გადატანილია კალაძე-ვოლსკის ტანდემზე, რომლებიც მომხიბვლელი და გონიერი პიროვნებები არიან. რამდენად წარდგებიან ისინი პარტიული ლიდერის ამპლუაში, ამას დრო აჩვენებს“, - გვითხრა ვაჟა ბერიძემ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში არსებობს უფრო კოალიცია „ქართული ოცნება“, ვიდრე პარტია „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ პირადად იგი დიდი ხანია, მოუწოდებს „ოცნებას“, რომ საჭირო იყო პარტიული ფლანგის განვითარება.

„ეს გახლდათ დაგვიანებული რეაქცია პრემიერის მხრიდან. ეს იყო ადამიანების მოზიდვაზე ორიენტირებული. ახლა აქვთ იმის მცდელობა, რომ კოალიციის ზოგადი მხარდამჭერები პარტია „ქართულ ოცნებაზე“ იყოს მობილიზებული და პარტია ამის ხარჯზე კიდევ უფრო განვითარდეს. რას გულისხმობს პრემიერი მათ დაფასებაში, ეს სხვა საქმეა. აქ არის არა მხოლოდ დასაქმება, ან დროებით დასაქმება და პარტიული სივრცით დასაქმება, არამედ ერთობლივი სამომავლო გეგმების შემუშავება. რაკიღა კოალიციის სახით იყო „ქართული ოცნება“ და ძირითადად ადამიანებს იწვევდა ძველი პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ უკმაყოფილებაც მისკენ უფრო მიდიოდა. ახლა სულ სხვა რეალობას სთავაზობს ახალი პრემიერი. ვფიქრობ, ეს უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაზეა აგებული და სწორიც იქნება, რომ პრიორიტეტი ააგონ ახალგაზრდების მოზიდვაზე პარტიულ განვითარებაში. ადამიანები მიხვდებიან, რომ რესურსები (მათ შორის, ფინანსური პერსპექტივებიც) „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ცალკეულ პარტიებს კოალიციაში. ამიტომ ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ჩართულობის მოლოდინი გააჩნია ამ პარტიას. თანაც, ამ კოალიციაში აქცენტი იყო გადატანილი თუნდაც პარტია „რესპუბლიკელებზე“, რომ ის იყო უფრო დომინანტური ძალა. თუკი პრემიერი გააძლიერებს იმ ფლანგს, რომ კოალიციაში ყველაზე ძლიერი პარტია იქნება „ქართული ოცნება“, ეს სწორ სტრატეგიად ჩაითვლება“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევანის რესურსი პარტია „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე კოალიციაში შემავალ ძალიან ბევრ პარტიას, რომლებიც პრაქტიკულად უფუნქციოები და უშინაარსოები არიან. საზოგადოება ამ მხრივაც მოტყუებული დარჩა, რომ კოალიციაში ისეთი პარტიები შეიყვანეს, რომელთაც საქართველოს მოსახლეობა არასდროს აირჩევდა. თუ აქ მოხდება ფოკუსირება და პარტიული განვითარება წავა ეფექტურად (და არა ნახევრად ცოცხალ ან ნახევრად მკვდარ რეჟიმში), მაშინ, ბუნებრივია, პარტია „ქართული ოცნება“ ერთ-ერთი ყველაზე და ეფექტური იქნება, რომელიც დამოუკიდებელი სახით მოვა ხელისუფლებაში.