...თუ როგორ წალეკავს ანტიამერიკული ტალღა საქართველოს

...თუ როგორ წალეკავს ანტიამერიკული ტალღა საქართველოს

2011 წლის 15 იანვარს, ძველი სტილით „ბედობის დღეს“, ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა და მთელი 25 წუთი ელაპარაკა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაქ ჰუსეინ ობამას.

 

ნამდვილად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ზემოაღნიშნული შეხვედრა:

·        იყო ოფიციალური თუ არაოფიციალური;

·        შედგა ოვალურ კაბინეტში, კაპიტოლიუმის დერეფანში თუ  უდროოდ გარდაცვლილი დიდი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნის დღეს;

·        თუ ვისი ინიციატივით შედგა ის.

 

ბარაქ ობამასთან მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი ფორმატის შეხვედრა ყველა შემთხვევაში არის თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენა და შეუძლებელია სერიოზული პოლიტიკური ქვეტექსტების მატარებელი არ იყოს.

 

შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რა დაგვებედა იანვრის იმ სუსხიან დღეს ამერიკაში.

 

დავიწყოთ იმით, რომ ყოველთვის კარგია, როდესაც მსოფლიოში უძლიერესი და ჩვენი ერთადერთი რეალური მხარდამჭერი სახელმწიფოს პრეზიდენტი და მისი ქართველი კოლეგა ერთმანეთს ესაუბრებიან 2011 წლის 15 იანვარს თუ ცოტაოდენ ადრე, სააკაშვილისა და ობამას პირველი შეხვედრის დროს. ვინაიდან, ფაქტობრივად, ზემოაღნიშნული საქართველოს ერთგვარი დიპლომატიური იზოლაციიდან გამოსვლას ნიშნავდა, რასაც ყველანი მივესალმებით, განურჩევლად იმისა:

 

·        მოგვწონს თუ არ მოგვწონს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება;

·        მიგვაჩნია თუ არა დღევანდელი საქართველო რეალურად და არა ვირტუალურად  აყვავებულ სახელმწიფოდ ეკონომიკური, სოციალური და სულიერი თვალსაზრისით;

·        გვაკმაყოფილებს თუ არა ადამიანის უფლებების დაცვისა თუ მედია-თავისუფლების სფეროებში დღეს-დღეობით საქართველოში არსებული ვითარება;

·        მიგვაჩნია თუ არა, რომ დღევანდელ საქართველოში, ისე როგორც არასდროს არის უზრუნველყოფილი და დაცული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ქართველი ერის ღირსება და კანონის უზენაესობა.                      

 

ასეა თუ ისე, ავტორიტარული, პრო-ამერიკული რეჟიმების მიერ მართულ ტუნისსა და ეგვიპტეში მიმდინარე ერთობ საინტერესო მოვლენების გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ს მთავრობის პოზიციას ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, სამიოდ კითხვას დავსვამდი:

 

1.     მართლა მიაჩნიათ თუ არა, ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, რომ დღევანდელი საქართველო ეკონომიკურად და სოციალურად აყვავებული სახელმწიფოა?

2.     მართლა აკმაყოფილებს თუ არა მათ დღეს-დღეობით საქართველოში არსებული ვითარება ადამიანის უფლებების დაცვისა თუ მედია-თავისუფლების სფეროებში?

3.     მართლა თვლის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ საქართველო რატომღაც დაზღვეულია არაბულ სამყაროში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისაგან, რომლებსაც ვშიშობ რომ ამერიკისათვის არც თუ ძალიან კარგი შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

 

გულწრფელად ვიტყვი - ნამდვილად არ ვიცი ამ კითხვებზე ამერიკელთა პასუხი. დაბნეულიც კი ვარ, როდესაც ერთის მხრივ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი  გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ვეტერანთა აქციის დარბევას 2011 წლის იანვარში  და ასევე არაორაზროვნად ნეგატიურად აფასებს მედია-თავისუფლებისა და გამჭვირვალობის სფეროებში საქართველოში არსებულ ვითარებას. მეორეს მხრივ კი, სულ რამოდენიმე დღის შემდეგ, ჯონ ბასის უშუალო „შეფი“ პრეზიდენტი ბარაქ ობამა  არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ქართველ კოლეგასთან ორჯერ პირისპირ საუბრისას (თუ თეთრი სახლის პრეს-სამსახურის განცხადებებს დავეყრდნობით) საჯაროდ გაამახვილოს მიხეილ სააკაშვილის ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებსა  და ჩვენ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის „ქართული მოდელის“ ამერიკის ელჩისთვისაც კი თვალშისაცემ ნაკლოვანებებზე.

