დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ (ვიდეო)

დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ (ვიდეო)

დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მეორე ნაკადი  აშშ-ში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა. ISAF-ის მისიაში და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაჭრილი  ჯარისკაცები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაივლიან. სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა, ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს. მათ სამხედროებს გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვეს.

პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი მეორე ეტაპზე 6 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური მათ რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების მკურნალობის კურსს აშშ-ში ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა უწევს.

სან დიეგოს კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი თითოეული სამხედროსთვის ინდივიდუალურია. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით ხდება. პროთეზირების კურსი პირველ ეტაპზე 6-მა სამხედრო მოსამსახურემ უკვე გაიარა. ისინი საქართველოში 15 თებერვალს დაბრუნდნენ. ამჟამად, პიტერ ჰარშის კლინიკაში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად პირველ ეტაპზე გაგზავნილი ორი სამხედრო მოსამსახურე რჩება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.

დაჭრილი სამხედრო მოსამსაახურეები რეაბილიტაციის კურსის გასავლელად აშშ-ში ეტაპობრივად გაემგზავრებიან.