ფუფუნებასა და შოკოლადში ჩამხრჩვალ ევროპას ცივი შხაპი გადაავლეს - ტრამპი არ აპირებს ევროპის უსაფრთხოება ისევ ამერიკის თავის ტკივილად დარჩეს

ფუფუნებასა და შოკოლადში ჩამხრჩვალ ევროპას ცივი შხაპი გადაავლეს - ტრამპი არ აპირებს ევროპის უსაფრთხოება ისევ ამერიკის თავის ტკივილად დარჩეს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმისთვის დაწყებულ მოლაპარაკებებში ევროკავშირისა და უკრაინის გამორიცხვამ ბრიუსელში შეშფოთება და პანიკა გამოიწვია. შესაბამისად, ევროპამ დაიწყო სერიოზულად ფიქრი იმაზე, თუკი აშშ აღარ უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებას, როგორი იქნება მათი უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და თავად როგორ მოახერხონ თავის დაცვა.

სწორედ ამაზე სამსჯელოდ, ევროკავშირის ლიდერები ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 6 მარტს საგანგებოდ შეიკრიბებიან, სადაც უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განხილვა მოხდება.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ X-ზე განაცხადა, რომ 6 მარტს ბრიუსელში გაიმართება საგანგებო სამიტი. კოსტამ აღნიშნა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის „გადამწყვეტ დღეებს“ გადიან.

ევროპელმა ლიდერებმა ასევე დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოისმინეს.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის მოსმენა 6 მარტსაც არის დაგეგმილი. ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტისთვის ის ევროპელ ლიდერებს კიდევ ერთხელ დაელაპარაკება და ტრამპის პოზიციას გააცნობს.

„სამიტზე უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კი აცხადებს, რომ 2027 წლისთვის ლონდონი თავდაცვის ბიუჯეტს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-მდე გაზრდის. ეს დიდი ბრიტანეთისთვის თავდაცვის ხარჯების ყველაზე მასშტაბური ზრდაა ცივი ომის დასრულების შემდეგ.

სტარმერმა სპეციალური ბრიფინგის დროს მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდა, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას აქვს ამბიცია, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 3%-მდე გაიზარდოს, თუმცა ეს 2035 წლისთვის თუ იქნება შესაძლებელი.

კირ სტარმერი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ ეთანხმება ტრამპის მოთხოვნას თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.

ფრიდრიხ მერცმა კი რომელიც, მოსალოდნელია, რომ გერმანიის ახალი კანცლერი გახდება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოუწოდა, გააძლიერონ ბირთვული თავდაცვა, რადგან ის დონალდ ტრამპის ამერიკისგან ევროპის „დამოუკიდებლობას“ ეძებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან გამართულ შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა.

კოსტას ცნობით, ლიდერები ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს მომავალ კვირას დაგეგმილ საგანგებო სამიტზე განიხილავენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ტრამპის შეცვლილმა პოლიტიკამ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი შესთავაზა, მით უმეტეს ეს სიახლე ყველაზე მეტად ევროპას ეხება. საყვარელიძე for.ge-სთან ეჭვობს, რომ ტრამპი თავის განცხადებებს ქმედებასაც მოაყოლებს, ამიტომ ევროპამ სწრაფად უნდა იმოქმედოს.

„მას შემდეგ, რაც ევროპა მიხვდა, რომ უკრაინის ომის დასრულება მის გარეშეა შესაძლებელი და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება გარკვეული პროცესი, ცდილობს ამ სიტუაციიდან გამოთიშული არ იყოს. ტრამპი ამბობს, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და ორივე მხარემ რაღაცა უნდა დათმოს. ევროპაში კი ფიქრობენ, რომ ომი უნდა დასრულდეს, მაგრამ სამართლიანად. ეს სამართლიანობა კიდევ რუსეთს არ აწყობს. ამიტომ ტრამპის მოქმედება და პუტინთან შეხვედრა, უფრო რეალისტურია, ვიდრე ევროპის მხოლოდ ლანძღვა რუსეთის და სანქციებით საუბარი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა. ომი თუ გაგრძელდა, რუსეთს აქვს რესურსი, რომ კიდევ გაწელოს დროში, ეს კი უკრაინას, ევროპას, ამერიკას არ აწყობს.

