გიორგი ონიანის დაკავებისთანავე პროკურატურასთან ნაციონალური მოძრაობის წევრები გამოცხადდნენ და იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ იცოდნენ, თუ რა იყო დაკავების მიზეზი, ონიანის დაკავებას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავდნენ. შემდეგ, იყო მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ონიანი ენახათ, თუმცა რა სტატუსით - არავინ იცის. ამის შემდეგ, ონიანთან ადვოკატი შევიდა და იქიდან გამოსულმა დააანონსა, დაკავებულს გულის პრობლემები აქვს და კლინიკაში უნდა გადაიყვანონო. რატომღაც, ნაციონალური მოძრაობის წევრები მთელი შემადგენლობით ანზორ მელიას კლინიკა „გულისკენ“ დაიძრნენ, თუმცა გაირკვა, რომ ონიანი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. უგულავამ მაშინვე თქვა, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებააო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს არ უნდა ეთქვა და გაჩუმდა.
საქმე იმაშია, რომ კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი, ანზორ მელია ძველი თბილისის გამგებლის, ნიკა მელიას მამაა. ძნელი სათქმელია, რამდენად იყო შესაძლებელი, მელიას კლინიკაში მიყვანილი ონიანის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისას ეცდებოდა.
ჩაფიძის კლინიკაში ონიანს დეტალური შემოწმება ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ მის მიერ აღნიშნული გულის ჩხვლეტები მოგონილი იყო. ჩაფიძის კლინიკის მიერ გაცემულ ე.წ. „ფორმა ასში“ სიტყვასიტყვით არის ნათქვამი, რომ ონიანი არ საჭიროებს სტაციონალურ მკურნალობას და პროფილაქტიკის მიზნით შეუძლია დაიცვას დიეტა. ონიანის განცხადებით იგი „ბოლო დროს გულის არეში ყრუ ტკივილებს უჩივის, რომელიც სპონტანურად წყდება, თუმცა ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა სტაციონარში მის მოსათავსებლად, რადგან კვლევებმა აჩვენეს რომ მას უბრალოდ არაფერი არ სჭირს. შედეგად, ონიანი წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს და ხვალ საღამომდე ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
ნაციონალურ მოძრაობას დაავიწყდა, რომ ჩაფიძის კლინიკაში გადაყვანა კი არა, მათი ხელისუფლების პირობებში პატიმრებისთვის გულის წვეთებიც კი სანატრელი იყო და მკურნალობას ძირითადად ხელკეტებით ახორციელებდნენ. მათ კარგად იციან, როგორ აყვირონ ევროპელი უფლებადამცველები და ონიანის ავადმყოფობაც ჰაერივით სჭირდებოდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. შედეგად, ონიანის თემა იმავე უგულავამ ხვალისთვის გადადო და ამომრჩეველი დაზაფრა - თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ტოტალური უმუშევრობა გელითო.
“არჩევნების შემდეგ დაგეგმილია ძველი თანამშრომლების მასობრივი გაყრა და მათ ადგილას სხვების დანიშვნა. ასეთია კახა კალაძის გეგმა“, - განაცხადა უგულავამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე და საერთოდ აღარ გახსენებია, მისი მეგობარი ონიანი კლინიკიდან სად გადაიყვანეს, რა უთხრეს, რატომ და რისთვის. არადა, მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა, რომ ონიანს რელურად არაფერი სჭირდა, ჩაფიძის კლინიკიდან ყალბ ცნობას კი, არავინ გამოატანდა.
სხვათა შორის, ფოტოზე, რომელზეც ონიანი მოქალაქეებს ცემს, ნაციონალები კომენტარს არ აკეთებენ, რადგან ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ისინი ანალოგიურ ქმედებებს სახელმწიფოებრივი ინტერესით ამართლებდნენ.
დასასრულ - ონიანთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამდენიმე პროვოკაცია აქვს დაგეგმილი და მათგან უმთავრესი ევროპელი უფლებადამცველებისთვის არასათანადო ინფორმაციის მიწოდებაა. პირველი ცრუ ჩვენება, რომელიც ონიანის ცემა-ტყეპას ეხებოდა, არ დადასტურდა და ახლა რას მოიფიქრებენ, ძნელი სათქმელია.