ნაციონალები ხელისუფლებას „გარიგების“ სანაცვლოდ, მერაბიშვილის გათავისუფლებას სთხოვდნენ

ნაციონალები ხელისუფლებას „გარიგების“ სანაცვლოდ, მერაბიშვილის გათავისუფლებას სთხოვდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას სთავაზობდა. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, შემოდგომაზე, უმცირესობა პარლამენტის თბილისში დაბრუნდების მხარდაჭერის სანაცვლოდ, მმართველ გუნდს ყოფილი პრემიერის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

for.ge-ს ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა, კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დაგვიკონკრეტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობას სთავაზობდა - ქვეყანაში შენარჩუნებულიყო სიმშვიდე და სასამართლო პროცესები დასრულებულიყო.

„ამ კონტექსტში ვანო მერაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა, თუმცა, სასამართლო პროცესების დასრულებას ნამდვილად ვითხოვდით“, - დასძინა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

საკითხზე საუბრისას, უმცირესობის წევრები ყურადღებას ვანო მერაბიშვილს პოლიტდევნაზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გადასაწყვეტია, თუ რის სანაცვლოდ ისურვებდა თავისუფლებას.

როგორც for.ge-ს დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და ხელისუფლება თუ მსგავს ჭორებს ავრცელებს, ეს არაეთიკური საქციელია.

„მასმედიამ იცის, რომ ჩვენ ვითხოვთ როგორც მერაბიშვილის დევნის აღკვეთას, ასევე პარლამენტის ქუთაისში დარჩენას. ალბათ, გახსოვთ, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე რა ბრძოლა გავმართეთ. ვიცავდით და დავიცავთ პრინციპს, რომ ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი იყოს“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი, რომლის პათოსსაც გიორგი თევდორაძეც იზიარებს.

ქუთაისის ყოფილი მერის შეფასებით, ხელისუფლების მიმართ მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და მმართველი გუნდი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.

„ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გადაფარვა ტყუილებით სურს. ეს ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობის ერთ-ერთი გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილია და ალბათ, პირველ რიგში, მისი გადასაწყვეტია - თუ რის სანაცვლოდ ისურვებდა თავისუფლებას“, - განუცხადა for.ge-ს გიორგი თევდორაძემ, რომლის მსგავს პოზიციაზეც არიან აკაკი მინაშვილი, გოკა გაბაშვილი და სერგო რატიანი.

გოკა გაბაშვილი გვიმტკიცებს, რომ მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია. სერგო რატიანი აცხადებს, რომ უმცირესობა მსგავს საკითხზე არ „ივაჭრებს“, ხოლო აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ქუთაისში არსებობა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას უკავშირდება და ამ საკითხზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა არ მოხდება.

„საქართველოს პარლამენტის ადგილი ქუთაისია და კულისებს მიღმა თუ რა გარიგებებზე საუბრობენ, ეს საერთოდ არ მაინტერსებს. პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს. მერაბიშვილი უკანონო პატიმრობაშია, მაგრამ ამ საკითხზე პოლიტიკურ „ვაჭრობას“ არ დავიწყებთ. კონსტიტუცია კონსტიტუციაა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის ბედ-იღბალი კი სხვაა“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა.

სერგო რატიანი კი აცხადებს, რომ მსგავსი საკითხი არ განხილულა.

„ქუთაისში პარლამენტის არსებობა საქართველოს სტრატეგიული განვითარების საკითხია. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნას, ამით ქვეყნის იმიჯი ილახება და ეს ამ ხელისუფლების მმართველობის მალე დასრულების წინაპირობაა. ამიტომ, მერაბიშვილის გათავისუფლებისთვის, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა, რომლის განწყობასაც აკაკი მინაშვილიც იზიარებს და ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.

მინაშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე საუბარი არ ყოფილა და არც იქნება.

„ქუთაისში პარლამენტის არსებობა დასავლეთ საქართველოს განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას უკავშირდება. ამ საკითხზე პოლიტიკური „ვაჭრობა“ არ მოხდება, იმის მიუხედავად, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტდევნილები არიან“, - დასძენს მინაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებზეა ნათქვამი „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“, რადგან ერთის მხრივ, მათ პარლამენტის ქუთაისში დარჩენა სურთ, მეორეს მხრივ კი, საკომიტეტო მოსმენებზე სიარული არ უნდათ. გაცდენების თვალსაზრისით, უმცირესობის წევრებმა რეკორდი მოხნეს და ისინი რეგლამენტში არსებული ჩანაწერით სარგებლობენ და სხდომებს „ოჯახური მდგომარეობის მოტივით“ აცდენენ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმრავლესობამ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები გასულ წელს მოამზადა, რომლის გათვალისწინებითაც, კონსტიტუციიდან 48-ე მუხლი ამოდის, სადაც პარლამენტის ადგილსამყოფელად განსაზღვრულია - ქუთაისი. იმის გამო, რომ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 ხმა სჭირდება, საკანონმდებლო ორგანო ამ დრომდე ქუთაისში ფუნქციონირებს. თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, მარტის ბოლოს კომიტეტები რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობაში გადავიდეს, ხოლო პლენარული სხდომები ისევ ქუთაისში გაიმართოს. თუ პარლამენტის აპარატი თბილისში დაბრუნდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ „კოზირს“ დაკარგავს.