ირაკლი შიხიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ‘’შერატონ მეტეხ პალასში’’ საქართველოში აკრედიტირებული დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით, შეხვედრის მიზანი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ვითარების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ამის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

"ჩვენი შეხვედრის მიზანი მეგობარი ქვეყნების ელჩებისთვის დედაქალაქში არსებული მდგომარეობისა და ბიუჯეტთან დაკავშირებული ვითარების გაცნობაა. აუცილებელია, რომ მათ გაიგონ, თუ სად გადის სიმართლისა და აბსურდის ზღვარი.

ამასთან, ვთვლი, რომ მათვის საინტერესოა ინფორმაციის მიწოდება იმ პერპექტიული ნაბიჯებისა და ქმედებების შესახებ, რაც სამომავლოდ, არჩევნების გზით დემოკრატიისგანვითარებას შეუწყობს ხელს და  მსგავს კრიზისულ სიტუაციების  თავიდან აგვაშორებს’’,–განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნო  და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა იქნას დამტკიცებული.

"მოგეხსენებათ ცნტრალურმა მთავრობამ ბიუჯეტი 12 დეკემბერს მიიღო და შესაბამისად, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 12 მარტამდე უნდა დამტკიცდეს, მიუხედავად იმისა, სამჯერ იქნება ის უარყოფილი თუ ოთხჯერ’’,–აღნიშნა ტყემელაძემ.

"გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტის გარშემო უკვე თვეზე მეტია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მიმდინარე მოვლენები უკვე პოლიტიკურ ჭრილშია გადასული, გადავწყვიტეთ, საკრებულოს პოზიცია დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეცნო’’,–განაცხადა ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღებს საკრებულო ბიუჯეტის პროექტს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა მერიის მიმართ. ბუნებრივია, ვიბრძვით იმისთვის, რომ  არ განმეორდეს ის, რაც წლების მანძილზე ხდებოდა, როდესაც ერთი კონკრეტული პარტია ხელში იგდებდა ბიუჯეტს და მას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.  ჩვენი მიზანია ეს დოკუმენტი ორიენტირებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მოსახლეობაზე’’,–აღნიშნა დეპუტატმა.