"სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების მამოძრავებელი ლიდერები გამალებით მუშაობენ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართულ ოცნებაზე" დარტყმების გასაძლიერებლად. მათი მიზანია გუნდის დასუსტება და საბოლოოდ, პარალიზება. სტრატეგია გათვლილია ახლო პერიოდზე და გეგმის შემუშავებაში მათ უცხოელი მრჩეველებიც ეხმარებიან", - აცხადებს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს გამგეობის წევრი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მომსწრე ვართ უხერხემლო პოლიტიკისა" / "ნაცმოძრაობას" სერიოზული დასაყრდენი ჰყავს შს სამინისტროში".
"ნაცმოძრაობას" არ აქვს ავტორიტეტი მოსახლეობაში, თუმცა ფიქრობენ, რომ მათი გეგმის განხორციელებას უმძიმესი სოციალური ფონი განაპირობებს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაცია გართულდება და გაადვილდება უკმაყოფილოთა ინსპირირება. პრემიერის და მისი დასაყრდენი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში "ნაცები" განიხილავენ კოალიციაში გავლენიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ალასანიას. ასევე თვლიან, რომ მათი ფარული მოკავშირე შეიძლება გიორგი მარგველაშვილიც იყოს(?!) - ეს საკითხი საზოგადოებაშიც აქტიურად განიხილება. ზოგი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელები და ღარიბაშვილი თანამშრომლობენ, სინამდვილეში ვერ იტანენ ერთმანეთს და ალასანიასაც არ ეხატება გულზე ღარიბაშვილი, ისევე, როგორც პრემიერი არ არის აღფრთოვანებული მისით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.
"ივანიშვილს ჯერ კიდევ უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს თავის პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ ეს დროებითია. არაერთხელ გვინახავს პოლიტიკოსების გაერთიანებაც და შემდგომ მათი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებაც. მაგალითად, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა ოპოზიციამ კი ვერ შეძლო, განხეთქილება "მრგვალ მაგიდაში" მოხდა, გამსახურდიას დაუპირისპირდა გუნდი და გარე ძალებმა მიზანს ამით მიაღწიეს. შევარდნაძე მის გარშემო თავმოყრილმა ხალხმა გაუშვა. პოლიტიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება", - განაგრძობს რესპოდენტი და შეკითხზვას - "თქვენ მიერ დასახელებული პოლიტიკოსები დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს განსაზღვრავენ და საკითხავია, რატომ გამოაყენებინებენ თავს "ნაციონალურ მოძრაობას?" - პასუხობს:
"მე არ მითქვამს, რომ ვინმე შეძლებს მათ გამოყენებას. მეტიც, რესპუბლიკელებიც პატიოსანი ხალხია, ირაკლი ალასანიაც და, რაც მთავარია, მათ გუნდში გონიერი პოლიტიკოსები არიან. ეგ არის - პოლიტიკაში ინტერესები ხშირად ითხოვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. "ნაციონალები" სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს, იციან, რომ "ოცნებაში" დაპირისპირების შემთხვევაში, ინტერესთა თანხვედრა მოხდება და შეეცდებიან ამ შანსის სათავისოდ გამოყენებას”.
"ნაცმოძრაობას" სერიოზული დასაყრდენი ჰყავს შს სამინისტროში. ამ ხალხის გვარებიც ვიცი და არაერთხელ წამიკითხავს მთელი სია. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში, მოსმენებში, რეპრესიებსა და ლიკვიდაციებში, დღემდე ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებს ძალოვან უწყებებში. მაგალითად, კუდ-ის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ყველანაირი დავალების შესასრულებლად მზად იყო, ახლაც დიდმოხელეა. ეს კონტინგენტი არსებობს და ვიცი, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამენ. მადლობელი უნდა ვიყოთ ივანიშვილისა სააკაშვილის ხელისუფლების მოშორებისთვის, თუმცა ამის მიღმა ვხედავთ, რომ 2012 წლიდან უნიათო პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. სამართლიანობის აღდგენის არც ერთი კომპონენტი არ ამუშავებულა, მათ შორის არც საკადრო პოლიტიკისთვის გადაუხედავთ, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის საკითხში. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მომსწრე ვართ უხერხემლო პოლიტიკისა", - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.
"სიმართლე გითხრათ, "ქართული ოცნების", რესპუბლიკელების ან ალასანიას პრობლემები კი არ მაღელვებს, ქვეყნის ბედი მაფიქრებს. მოქალაქე ტელევიზორში ყოველდღე ხედავს, რომ პოლიტიკოსების ენერგიის 90% მათ შორის დაპირისპირებას და ლანძღვა-გინებას ხმარდება. მერწმუნეთ, აღარავის უნდა ამის ნახვა, ხალხს შია, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება თავის დაცვის რეჟიმში ჩააყენა, რის მიღმაც ვეღარ ხერხდება რეალურ პრობლემებზე მუშაობა. ამიტომ აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პარლამენტს გაასუფთავებს "საბოტაჟნიკებისგან", კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობისგან", რომელიც მოპარული ხმებით არის პარლამენტში", - დასძენს სახალხო კრების გამგეობის წევრი.