„არ იქნება დღის წესრიგში, ეს გამორიცხულია“, - for.ge-სთან ინტერვიუში ასე შეაფასა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს...
- ზელენსკის განცხადებები იყო პრეკონფერენციაზე, პერიოდულად ახმოვანებს ხოლმე, რომ მაშინ დამიბრუნეთ ბირთვული იარაღიო. ამაზე მარკო რუბიომ გააკეთა განცხადება, რომ ეს არასერიოზულია და ფაქტობრივად, არც კი განიხილება - არ იქნება დღის წესრიგში, ეს გამორიცხულია.
რეალურად, დღეს ნატო-ს კარი უკრაინისთვის დახურულია. სანაცვლოდ რა შეიძლება შესთავაზოს დასავლეთმა უკრაინას თავდაცვის კუთხით - რას სთავაზობს იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას?
- როგორც ჩანს, არა მხოლოდ უკრაინისთვის არის ნატო-ს კარი დახურული, არამედ, ზოგადად, გაფართობის საკითხი არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ არა უბრალოდ ახლა დაიხურა ეს კარი, არამედ ნატო-ს კარი არც ყოფილა ღია.
ჯეფრი საქსის განცხადებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი, რომელიც მან ერთი კვირის წინ გააკეთა და ამ ერთი კვირის განმავლობაში ბაიდენის ყოფილ მრჩეველს რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია მათ საუბართან დაკავშირებით. საუბარი შედგა უკრაინა-რუსეთის ომამდე, სადაც აღინიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხის შემცველია და გამოიწვევს დაძაბულობას. ბაიდენის ყოფილ მრჩეველს აღუნიშნავს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება - საინტერესოა დადასტურდება თუ არა ჯეფრი საქსისა და სალივანის ეს საუბარი.
ეს არის სამწუხარო რეალობა, მათ შორის ჩვენთვისაც, რადგან მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობით ნატო-სთან, უამრავ პროგრამაში ვიღებდით მომონაწილეობას და მუდმივად გვესმოდა საუბარი, რომ ნატო-ს კარი ღიაა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძალიან მალე შვედეთს და ფინეთს შესთავაზეს წევრობა და მოკლე ვადებში გააწევრიანეს. უკრაინა ომში იყო და მეხუთე მუხლის გამო ამ საკითხს ვერ განიხილავდნენ, მაგრამ საქართველო არავის გახსენებია, არადა ეს იყო იდეალური დრო იმისათვის, რომ იმ დროს, ფინეთთან და შვედეთთან ერთად, ჩვენთვისაც გაეკეთებინათ შეთავაზება, თუ ჩვენთან მიმართებაში არ ჰქონდათ სხვა რეალური მიზნები.
ბევრ სურს ეს ყველაფერი ერთ ტრამპს გადააბრალოს, თუმცა ძალიან კარგად ხვდება ყველა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ასეთ რადიკალურ ცვლილებებს ვერ განახორციელებს თუ მის უკან არ არის ძალიან სერიოზული ჯგუფი, მათ შორის მძლავრი ფინანსური წრეები. ის, რაც დღეს ხდება, არის ამერიკის პოლიტიკა - არ აქვს მნიშვნელობა „რესპუბლიკელები“ იქნებიან სათავეში თუ „დემოკრატები“, რადგან ამერიკა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გარკვეული გადატვირთვა დაწყებულია და ამ გადატვირთვის პროგრამაში ნატო-ს გაფართოება არ შედის.
რეალურად, რა ახალი მსოფლიო დღის წესრიგი ყალიბდება?
- ამ ეტაპზე, ამერიკა აღიქვამს სამ პოლუსს: ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. ერთია აშშ-ს მიზნები, მეორე - როგორ განხორციელდება ეს დროში. მსოფლიო ძალიან შეიცვალა, ეს არ არის ის მსოფლიო, რომელიც მოქმედებდა მეორე მსოფლიო ომიდან ბოლო წლებამდე, არც ის მსოფლიოა, რომელიც იყო ამ ომის დაწყებამდე - ამ ომმა ყველაფერი შეცვალა და შეცვალა რუსეთისა და გლობალური აზიის სასარგებლოდ. ამ პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ ბრიქსის გაფართოება, რაც რეალურობაა - ტრამპი შეეცდება ეკონომიკური მეთოდებით ბრიქსის აქტივობა შეასუსტოს, თუმცა არ ველოდებით, რომ ბრიქსში რაიმე სერიოზული რღვევები დაიწყოს. დღეს სხვა მსოფლიოსთან გვაქვს საქმე. დომინირება, რაც ადრე ამერიკის მხრიდან იყო, ვერ ვხედავთ, მათ შორის ევროპაშიც კი და როგორ დალაგდება ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
და სად არის საქართველო?
