ვალერი გელბახიანი: პატარკაციშვილის ოჯახისთვის ადამიანის ღირსებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფული აღმოჩნდა

ვალერი გელბახიანი: პატარკაციშვილის ოჯახისთვის ადამიანის ღირსებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფული აღმოჩნდა

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად 6 წელი გავიდა... ამ ხნის განმავლობაში არაერთი რამ ითქვა და დაიწერა პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის შესახებ, თუმცა ის, რასაც დღეს ,,ასავალ დასავალის“ მკითხველისთვის ვალერი გელბახიანი ჰყვება, არასოდეს თქმულა. დიახ, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იმ დეტალებს ასაჯაროებს, რისი გამხელისგან წლების განმავლობაში, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო თავს იკავებდა:

- ვფიქრობდი, კაცი გარდაიცვალა, ოჯახმა დიდი ზიანი მიიღო და იქნებ, მორალური თვალსაზრისით, ჯობდეს, უხმაუროდ მოგვარდეს პრობლემები–მეთქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილის ოჯახსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულება გამოქვეყნდა, გადავწყვიტეთ, დუმილი დაგვერღვია. შტაბის წევრებმა, რომლებიც ბადრის გვერდით ვიდექით და სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე გავიარეთ, არაფერი ვიცოდით ჩვენს ზურგს უკან დადებული ამ სამარცხვინო ხელშეკრულების დეტალების შესახებ. თარჯიმნის დახმარებით ვთარგმნეთ სრული ტექსტი და არა ის შვიდგვერდიანი ვერსია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეების ჩამონათვალში ოჯახის წევრების გარდა, იდეოლოგიური მემკვიდრეებიც შედიოდნენ.

საქმე ის გახლავთ, რომ 2007 წელს, დეკემბერში, შტაბის წევრებისა და აქტივისტების სახელფასო ანაზღაურებისთვის ბადრი პატარკაციშვილმა ოფშორული ანგარიშიდან 8 მილიონი დოლარი გადარიცხა, თუმცა, პროკურატურამ მეორე დღესვე დააყადაღა და ფული მიზნობრივად ვერ განაწილდა. იმ პერიოდისთვის 40 ათასზე მეტი აქტივისტი გვყავდა. სწორედ ამ 8 მილიონი დოლარის მიღებისათვის იყო საჭირო, რომ დოკუმენტის ჩამონათვალში იდეოლოგიური მემკვიიდრეები დაფიქსირებულიყვნენ. სხვანაირად 8 მილიონს ვერ აკანონებდნენ აბა რაში ანაღვლებდათ სააკაშვილსა და გუდავაძეს ბადრის იდეოლოგიური მემკვიდრეპბის აღიარება. ერთი სიტყვით, 8 მილიონი, ნაცვლად ბადრის თანამებრძოლებისა და შტაბის წევრებისა, ოჯახმა წაიღო. ჩვენი სახელით ისპეკულიანტა! ეს არის თვალთმაქცობა, რომ არაფერი ვთქვათ თაღლითობასა და დანაშაულზე. აქტივისტები გასაკუთრებით აგრესიულები მას შემდეგ გახდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მათი ხელფასისთვის დარიცხული თანხა პატარკაციშვილის ოჯახმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

ბატონო ვალერი, როგორც ცნობილია ამ დოკუმენტის გასაჯაროება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის თანმობით მოხდა, გამოდის რომ საკუთარი დანაშაული ამხილეს?!

- ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი კაცია და როცა ის ამ დოკუმენტს გაეცნო ემოცია ვერ დამალა. დოკუმენტის გასაჭაროება მისი ინიციატივა იყო. უბრალოდ, ოჯახი იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ხელშეკრულებაში წერია , რომ იმდენად კონფიდენციალური დოკუმენტია, მხარეებს უფლება არ აქვთ, გაასაჯაროონ. მეტიც, ნათქვამია, თუ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია გაჟონავს ან დავა წარმოიშობა, ოჯახს უფლება აქვს, ტყუილი თქვას. ანუ ოჯახის ინტერესებში მისი გასაჯაროება, რომ არ შედიოდა, ეს ამ ხელშეკრულებაშივე წერია. ფაქტია, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ადამიანურ ინტერსებზე წინ კომერციული ინტერესები დააყენა. გახსოვთ, ალბათ, 2008 წელს როცა პატარკაციშვილის სახლის წინ აქციები დაიწყო და ხალხი კუთვნილ ფულს ითხოვდა, ოჯახმა განაცხადა – ჩვენ ვაღიარებთ ამ ვალს, მაგრამ უნდა დაგვაცადოთ – თავს უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა, ქონებები დაღადაღებულია და პროცესები მიმდინარეობსო. მაშინ ეს ადამიანები ჩამოიცილეს, მაგრამ როდესაც სასამართლოები დასრულდა, ქონება და ფული დაიბრუნეს, ეს ვალდებულება კი დაავიწყდათ. მათვის ადამიანის ღირსებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფული აღმოჩნდა!

