არასაპარლამენტო ოპოზიციის თანამშრომლობის კონტურები

არასაპარლამენტო ოპოზიციის თანამშრომლობის კონტურები

მას შემდეგ, რაც მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50%–იანი ბარიერის დაწესება გადაწყდა, ექსპერტთა ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შანსების მეტად შემცირებაზე ალაპარაკდა. კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ პრაიმერიზის ჩატარებაზე უნდა იფიქროს და არჩევნებში ამ გზით გამოვლენილი რეიტინგული კანდიდატები უნდა წარადგინოს, რადგან, სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონირება გაუჭირდებათ.

ერთ–ერთი არასაპარლამენტო პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების დიდი შანსი აქვს და კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების კონსოლიდაციის შემთხვევაში ბევრ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პირველი ადგილზე გასვლას შეძლებენ.

„თუ ბოლომდე მივიყვანეთ ოპოზიციის კონსოლიდაციის პროცესი, შანსები არის ძალიან მაღალი. რაც ნიშნავს იმას, რომ დიდ ქალაქებში ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ, მინიმუმ, მეორე და, კარგ შემთხვევაში, პირველი ადგილისთვის. ხოლო, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შევქმნათ საკრებულოს უმცირესობა ან უმრავლეობა. მეორე ადგილი იქნება მინიმუმი, ხოლო, მერის არჩევნების მოგება ჩვენ შეგვიძლია თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში“, - განუცხადა for.ge–ს კახა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსს 50%–იანი ბარიერის დაწესებაც ზრდის. კუკავას განმარტებით, ბარიერის გაზრდით „ქართულ ოცნებას“ პირველივე ტურში არჩევნების ადმინისტრაციული რესურსით მოგების შანსი შეუმცირდა და მეორე ტურში, როდესაც პირისპირ დარჩება „ქართული ოცნებისა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი, იქ ე.წ. ხმების დაკარგვის პრინციპი არასაპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ აღარ იმუშავებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები პრაიმერიზის ჩატარების საკითხზეც მსჯელობენ და ოპოზიციის შეთანხმების საკითხზე კონკრეტული დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კახა კუკავა აცხადებს, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პრაიმერიზს ალტერნატივა არ აქვს და ამ პოზიციას „ქართული დასიც“ იზიარებს.

რეიტინგული კანდიდატების გამოსავლენად სხვადასხვა პარტიას შორის პრაიმერიზის ჩარტარება მიუღებელია ლეიბორისტული პარტიისთვის. შრომის პარტიისა და მისი ლიდერებისთვის ასევე მიუღებელია ამა თუ იმ ნიშნით შექმნილ ბლოკსა და კოალიციაში გაერთიანება.

„ყველაფერი დამახინჯებული საქართველოში როგორ უნდა გადმოვიდეს? პრაიმერიზი ტარდება პარტიის შიგნით. ცივილიზებული სამყარო, სადაც ეს მოიგონეს და სადაც ეს ტარდება, არ ცნობს ინტერპარტიულ პრაიმერიზს“, - განუცხადა For.ge–ს ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ.

მისივე თქმით, ლეიბორისტული პარტია თვითმმართველობის არჩევენებში კვლავ დამოუკიდებლად იბრძოლებს. ამა თუ იმ რაიონში კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კი სხვა ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმება შეიძლება შედგეს.

„ყველა პარტია უნდა გამოვიდეს საკუთარი გვარით, სახელით, წარსულით, პროგრამითა და საკუთარი პასუხსიმგებლობით. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იქმნება კოალიციები წლების განმავლობაში – იკრიბებიან მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე ადგილი დაიკავონ წარმომადგენლობით ორგანოში, შემდეგ იშლებიან და პასუხისმგებელი აღარვინ რჩება იმ დაპირებებზე, რომელსაც ასე უხვად არიგებენ არჩევნების წინ“, - აცხადებს გუგავა.

 ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში თვითმმართველობის არჩევნებში მათი პარტია გაიმარჯვებს. მისივე თქმით, დღეს ერთ–ერთ მთავარ პრობლემად კვლავ საარჩევნო გარემო რჩება.