- საქართველოს ადგილი არის იქ, სადაც ვიყავით. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოების საკითხებზე. ის გამოწვევები, რაც გვქონდა, არსად წასულა: ოკუპაცია, რეგიონის გამოწვევები და ა.შ. ასე რომ, ჩვენს ირგვლივ არაფერი შეცვლილა და თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ახალ რეალობას, რაც გვაქვს. ტრამპი და პუტინი თუ მოილაპარაკებენ და დახურეს ნატოს გაფართოების კარი, ეს მკაფიოდ უნდა გვითხრან, აღარ უნდა დაგვიწყონ ზღაპრების მოყოლა. შესაძლოა, ჩვენს გარეშე იქნას მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ნატო-ს გაფართოება დამთავრდეს, რაც იქნება კრახი საერთოდ ნატო-სთვის და მისი პოლიტიკისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას და ვიმოქმედებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე.
ნატოს კარის სატყუარად გაღება მიზნად იასახავდა რუსეთის პროვოცირებას და იმის მოსინჯვას თუ რას იზამდა რუსეთი. დასავლეთი, თავისი გათვლებით, ფაქტიურად მოგებულ თამაშს თამაშობდა. თუ რუსეთი ომებს გააჩაღებდა, რაც მოხდა კიდეც, ეს მის რესურსებს შეიწირავდა და დასუსტდებოდა. თუ ყველაფერს გადაყლაპავდა, ამით თავის სისუსტეს უომრად აღიარებდა და კუთხეში მიმწყვდეული აღმოჩნდებოდა. საქართველო და უკრაინა კი, ნატოში არავის სჭირდებოდა.
გათვლამ არ გაამართლა, რუსეთმა მოტყუება არ გაყლაპა და ომები გააჩაღა, მაგრამ მისი დასუსტება არც ისე იოლი აღმოჩნდა.
პირველი, ნატოს კართან საქართველო დაწინაურდა, რასაც რუსეთმა აგვისტოს ომით უპასუხა, მაგრამ პოლიგონის სიმცირის გამო დასავლეთს თითიც არ გაუნძრევია. რუსეთმა თავისი გაინაღდა, მაგრამ ახალი ომის მოლოდინში, გამალებული მზადება დაიწყო.
დასავლეთმაც დიდხანს არ ალოდინა და უკრაინის კარტი გაათამაშა, რასაც რუსეთმა ყირიმის ანექსიით უპასუხა. უკრაინა ომში არ ჩაება. საომარი სიტუაციის შესაქმნელად საჭირო გახდა ხელისუფლების შეცვლა, რაც განხორციელდა კიდეც. ყოველი დღე უკრაინას ომთან აახლოებდა და ომიც დაიწყო, მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკრაინის ომი დასავლეთისთვის უძირო კასრში წყლის სხმად გადაიქცა. ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესების გზას დაადგა, რომელსაც ამერიკა ძალით ასხმავინებდა წყალს უძირო კასრში. მოხდა გაუთვალისწინებელი, ომის მთავარმა დამფინანსებელმა, არჩევნების გაუთვალისწინებელი შედეგების გამო, ომის დამთავრება გადაწყვიტა. თანაც ევროპას გამოუცხადა, თქვენს თავს თითონ მიხედეთო. ევროპაშიც აღარ არის (არც თავიდან იყო) ომის დაფინასებასთან დაკავშირებით ერთიანობა. გაიწირა საცოდავი უკრაინა, დანგრეული ქალაქებით და გაუბედურებული ოჯახებით. ომის დროს რომ ეგონათ გრანტიაო, სესხი ყოფილა და ათმაგად მოუწევს უკან დაბრუნება. ახლა დანგრაულის აღდგენისათვის მისცემენ ახალ სესხებს და მალე ალბათ მისი ვალი მისსავე ეროვნულ სიმდიდრეს გადააჭარბებს, ხოლო ამას რაც მოჰყვება ძნელი გასათვლელი არ არის.
ყველა ომი დიდი აქტორების გარიგებით და ახალი წესების შემოღებით მთავდება. ასე მოხდება ახლაც.
პატარებმა კი ყოველთვის თავის გადარჩენაზე უნდა იზრუნონ.