საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში ვიზიტს განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ იგი შტატებში ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით იმყოფება და მას დღეს, თბილისის დროით 23.30 საათზე შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ამერიკელ სენატორ როი ბლანტს, რომელთანაც სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბლანტი ერთ-ერთია იმ სენატორთაგან, რომელიც მუდმივად ლობირებს საქართველოს და მის დაახლოებას ნატოსთან.
რაც შეეხება ბაიდენს, იგი ერთადერთია საქართველოში ჩამოსული ამერიკელ ვიცე-პრეზიდენტთაგან, რომელიც ჩვენი პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის წინაშე 2009 წელს წარმოთქმულ სიტყვაში ჩამოთვლილი იყო საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა ასევე იყო აღნიშნული, რომ ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე. ხაზგასმული იყო პრესის თავისუფლების მნიშვნელობა და გამოითქვა გაფრთხელება, რომ სამხედრო სცენარი ვერ გააერთიანებს საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებთან.
სხვათა შორის, მაშინ ბაიდენს წინა ხელისუფლებასთან არაერთი შენიშვნა და პრეტენზია ჰქონდა, როგორც პრესის თავისუფლების, ისე, ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ამის შესახებ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მუდმივად საუბრობდა.
ახლა კი საქართველოს პრემიერი შტატებში სწორედ მისი მიწვევით იმყოფება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ის კმაყოფილია მიმიდნარე მოვლენებით და ამიტომაც გადაწყვიტა ღარიბაშვილთან უშუალო შეხვედრა. ის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბაიდენისთვის უმნიშვნელო არ არის და ყველაფერს ყურადღებით აკვირდება, მის მიერ ერთი წლის წინ, 2013 წლის 2 თებერვალს წარმოთქმული სიტყვებიდანაც ჩანს.
„ჩვენ არ ვართ გულუბრყვილონი ურთიერთობებში, ჩვენ ყველაფერზე თანახმა არ ვართ. მაგალითად, ჩვენ არასოდეს ვცნობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, - ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე, აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას გააკეთა.
სხვათა შორის, არსებობდა შიში, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში დაანონსებული გადატვირთვის პოლიტიკის მსხვერპლი საქართველოც გამხდარიყო, მაგრამ ბაიდენმა ამ თემაზე სპეკულაციები ჩანასახშივე აღკვეთა.
„ურთიერთობის გადატვირთვა არ მოხდება ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის ხარჯზე, როგორებიცაა პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები, ან საქართველო. შეერთებული შტატები და რუსეთი ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან. მაგალითად, ჩვენ გვაქვს უთანხმოება საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ და სხვა რთულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია ღიად და პირდაპირ ვისაუბროთ და ვიმუშაოთ“, - ესეც ბაიდენის სიტყვებია.
ამასთან, ბაიდენი არ არის რადიკალი და საქართველო-რუსეთს შორის დაწყებულ ურთიერთობებს მიესალმება. მისი შეფასებით, მეზობელთან ურთიერთობის რადიკალიზაცია საჭირო არ არის და ამიტომ, ვაჭრობისა თუ საჰაერო მიმოსვლის სფეროში მიღწეულ შეთანხმებებს დადებითად აფასებს. ჯო ბაიდენი შეთანხმების ხელმოწერას მიიჩნევს ისტორიულ ნაბიჯად, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ორივე ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური კავშირები და რეგიონში დაძაბულობის შემცირებას დაეხმაროს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის პირველად იქნება სრულად გამჭვირვალე რუსეთიდან ვაჭრობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლით. ვიცე-პრეზიდენტმა ისიც დაადასტურა, რომ აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს შეთანხმების შესრულებას.
გარდა ამისა, საუბრობენ, რომ შესაძლოა ჯოზეფ ბაიდენმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი. ყოფილი სენატორი ცნობილია თავისი ცოდნით საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ახლახანს ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში, რა დროსაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, „კარგი პრეზიდენტი იქნებოდა“, რაც არაპირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ იგი ამ თემაზე აქტიურად ფიქრობს.
შესაბამისად, ბაიდენს იმის იმედიც აქვს, რომ საქართველოს მთავრობა მას არამარტო მხარს დაუჭერს, არამედ გარკვეულწილად გვერდშიც დაუდგება საპრეზიდენტო რბოლაში. აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას ბაიდენი მეგობრად მიიჩნევს,
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს ბაიდენთან შეხვედრის დროს ძირითადი აქცენტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ევროკავშირთან ურთიერთობების დარეგულირებაზე გააკეთოს. პარაფირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მორიგი ნაბიჯია გადასადგმელი და, როგორც ამბობენ, ამ კუთხით სერიოზული ძვრები სწორედ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ იქნება.