კოკა გუნცაძის კართან ნაციონალების რიგი დგას!

კოკა გუნცაძის კართან ნაციონალების რიგი დგას!

ამბობენ, რომ ბოლო დროს, საქართველოს რკინიგზის შეფის, კოკა გუნცაძის მისაღებში ნაციონალური მოძრაობის წევრთა რიგი დგასო. გამიკვირდა და გადავამოწმე. მართალი აღმოჩნდა – ნაციონალების რიგი არამარტო მისაღებში, არამედ, გუნცაძის საცხოვრებელ სახლთანაც დგას და რაც მთავარია, ეს ის ახალი სახეები არიან, ნაციონალური მოძრაობა, აგერ უკვე წელიწადია, რომ გვპირდება, გამოვაჩენო და ვერ აჩენს. თურმე, ნაციონალურ მოძრაობაში რამდენიმე ასეული ახალი სახე ჰყავთ, მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ აჩენენ, რომ არ არიან გამოსაჩენნი.

„რიგების თემა“ მას შემდეგ გაიშიფრა, რაც 21 თებერვალს პარლამენტის წინაშე ანგარიშით გიორგი მარგველაშვილი წარსდგა. რა გასაკვირია, რომ პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, ყველაზე მეტად გიორგი კანდელაკი აქტიურობდა. როგორც ირკვევა, კანდელაკის გააქტიურებას ნაციონალური მოძრაობის გურუები სწორედ გუნცაძეს აბრალებენ. თუ გახსოვთ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გუნცაძემ კანდელაკს შემოულაწუნა და მისი გამოფხიზლებაც ამის შემდეგ დაიწყო. შესაბამისად, იმსჯელეს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ გუნცაძის ხელი ახალ სახეებსაც სჭირდებათ და შემოლაწუნება არც რამდენიმე ძველ სახეს აწყენდა.

თხოვნით – „ნაცებს შემოულაწუნე, კოკა!“ – ლამის აქციებიც გაიმართოს და როგორც გავიგე, არც გუნცაძეა წინააღმდეგი, ხელი იქნიოს, მაგრამ ასე უთქვამს, მალე ვიღლები და ფული გადამიხადეთო. გადარეულან ნაციონალები, რკინიგზის შეფი ხარ, რაღა ფული გინდაო. კოკა უარესად გადარეულა, რკინიგზის შეფი კი ვარ, მაგრამ ეზუგბაია კი არა ვარ, თვეში 100-ათასიანი პრემიები ვიწეროო. მოკლედ, როგორ შეთანხმდებიან გუნცაძე და ნაციონალები შემოლაწუნების თემაზე, თვალ-ყურს მივადევნებ და აუცილებლად მოგახსენებთ.

ისევ მარგველაშვილის გამოსვლას დავუბრუნდეთ. საინტერესო იყო ნუგზარ წიკლაურის გამოსვლა და აღიარება. მის სიტყვებს შესაძლოა, წლის ან ათწლეულის აღიარებაც ეწოდოს. აი, რა თქვა წიკლაურმა:

„ვაღიაროთ ყველამ, რომ „ქართული ოცნების“ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება შეუსრულებელი არ არის და ამის გამო ბოდიში მოვუხადოთ მოტყუებულ მოსახლეობას!“

რა გამოდის? – „ქართული ოცნების“ დაპირებები შეუსრულებელი არ არის ანუ შესრულებულია და ამის გამო მოტყუებულ ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მთელი 9 წელი მიჩვეული იყო, რომ რასაც ხალხს ჰპირდებოდნენ, არ უსრულებდნენ და, ახლა, ყველა დაპირება რომ სრულდება ან შესრულების პროცესშია, ტყუილი გამოდის, აბა, რა?! ხალხი ხომ მიეჩვია, რომ არაფერი სრულდება და ასე, უნამუსოდ რატომ ვატყუებთ, რატომ ვუსრულებთ?! მე, „ქართული ოცნების“ ადგილზე, შემრცხვებოდაო, დააყოლა წიკლაურმა და მართალია ეს კაცი. არ გრცხვენიათ, ბატონებო, 9 წლის განმავლობაში მიჩვეულ შეუსრულებელ დაპირებებს რატომ აჩვევთ ხალხს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დაპირებების შესრულებას შემდეგ არჩევნებზეც მოითხოვენ და მერე რა გამოვა: დაპირდებით, შეუსრულებთ?... გამოგელევათ ეს დაპირებებიც, ყველაფერი შესრულებული იქნება და წააგებთ არჩევნებს...

ისე, თუ დააკვირდით, გიორგი მარგველაშვილისთვის არავის უთქვამს, შენ ოჯახის წევრებს ბალნეოლოგიური კურორტი აქვთ „დათრეული“, ამა თუ იმ უნივერსიტეტის აქციები შეიძინეს, მონოპოლიას ხელს უწყობენ და ნავთობის ბიზნესში ინტერესები აქვთო. საინტერესოა, რატომ გაკეთდა აქცენტები იმ თემაზე, რაზეც წინა წლებში სააკაშვილს ედავებოდნენ და რატომ არ ამბობს საპარლამენტო ოპოზიცია არაფერს ელიტურ კორუფციაზე, რომელზეც წინა წლებში უცხოელებიც კი მიანიშნებდნენ? სად გაქრა, ვინ წაიღო, იქნებ, გვითხრათ, ბატონებო... მანამდე კი... დავით ბაქრაძეზე გეტყვით:

ამ კაცს მუდმივად უმეორებენ, უფრო კრიტიკული უნდა იყოო, ცოტა უფრო რადიკალურიო, მაგრამ ავიწყდებათ, რომ, თავის დროზე, ბატონი დავითი ინტელექტუალთა კლუბის წევრი გახლდათ და კარგად ხვდება, რომ მატარებელი, რომელიც 9 წელი უმუხრუჭოდ მიდიოდა, უფსკრულთან ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს და ახლა ცდილობს, დაცემა მტკივნეული არ გამოვიდეს. კი იქნია ბაქრაძემ თითი გამოსვლისას და საპარლამენტო ტრიბუნაც დაკაწრა, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად ნაციონალისა პარლამენტსა შინა.

დასასრულ, გიგი უგულავა დაგვპირდა, ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე ოფიციალურ განცხადებას პირველ მარტს გავაკეთებ, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მინდა და ამისთვის ვირბძოლებო. მოგეხსენებათ, უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და, ამას წინათ, მოსამართლესა და პროკურორს უთქვამს, უგულავა მაინცდამაინც გრძელვადიან გეგმებს ნუ დასახავს, რა იცის, რა ხდებაო.

P. S. ნაციონალური მოძრაობის წევრები ახლა, თურმე, გიორგი ბარამიძეს აკვირდებიან და თუ გააქტიურდება და გამოსვლებსაც დახვეწს, ეგებ, რიგები სოსო ჯაჭვლიანის კართანაც გაჩნდეს მოთხოვნით: „სოსო, შემოგვილაწუნე!“