არადა, უამრავი ადამიანი ბადრის ინტერესების დაცვას შეეწირა. ჩვენ მხოლოდ ფურცლებზე კი არ ვყოფილვართ დაფიქსირებული, ტაიფუნმა გადაგვიარა, შვიდწლიან ემიგრაციაში ყოფნისას რაღა არ გადამხდა თავს, აღარაფერს ვამბობ იმაზე , რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მცხეთაში მამა–შვილი ერთ დღეს გარდაიცვალა. ერთერთი აქტიური მხარდამჭერი მამაკაცი პროკურატურაში გამოიძახეს და ბადრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ ცემაში შემოაკვდათ, ხოლო როცა შვილმა პროკურატურაში მამის გარდაცვლილი სხეული დაინახა, გული გაუსკდა და ადგილზევე დაიღუპა. ასეთი საშინელი ფაქტი მოხდა, მაგრამ ბადრის ოჯახს ერთი თბილი სიტყვაც კი არ გაუმეტებია მათთვის. როცა ბადრის ოჯახს დავურეკეთ და ვუთხარით ამ ტრაგედიის შესახებ, ოჯახის ერთ ერთმა წევრმა დამცინავად თქვა. ერთი ტომარა ფქვილი მიუტანეთო. ასეთმა ცინიკურმა, უსულგულო და არადამიანურმა დამოკიდებულებამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა, თუმცა, ეს ფაქტი არ გავასაჯაროვეთ... 7 ადამიანს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს რომ შტაბს ფულით დაეხმარენ, ადვოკატიც კი არ აუყვანეს, ისე მოიხადეს სასჯელი, მადლობაც კი არ უთქვამთ მათთვის. სხვადასხვა დროს 40 ადამიანი დააპატიმრეს, ათეულობით ადამიანს ქონება წაართვეს, ბევრი ემიგრაციაში გაიქცა, მაგრამ ოჯახს არავის მიმართ თანადგომა არ გამოუხატავს. სამაგიეროდ , ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას გაურიგდნენ.

იქნებ ხელისუფლების ზეწოლის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილებები?

- პატარკაციშვილის ოჯახის წევრები არავის დაუშინებია, ქალბატომა ინამ იუსტიიიის მინისტრის მაშინდელ მოადგილე თინა ბურჯალიანთან ერთად, დოკუმენტს ხელი ყოველგვარი პროტესტის გარეშე მოაწერა ლონდონში.

არ გიცდიათ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წვერებთან შინაურულ გარემოში დალაპარაკება?