 

თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტის ზემოაღნიშნული „დუმილი“ საქართველოს დღევანდელი მმართველი გუნდის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოდ  დემოკრატიული პროცესების რეალური გაღრმავების სფეროებში გატარებული პოლიტიკისადმი სრული თანხმობის თუ ”არა უკმაყოფილების” არარსებობის ნიშანი მაინცაა, ერთი შემიძლია ვთქვა მხოლოდ - ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს.  

 

ვერ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამერიკასთან მიმართებაში ქართული დიპლომატიის ბოლოდროინდელი წარმატებები იმითაც იყვნენ განპირობებულნი, რომ პრაგმატიული ამერიკელებისათვის ავღანეთში მყოფი თითოეული თავიანთი ჯარისკაცის  გადარჩენა ჩვენი მრავალათასიანი  სამხედრო კონტინგენტის რიგებში მეომარი ქართველი ბიჭების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა ვიდრე დემოკრატიულ ფასეულობათა რეალური დამკვიდრება საქართველოში და ქართველი ერის კეთილდღეობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მაქვს უფლება საჯაროდ არ გამოვთქვა სერიოზული შეშფოთება და ეჭვები, რომელიც გამიჩინა ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების ბოლო შეხვედრამ.

 

გნებავთ, განიხილეთ ეს პუბლიკაცია, როგორც საჯარო მიმართვა ჩემთვის დიდად პატივცემული პიროვნებების, მათი აღმატებულებების, ბარაქ ჰუსეინ ობამასა და ჯონ ბასისისადმი, რომლებიც გულწრფელად მინდა დავარწმუნო იმაში, რომ ნამდვილად მიმაჩნია ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთადერთ რეალურ მეგობარ სახელმწიფოდ მსოფლიოში. სწორედ ამიტომაც ვთხოვ მათ გაფანტონ ჩემი და დარწმუნებული ვარ მრავალი სხვა ჩემი თანამემამულის ეჭვები და გაგვარკვიონ, ხომ არ ნიშნავს ბარაქ ობამას მრავლისმეტყველი „დუმილი“ საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრისას იმას, რომ

 

·        აშშ-ს მთავრობა „მწვანე შუქს აუნთებს“ მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მან ლეგიტიმურად დაიკავოს საქართველოს ერთპიროვნული მმართველის ანუ „ყოვლისშემძლე“ პრემიერ-მინისტრის პოსტი;

·        ამერიკა თანახმა იქნება, რათა პირადად მიხეილ სააკაშვილი, შემდგომ კი - მის მიერ ხელდასხმული რომელიმე სხვა „ვარდოსანი“ ერთპიროვნული მმართველი მრავალი ათეული წლის განმავლობაში დარჩეს საქართველოს სათავეში; 

·        საქართველოს მოსახლეობა კიდევ  კარგა ხნის განმავლობაში ვერ ეღირსება ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს;

·        არარეალური ხდება მოლოდინი იმისა, რომ  ვაშინგტონი არ დახუჭავს თვალს „პუტინიზაციის“ საშიშროებაზე საქართველოში და დაეხმარება  „ზომიერ“ ქართულ ოპოზიციას „ვარდების ხელისუფლების“ არჩევნების გზით, მშვიდობიანად „ჩანაცვლებაში“;

·        ამერიკის მთავრობა შეეგუება იმას, რომ „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნება საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს დასავლურ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობათა დისკრედიტაციასა და ანტიამერიკულ განწყობილებათა გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში, რაც არ შეიძლება სერიოზული ზიანის მომტანი არ იყოს ამერიკის გრძელვადიანი ინტერესებისათვის არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიასა და მოსაზღვრე რეგიონებში.