„კონკურენტუნარიანობა, რეიტინგი, დამოკიდებულება რომ გაიზომოს, ამისთვის აუცილებელია, საარჩევნო კოდექსი თანაბარ საშუალებას აძლევდეს ყველას. დღეს გვაქვს დრაკონული საარჩევნო კოდექსი, რომელიც მორგებულია მმართველი პარტიის ინტერსებზე, უზურპირებული და მონოპოლიზებულია საარჩევნო კომისიები, იქ აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს დღეს „ოცნებას“. ფინანსური თვალსაზრისით, რესურსს მთლიანად ფლობს სახელისუფლო პარტია, არ არსებობს საარჩევნო დავების განმხილველი ობიექტური საბჭო, სიები კვლავ სავსეა „მკვდარი სულებით“, ამავე დროს, არასაპარლამენტო ოპოზიაციას არ გვაქვს უფასო სატელევიზიო დრო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძნელია, ობიექტურად განსაზღვრო მოსალოდნელი შედეგები“, - აცხადებს გიორგი გუგავა.

თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მისაღწევად ინტერპარტიული პრაიმერი პანაცეად არც „ახალ მემარჯვენეებს“ მიაჩნიათ. პარტიაში აცხადებენ, რომ, რეიტინგული კანდიდატების შესარჩევად, შესაძლოა, სხვა უფრო ეფექტიანი მექანიზმიც გამოინახოს.

„პრაიმერიზი ნიშნავს კონკრეტულ პარტიაში ან პარტიათა გაერთიანებაში/ბლოგში გამოსაყენებლ ფორმას და მეთოდს საუკეთესო კანდიდატის შესარჩევად. ამიტომ, ვიდრე საარჩევნო სუბიექტის კონფიგურაცია არ ჩამოყალიბდება, მანამდე პრაიმერიზზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

ის, რომ პოლიტიკური კონკურენტები ატარებენ ერთმანეთთან პრაიმერიზს, უბრალოდ, ნონსენსია და ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის. ანუ, ჯერ უნდა შეიკრას შესაძლო კონფიგურაცია და შემდეგ ერთ–ერთ მეთოდად განვიხილოთ პრაიმერიზი, თუმცა, შესაძლოა პრაიმერის გარეშეც შევთანხმდეთ“, - განუცხადა For.ge–ს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შანსები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ორ კომპონენტზე. საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს საარჩევნო კოდექსი და რა კონფიგურაციით გავლენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე.

„მხოლოდ 50%–იანი ბარიერის დაწესება ამინდს ვერ ქმნის, მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს ეზღუდებათ სიაში ყოფნა, შეზღუდვა მოქმედებს საინიციატივო ჯგუფებისთვის, ღიად არის დარჩენილი საკითხები ტელევიზიებში უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე და განმარტავს, რომ ოპოზიციის კოალიციის შექმნაზე კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება საარჩევნო კანონის ფორმირების შემდეგ მიიღება.

„გარკვეული მოსინჯვები გვაქვს დაწყებული, მაგრამ ჯერ გვაინტერსებს, რა სახეს მიიღებს კანონის პროექტი, რომ უკეთესად დავგეგმოთ შესაძლო კოალიციის კონფიგურაცია. ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ, ფორმულა „ყველა ერთად“ არ არის ჩვენთვის საინტერსო და ამ ფორმულის არც ინიციატორები და არც მხარდამჭერები არ ვიქნებით“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

„ახალი მემარჯვენეები“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციის კოალიციის შექმნის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პარტიების მსოფლმხედველობრივი და ფასეულობითი მხარეები, ასევე – პარტიის განვლილი ისტორია.

„გასათვალისწინებელია პოლიტიკური წონის საკითხიც – წმინდა პრაგმატული თემაა, რომ 1+1 ორი თუ არა, ერთნახევარი მაინც უნდა გამოვიდეს, რომ პერსპექტივაში საინტერესო იყოს პარტნიორობა“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.