- როგორც კი ემიგრაციიდან დავბრუნდი, ქალბატონ ნათელას შევხდი. კარგა ხანი ვისაუბრეთ იმაზე , რომ ბადრიმ ისტორიული მისია შეასრულა და მის სახელს დაცვა სჭირდება. მან მადლობაც კი გადამიხადა იმისთვის, რომ მისი შვილის სახელს ასე ვუფრთხილდებოდი, მაგრამ როგორც კი შტაბის წევრების მოთხოვნები გავაჟღერე, ქალბატონმა ნათელამ მითხრა – ამ საკითხს მე ვერ ვწყვეტ, თუმცა ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი ჩემს რძალ ინას, რომელიც დღემდე დიდ პატივს მცემსო. მოგვიანებით გაირკვა , რომ ქალბატონმა ნათელამ პირნათლად მოიხადა ვალი. გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ საკითხის გარკვევა დაიწყეს. იყო შემოთავაზებები, მაგრამ, როდესაც საქმე თანხის ნაწილის გადახდაზე მიდგა, თავი შევიკავეთ და იმ ადამიანების სრული სია წარმოვადგინეთ, რომელთა ვალიც ემართათ – შეგიძლიათ, თავად გაისტუმროთ ისე, რომ ჩვენ საერთოდ არ გამოვჩნდებით–მეთქი. მათ, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ გელბახიანს უნდოდა მაყუთი და თანხით გამაჩუმებდნენ. სხვათაშორის, როცა საქართველო დავტოვე, ხშირი კონტაქტი მქონდა ბადრისთან. ერთხელ, იცით, რა მითხრა? – ბიჭო, ისეთი ვითაცეები მიმტკიცებენ შენზე, ფული მოგიტეხაო, რომ არ გიცნობდე, დავიჯერებდიო. ვინ თუ არა ბადრიმ, ძალიან კარგად იცოდა, რომ მას ჩემთვის (ხელზე) კაპიკი არ ჰქონდა მოცემული და ფულს როგორ მოვუტეხავდი?! კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ – ინა გუდავაძისთვის მთავარი იყო, ხალხი ჩამოეშორებინა და არ დაეძებდა, რა ფორმით. მან კომერციული თამაში ითამაშა – თქვენ კი გინდათ ამდენი, მაგრამ მე ნაწილს მოგცემთ, თუ გინდათ, ჩავაქროთ ცეცხლი, თუ არადა, ვერაფერსაც ვერ მიზამთო. მას არ ეგონა, თუ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულება გამოქვეყნდებოდა. მოგვიანებით, როცა „ოცნება“ მოვიდა ქვეყნის სათავეში, გია ხუხაშვილი მფარველობდა. სწორედ მისი რჩევით ინა გუდავაძემ არცერთ ვალდებულებაზე თანხმობა არ განაცხადა, პირიქით, ხელისუფლების ძალით მოინდომა ამ ვალდებულებების სხვაზე გადაკისრება და ფულის კიდევ შოვნა...

სხვათაშორის, 2012 წელს ტაბახმელის სასახლეში ქალბატონ ინასაც ვეახელით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვიზიტის შესახებ ოჯახიდან ინფორმირებული იყო, დაცვამ კარი გადაგვიკეტა – სახლში არ არისო. სტუმარს, რომ ცხვირწინ კარს დაუკეტავ, რომელ მორალზეა საუბარი?! მათ ყველაფერს ფული ამჯობინეს! ბადრის სახელით სპეკულაცია დაიწყეს! დოკუმენტის მიხედვით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ პატარკაციშვილის საქმეზე სისხლის სამართლის დევნას შეწყვეტდა. დოკუმენტში ისიც იყო ნათქვამი, რომ, თუ რომელიმე პირობა დაირღვეოდა, ინა გუდავაძეს მისი გასაჩივრების უფლება პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში ჰქონდა. სამწუხაროდ, ბადრის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა, მაგრამ მას დღემდე დამნაშავის სტატუსი აქვს. ის 400 მილიონი კი, რომლის კომპენსირების ვალდებულება წინა ხელისუფლებამ აიღო, „ქართული ოცნების“ გადასახდელია. ბადრის დამნაშავეობა ხომ ავტომატურად ნიშნავს ჩვენს დამნაშავეობასაც?! გამოდის, ბადრის დამნაშავეობას ოჯახი ეთანხმება?! აი, ეს არის მათი მორალი! რა ვქნათ, ამ ჩიხიდან როგორ დავაღწიოთ თავი?! თუ ერთი კაცი მაინც დაგვიმტკიცებს, რომ არასწორად ვიქცევით, ბოდიშს მოვიხდით.

ამ დოკუმენტის გასაჯაროებას რითი ხსნით? ივანიშვილი პატარკაციშვილის ოჯახს დაუპირისპირდა?

- ბადრის და ბიძინას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ისინი არც პარტნიორები იყვნენ, არც თანამოაზრეები და არც ერთმანეთს ენდობოდნენ. ასე რომ, მესმის ბატონი ივანიშვილის, რომელიც ამ ურთიერთობის გამო ყოველთვის თავს იკავებდა პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ პოზიციის დაფიქსირებისგან – მას რომ რაიმე არ დაბრალებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს – რახან მე გპატიობ, შენ ითავხედო. მაქვს ინფორმაცია, რომ ინა გუდავაძის პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ პრემიერ–მინისტრსაც მოსთხოვა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მათ მფლობელობაში გადაცემა, ღარიბაშვილის დაშანტაჟება სცადა – თუ ქარხანა არ დაგვიბრუნდება, 400 მილიონიანი ლარის კომპენსაციასაც მოვითხოვთო. 

შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, ვინ არის ირაკლი რუხაძე?

- ჯერ კიდევ ბადრის სიცოცხლეში, როგორც დაქირავებული მენეჯერი, კომპანია „ბორჯომს“ მართავდა. რადგან ერთ–ერთი კომპანიის მენეჯერი იყო, ბადრის ოჯახის წევრებთან პირდაპირი კონტაქტის საშუალება ჰქონდა და ქალბატონ გუდავაძეს დაუახლოვდა. დღეს რუხაძე გახლავთ ინა გუდავაძის მრჩეველიც, სანდო პირიც და რწმუნებულიც. კიდევ რა ურთიერთობაა მათ შორის, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რუხაძე, რომ ინა გუდავაძის მარჯვენა ხელია, ეს დამალული არ არის. ისიც ფაქტია, რომ ირაკლი რუხაძეს დღევანდელ ხელისუფლებაში ლობისტები და მხარდამჭერები აღმოაჩნდა. რუხაძის დედა პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოში დაამტკიცა. გეკითხებით, პარლამენტმა, რომელმაც თითქმის ყველა კანდიდატი დაბლოკა, რაღა მაინცდამაინც რუხაძის დედას აუნთო მწვანე შუქი?! რა დამსახურება ჰქონდა ამ ქალბატონს ისეთი, რომ მაინცდამაინც ის აღჭურვეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაკონტროლებლის ფუნქციით?! ფაქტია, რომ რუხაძე ამ ხელისუფლების რომელიღაც გავლენიან შტოსთან რაღაც ინტერესით არის დაკავშირებული. რადგანაც იუსტიციის სამინისტრო არ აუქმებს ხელშეკრულებას, გამოდის, სახელმწიფო 400 მილიონიანი ვალის გადახდას ეთანხმება. არადა, პირიქით უნდა იყოს... ასე რომ, გასაკვირია, რატომ არ აუქმებს ხელისუფლება ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც ყველა ლოგიკით, გაუქმებული უნდა იყოს, ვინ ლობირებს რუხაძის დედას და რა მხადაჭერა აქვს რუხაძეს ასეთი, რომ ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრება?!

და მაინც, ბევრი თვლის,  რომ ბადრი პატარკაციშვილის მეგობრის მხრიდან ფულის საჯაროდ მოთხოვნა ამორალური საქციელია და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობენო...

- ინა გუდავაძეს ყველა ძველ პარტნიორთან დავა აქვს – მოსკოვში, ინგლისში, საქართველოში... ყველასთან მართალი როგორ არის? როგორც კი ვალდებულებას შეახსენებ, თურმე, ამორალურია. შენ თუ ითხოვ კუთვნილ ქონებას და თანხას, სხვას თავის კუთვნილს რატომ არ აძლევ? ჩვენი განცხადების შემდეგ ხუხაშვილიც გამოვიდა და თქვა, შტაბის წევრების მიერ ფულის მოთხოვნა ამორალური საქციელიაო. ვინ მელაპარაკება მორალზე, ხუხაშვილი? პირი გამოირეცხოს ვიდრე მორალზე სიტყვას დაძრავდეს, თორემ, თუ მორალზე მიდგება საქმე, კიდევ ბევრ, მის მიერ ჩადენილ ამორალურ საქციელს შევახსენებთ. ვალდებულება როცა არის, იქ მორალზე საუბარი, განსაკუთრებით ხუხაშვილისგან, სასაცილოა.

სხვათაშორის, ვიდრე ამ დეტალებს გავახმაურებდით, გოგი ჯაოშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჯაოშვილი არის ადამიანი, რომელმაც ბადრისთან ერთად შექმნა ბიზნესი, რომელმაც ბადრის ცხოვრების ყველა დეტალი იცის. როცა ტელევიზიის წინააღმდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალადობა დაიწყო, ჯაოშვილმა მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მინდობილობა ინა გუდავაძეს გადასცა. ინდა გუდავაძემ კი მისი ქონება ხელისუფლებაზე გადააფორმა, რისი უფლებაც, ცხადია, არ ჰქონდა. ვინაიდან ჯაოშვილმა პრეტენზია გამოთქვა, გუდავაძეს უნდა, „იმედი“ გაყიდოს, რადგან , თუ ჯაოშვილმა პროცესი მოიგო, ინა „იმედზე“ უფლებებს დაკარგავს. ამ შემთხვევაში კი მას ურჩევნია, „იმედი“ გაყიდოს, ვიდრე ფული დაკარგოს.