 

ისე, ჩვენში დარჩეს და, სამარცხვინო არ არის წარამარა ამერიკას ვთხოვდეთ დახმარებას და საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევას? რა, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება, თუ ის ნამდვილი პატრიოტებითაა დაკომპლექტებული, არ უნდა ხვდებოდეს თვითონ, თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ ეროვნული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად?

 

ნუთუ ასე რთულია იმის გააზრება, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეთა ლანძღვა - გინებითა და დისკრედიტაციით კი არ უნდა იყოს დაკავებული ჩვენი ხელისუფლება, არამედ:

 

·        ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პოლიტიკური ოპონენტებისათვის 2012-2013 წლებში სახელმწიფოს მართვის სადავეების დემოკრატიული, მშვიდობიანი და ღირსეული გზით გადაცემის პროცესის რეალური და არა მოჩვენებითი მზადებით;

·        საარჩევნო გარემოს რეალური და არა მოჩვენებითი შეცვლით;

·        ძალოვანი უწყებების რეალური და არა მოჩვენებითი დეპოლიტიზაცია-დეპარტიზაციით;

·        სასამართლო ხელისუფლების რეალური და არა მოჩვენებითი გათავისუფლებით პროკურატურისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „მარწუხებიდან“.

 

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული მხოლოდ ასეთი ნაბიჯების  გადადგმის შემთხვევაში ქართული ეკონომიკა დაძლევდა უაღრესად სახიფათო კრიზისს. და რაც არ უნდა ილაპარაკონ ვერონიკა ქობალიას ეკონომიკურ ნიჭსა და ალღოზე, ვერავის დაარწმუნებენ, რომ ეს მომხიბლველი და სულ ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მინისტრის კაბინეტში ყოფნაზე უფრო საუნივერსიტეტო აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში  მეცადინეობა უფრო წაადგებოდა, „მდგრადად“ დაძლევს  ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებულ სიძნელეებს. ამისთვის ქართველ ერში არსებული მთელი გამოცდილებისა და პროფესიული უნარის მობილიზებაა საჭირო, რომლის უცილობელი პირობა კი მხოლოდ საერთოეროვნული და არა - ვიწრო პარტიული კონსოლოდაციაა, რომლის მაგალითს, სხვათა შორის, ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება უნდა იძლეოდეს. 

 

სწორედ ამ შემთხვევაში გახდებოდა „ვარდების ხელისუფლება“ ნამდვილად, და არა ვირტუალურად, დემოკრატიული.

 

თუმცა, შესაძლებელია კი ყველაფერი ეს დღევანდელ საქართველოში? ძალიან მეეჭვება. თუნდაც ამიტომ არის შეცდომა ყველა ჩვენი პრობლემა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს გადავაბრალოთ.   

 

ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ მრავალრიცხოვან სოციოლოგიურ გამოკითხვებიდან (რომლებისაც, ბევრისაგან განსხვავებით, მე მჯერა) ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კარგა მოზრდილ ნაწილს  არ აწუხებს თავისუფლებისა და რეალური დემოკრატიის  არსებობა თუ არარსებობა საქართველოში. პრიორიტეტების შკალაში მათთვის გაცილებით მაღლა დგას დასაქმება,  შემოსავალი და ყველაფერი სხვა, რაც მუცლის ამოვსებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, საკმარისია ხელისუფლებამ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ მათ მათხოვრული ფულადი გასამრჯელო და ცოტაოდენი პროდუქტი გამოუწოდოს და „ვარდოსნებისათვის“ სასურველი არჩევნების შედეგებიც სახეზეა.

 

თურმე, რა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! აი თურმე ვინ განაგებს საქართველოს ბედ-იღბალს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებზე.