თუნდაც დროებით შეჩერდეს ცეცხლი, ესეც უკვე დიდი წინსვლა იქნება და უკრაინას სრული განადგურებისგან გადაარჩენს. მთელი ძალების ახლა დახარჯვა მე მგონი არც უკრაინისთვის იქნება ხელსაყრელი. თუმცა თუკი ომი გაჩერდა, ლიბერალური ძალები დასუსტდებიან. ეს კი მათი მარცხი იქნება, რადგან ისინი თავიდანვე ძალიან დიდი რესურსით და ენერგიით იყვნენ ჩაბმული ამ ომში. ამიტომ ტრამპის გეგმა თუ გამოვიდა, ეს ცალსახად ევროპის წაგების აღიარებას ნიშნავს. ევროპა ამ ომში იყო ჩართული, ამ ომში იყო ჩართული ამერიკაც და შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აი, აშშ-მაც ვერ გაიმარჯვაო, მაგრამ ტრამპს ეგ საკითხი არ აწუხებს, რადგან მისი კი არა, ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ჩართული და ეს მარცხი მას მიეწერება. ტრამპი ამ ომის დაწყებას სწორედ ბაიდენს აბრალებს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ევროპაც ეცდება, რომ ერთ-ერთი ცენტრი გახდეს, მაგრამ საეჭვოა, მით უმეტეს ასე სწრაფად ეს მოახერხონ.

„ვიცით, რომ ამერიკა ნატოს წამყვანი ქვეყანაა და ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტიც ის იყო, ამან კი ევროპა გაანებივრა და პრაქტიკულად არაფერი არ უქნია მეორე მსოფლიო ომის მერე. შესაბამისად მე არ ველი, რომ ამ მოკლე დროში ევროპამ შეძლოს და ამ გლობალურ დაპირისპირებაში იმ პოზიციის დაკავება მოახერხოს, რისი პრეტენზიაც აქვს. ტრამპი მათ ამერიკის ხარჯზე ამის უფლებას აღარ მისცემს. ამიტომ თავად რას იზამენ ამ რთულ პერიოდში, რთული სათქმელია“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თუკი ევროპის მმართველები ტრამპს ჭიდაობას დაუწყებენ და საკუთარ მოსახლეობას ომის გამო კიდევ უარეს დღეში ჩააგდებენ, შეიძლება იქ უკვე მოსახლეობამ განაცხადოს უარი მათზე და მოსახლეობის სურვილს ევროპელი პოლიტიკისები უმეტესწილად ემორჩილებიან. ამიტომ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ხელმძღვანელობების ადგილას, ასე ღია განცხადებებს ამერიკაზე მოერიდებოდა.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, ტრამპმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ამერიკას ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა, გაქრა. პოლკოვნიკი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ის რბილი ძალის პოლიტიკა, რითაც ცნობილი იყო ამერიკა, ტრამპმა მოსვლის დღიდანვე, ამ განცხადებებით წაშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთელ მსოფლიოში მოკავშირეებს დაკარგავს.

„ახლა ევროპაში ფიქრობენ, რომ ამერიკის იმედად დარჩენა აღარ არის სანდო. ამიტომ ეს არის არასწორი მიდგომა ტრამპის მხრიდან, რადგან ის დაკარგავს ისეთ ძლიერ მოკავშირეებს, როგორიც ევროპაში ჰყავს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მღვრიე წყალი რომ დაიწმინდება, ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება. ამერიკა თუ უკრაინას მიატოვებს და ის დამარცხდება, ეს ამერიკის დამარცხება იქნება. მგონია ტრამპი ამ ყველაფერს ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, ამიტომ ბოლომდე მაინც მისი განცხადებები არ მგონია რეალობაში შესრულებადი იყოს. უბრალოდ, შეეცდება მეტი პასუხისმგებლობა ევროპელებზე გადაიტანოს. ეს ნამდვილად მოხდება. ძალიან ბევრი სამუშაოა, რათა ერთობლივი კონსენსუსი მოხდეს, მე ამას ტრამპის გუნდიდან ვერ ვხედავ. მათი მიდგომაა, ან ჩემ ჭკუაზე გააკეთეთ ან წადი თქვენიც - ასე უყენებს ევროპას საკითხს. ეს კი არ მგონია ამერიკისთვის სწორი პოლიტიკა იყოს, რადგან მოკავშირეებს დაკარგავს. რაც შეეხება ევროპას, ფაქტია, ეს შიში იგრძნობა. გერმანულ მედიას თუ გადავხედავთ, იქ ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ბირთვული იარაღის დაბრუნებაა საჭირო და რუსეთი საკმაოდ სახიფათოა მათთვის. ვინც რუსეთს იცნობს და აქვს მასთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება, რა თქმა უნდა, მან კარგად იცის ეს ქვეყანა რისი გამკეთებელია. ამიტომ თუ გაიყო უკრაინა და პუტინმა მიიღო ის რაც სურს, ევროპისკენ მადა გაეხსნება. ეს ევროპამ კარგად იცის, ამიტომ დაიწყეს ფაციფუცი და იმაზე ფიქრი, რა ქნან. ერთი მხრივ მე ტრამპს ვემხრობი იმაში, რომ თავდაცვის გაძლიერების კუთხით ევროპამ გადასახადები უნდა გაზარდოს. ეს ევროპის გამოსაფხიზლებლად ნამდვილად კარგია“, - ამბობს პოლკოვნიკი.