უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-თან ხელშეკრულების საბოლოო ვერსია მზად არის. მისი თქმით, შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არის ნათქვამი, რომ უკრაინა არის მოვალე წარსულში მიწოდებული დახმარებისთვის. თუმცა მანამდე გვახსოვს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები, რომ 350 მილიარდი, რომელიც უკრაინას მისცეს, დაკარგულია და არავინ იცის სად წავიდა. თუმცა შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ ამერიკისგან მხოლოდ 100 მილიარდი მიიღეს და ისიც გრანტის სახით. ეს არ იყო სესხი, ამიტომ არ იცის რაზე საუბრობდა ტრამპი. აშშ-ს პრეზიდენტი კი კითხულობდა, რომ თუ 100 მილიარდი მიიღო უკრაინამ, მაშინ რა იქნა დანარჩენი 250 მილიარდი?
უკვე ცნობილია, რომ 28 თებერვალს ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა და ხელშეკრულებას ხელს ოფიციალურად მოაწერს, თუმცა რა ბედი ეწევა 250 მილიარდის ირგვლივ დაწყებულ დავას ჯერ უცნობია. ზელენსკი ამტკიცებს, რომ ამ ვალთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში არაფერი წერია.
„ხელშეკრულებაში 500 მილიარდი ვალი არ არის, არც 350 და არც 100 მილიარდი, იმიტომ, რომ ჩვენთვის უსამართლო იქნებოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფონდზე, ეს ასევე გადაწყვეტილი საკითხია ამ ჩარჩოხელშეკრულებაში. მზად ვართ, ვისაუბროთ პარტნიორობაზე და მნიშვნელოვანია, რომ ვართ პარტნიორები. ეს ფონდი უკრაინულ-ამერიკულია და არა ამერიკული. შემდეგი შეთანხმება არის ფონდთან დაკავშირებით. უკვე იქნება გარკვეული პარტნიორობა, ფული და ა.შ. და შემდეგ კონტრაქტს უკვე ექნება სავალდებულო რატიფიკაცია უკრაინის პარლამენტში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ევროპული ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, არასაკმარისად ეხმარებიან კიევს.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა. კიევს მივაწოდეთ, ვფიქრობ, 350 მილიარდი დოლარი. კარგი, შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის ეს ფული? სად მიდის? მე არასოდეს მინახავს ამის შესახებ ანგარიშგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ევროპამ უფრო ნაკლები თანხა დახარჯა - დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამ ომის ზეგავლენა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ გვაშორებს ოკეანე, მათ კი არა“, - დასძინა მან.
ამის პარალელურად, ტრამპი კვლავ იმეორებს, რომ პუტინი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და მას ომის დარეგულირების სურვილი აქვს.
„პუტინი საკმაოდ ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი ადამიანია. ბევრ ადამიანთან მქონია საქმე, მათ შორის ცუდებთან, შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ჰქონდა ომის დარეგულირების განზრახვა, - როცა ამირჩიეს, მე დაველაპარაკე მას... ვფიქრობ, მოვილაპარაკებთ, გარანტიას არ ვიძლევი, გარიგება - ეს გარიგებაა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხებთ. მე რომ არ ავერჩიეთ, იგი, სავარაუდოდ, გააგრძელებდა ამ ომს და მთელს უკრაინას დაიპყრობდა... ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა... ეს დიდხანს გაგრძელდებოდა. მე პატივს ვცემ უკრაინას, მაგრამ ჩვენი მოწყობილობების, ჩვენი ტექნიკის გარეშე ისინი დიდხანს ვერ გაუძლებდნენ... გახსოვდეთ, „ჯაველინები“ მე მივაწოდე... ობამა რას აძლევდა? - პლედს“, - განაცხადა ტრამპმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა არაერთხელ დაასახელა 350 და 250 მილიარდი, რომელიც ამერიკელი ხალხის გადახდილი თანხები იყო და, რომელიც უგზოუკვლოდ არის გამქრალი. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინას 3 წლის განმავლობაში მიაწოდეს არამხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული დახმარება.
„ეს არის ასევე შეიარაღებული ძალების გადამზადებაში გადახდილი ფული. მთლიანობაში შევჯერდეთ, რომ 250 მილიარდამდე თანხაზეა საუბარი, რომლის მიზნობრიობა ჯერ დადგენილი არ არის. მეტ-ნაკლებად ზუსტი თანხა დასახელდა ევროკავშირისგან, სადაც ამბობენ, რომ 118 მილიარდი ევროა დახარჯული. საბოლოო ჯამში კი, ეს არის, ალბათ, 400 მილიარდამდე თანხა ორივე მხრიდან, რომელიც ვერ გაიგო ვერც ტრამპმა და ვერც ევროკავშირმა, სად წავიდა და სად გაუჩინარდა. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, კონგრესში აშშ-ს იმდროინდელ თავდაცვის მდივანს სწორედ ეს კითხვა დაუსვეს, არსებობს თუ არა ამ თანხების განკარგვის რაიმე სისტემა, რომელიც დაადგენს, სად მიდის ამერიკის მიერ გადარიცხული ფული.
შემდეგ ჩვენ გვახსოვს ვიქტორია ნულანდის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საერთაშორისო აუდიტი უნდა შეიქმნას, რომელიც მაგ საკითხებს შეისწავლის, თუმცა 3 წელიც გავიდა და ეს შესწავლილი არ არის. რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ FBI და მისი ახალი ხელმძღვანელი პატერი, აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს კარიბის ზღვის კუნძულებზე, ოფშორულ ზონებში დარიცხულ 50 მილიარდის წარმომავლობას. ამ ფულმა შესაძლოა, ზუსტად ამ დაკარგულ 250 მილიარდამდე მიიყვანოს. ამ ფულით უკრაინას რუსეთი უნდა დაემარცხებინა, თუმცა კარიბის ზღვის კუნძულების ოფშორულ ანგარიშებზე მოხვდა. დიდი ეჭვია რომ თუკი ამ დანაშაულის ნიშნები დამტკიცდა, აუცილებლად მოუწევს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა. როგორც ჩანს, მან ამის შესახებ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ის რასაც ამერიკა დაუდებს, ხელს იმ ხელშეკრულებას მოაწერს“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ზელენსკის, ადრე თუ გვიან, პასუხისგება მოუწევს, როგორც საკუთარი ერის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ქართველიშვილი ამბობს, რომ ბევრი საბაბი არსებობს იმისთვის, რომ ის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს. ამიტომ ზელენსკი მშვენივრად ათვითცნობიერებს რა ელის და თავის გადარჩენას ცდილობს“,-ამბობს ქართველიშვილი.