 

გაუმართლებელია გაუთავებელი ჩივილიც, რომელიც გვესმის საქართველოში და განსაკუთრებით - საზღვარგარეთიდან, ქართული ოპოზიციის სისუსტისა და დღევანდელი ხელისუფლების ჩანაცვლების პრინციპული შეუძლებლობის  შესახებ.

 

ჩვენი ოპოზიცია და, სხვათა შორის - ხელისუფლებაც, ზუსტად ისეთებია, როგორიც შეეფერება დღევანდელ ქართულ საზოგადოებას და ამ ლოგიკით ჩვენ ქვეყანაში არსებულ რეალური პოლიტიკური კულტურის კატასტროფულად დაბალი დონიდან გამომდინარე, საქართველოში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის არსებობაც შეუძლებელი ყოფილა და ეგ არის!  

 

ხელისუფალთა გასაგონად კი ერთი მინდა ვთქვა. ოპოზიციისა  და საზოგადოდ საქართველოში „ავად თუ კარგად“ არსებული პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაციით, მხოლოდ და მხოლოდ მმართველი ხელისუფლების დისკრედიტაცია ხდება, ვინაიდან ის არის სწორედ ამ პოლიტიკური პროცესის ერთად ერთი მეტ-ნაკლობად სრულფასოვანი მონაწილე.

 

და ბოლოს, კვლავ ორიოდ სიტყვა არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებად ქვეყნებში, რომელთა შორის საქართველოც მოიაზრება. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება იმ უცხოელ პოლიტოლოგთა მოსაზრებები, რომლებიც პრაგმატიზმის ნიღაბს ამოფარებული ცინიკოსები არ არიან. ზუსტად ასეთია თვალსაჩინო ამერიკელი მეცნიერი პატრიკ ბიუქენენი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ არ უნდა შეუწყოს ხელი დემოკრატიის განვითარებას ზემოაღნიშნულ ქვეყნებში იმიტომ, რომ  ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ამ სახელმწიფოებში შესაძლოა ანტიამერიკული ძალები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, როგორც ეს მოხდა კიდეც თურქეთში.

 

აგაშენა ღმერთმა, მ-რ ბიუქენენ! მეც მანდ ვარ! გაუმარჯოს ღია დიქტატურას საქართველოში, ვინაიდან დემოკრატიის იმიტაცია ბევრად უარესი და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისათვის, ვიდრე ყველაზე სისხლიანი ღია დიქტატურა!

 

რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ ყველა ხუმრობაში ხომ დევს ჭეშმარიტების მარცვალი?

 

წესით, ამერიკელებს კი უნდა ერჩიოთ ჩატარდეს საქართველოში თავისუფალი არჩევნები და ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად შეიცვალოს კანონიერად ხელისუფლება. ასეთ შემთხვევაში, დღესდღეობით მაინც, ხომ ნამდვილად ვერ მოვლენ საქართველოს სათავეში ანტიამერიკული ძალები?!

 

უნდა ერჩიოთ, მაგრამ არ ურჩევნიათ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც აშშ-ის სენატის ვებ-გვერდზე - www.senate.gov-ზე ამერიკის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ჯეიმს კლაპერის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე ა.წ. 16 თებერვალს გაკეთებული ანგარიშის შესახებ გავიგე, სადაც ეს ავტორიტეტული ამერიკელი მაღალჩინოსანი მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გაპრემიერებაში თითქმის დარწმუნებულია. ერთი სიტყვით, საქართველოსთან მიმართებაში ხელებიც დაგვიბანიაო - უთქვამთ თურმე ჩვენ ოკეანისგაღმელ მეგობრებს.

 

ჰოდა, ამ შემთხვევაში, ღმერთმა დაგვიფაროს და, მომავალში შეიძლება ისიც  ვნახოთ, თუ როგორ წალეკავს ანტიამერიკული ტალღა საქართველოს. მით უმეტეს, რომ უკვე მომხდარა ეს არა ერთხელ და, სხვათა შორის, ჩვენს მეზობლადაც კი. მაგალითად - 1979 წელს ირანში.

 

სხვა საქმეა, თუ როდის მოხდება ეს - შედარებით ადრე თუ, ცოტაოდენ გვიან.