რა ინფორმაციის საფუძველზე აცხადებთ ამას?

- ტელევიზიის თანამშრომლებიდან გამოდის ხმები, რომ „იმედის“ აუდიტორულ ფასზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის კიდევ ერთი გაყიდვა მზადდება.  მიუხედავად იმისა, რომ ხუხაშვილი და სხვა პარტნიორები ურჩევენ, რომ პოლიტიკური ბერკეტი ხელიდან არ გაუშვას, არ არის გამორიცხული, გუდავაძემ „იმედი“ გაყიდოს.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ინა გუდავაძე არაპირდაპირი ფორმით პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება და მხარს უჭერს ლევან გაჩეჩილაძის მერად არჩევის კამპანიას, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება. ლონდონში დაფიქსირდა შეხვედრა ინა გუდავაძესა და გაჩეჩილაძის ჯგუფს შორის. მათ შორის, თუ არ ვცდები, გოგა ხუხაშვილიც იყო. სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ყველას შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია, თუ ვინ როდის და ვისთან ერთად გადაკვეთა საზღვარი. ნახეთ და მიხვდებით, რომ ეს ჭორები არ არის. ასე რომ, ვინ არის დაინტერესებული ინა გუდავაძის ფულით და რატომ იცავენ მის ინტერესებს თავგამოდებით, კარგად ჩანს. და კიდევ: რაც მეტ ტალახს შემოგვასხამენ, მით მეტად დისკრედიტებული გახდება პატარკაციშვილების ოჯახი, რადგან ჩვენ ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებების დასაცავად. იურისტები ამზადებენ სარჩელს ინა გუდავაძის წინააღმდეგ, თუმცა, ვიდრე სარჩელს სასამართლოში შევიტანთ, ჯერ კიდევ აქვთ დრო, ვალდებულება შეასრულონ!

ბატონო ვალერი, ახსენეთ, ინა გუდავაძეს თითქმის ყველა პარტნიორთან დავა აქვსო... ჯერ კიდევ პატარკაციშვილის სიკვდილისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უკანონო ცოლ–შვილი ჰყავდა, რომელთანაც ქალბატონ ინას კონფლიქტი ჰქონდა... რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

- ანდერძში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა დატოვა, ყველას წილი იყო განსაზღვრული, მათ შორის, ბადრის უკანონო ვაჟის. მოგეხსენებათ, ბადრი პატარკაციშვილს არაკანონიერი ქორწინებიდან მოსკოვში ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელსაც ცნობდა და აღიარებდა და რომლისთვისაც ქონების მესამედის დატოვება უნდოდა, მაგრამ ვინაიდან კანონიერ ქორწინებაში ინა გუდავაძესთან იმყოფებოდა, ამ ქალბატონმა ბადრის სიკვდილის შემდეგ მოსკოვის სასამართლოს მიმართა და დააყენა საკითხი, ანდერძის ეს ნაწილი გაუქმებულიყო. მოსკოვის სასამართლომ გუდავაძის სარჩელი დააკმაყოფილა და პატარკაციშვილის ვაჟიშვილი ყოველგვარი ფულისა და ქონების გარეშე დარჩა. როგორც ვიცი, უკანონო მეუღლე ვაჟიშვილთან ერთად საქართველოშიც იყო ჩამოსული საკითხის გასარკვევად და კუთვნილ ქონებას ითხოვდა – არ ეკადრება ბადრის ოჯახს, ვაჟიშვილი ლუკმაპურის გარეშე დატოვოს, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით მათი არანაირი მოთხოვნა არ გათვალისწინებულა. ინა გუდავაძემ მოსკოვის სასამართლოს მეშვეობით ბადრის ვაჟიშვილს ის ქონება წაართვა, რაც მემკვიდრეობით მამისგან ეკუთვნოდა.