"მამა გაბრიელმა იხილა საქართველოს მომავალი - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"

"ოღონდ ჯერ დაიშლება და როცა იფიქრებენ, რომ აღარსაიდან არის საშველი, მაშინ გვიხსნის უფალი და დაცემულ ერს აღადგენს ძველი დიდებითო" - რა იწინასწარმეტყველა წმინდანად შერაცხულმა ბერმა

"თითქოს პირველი საუკუნიდან გადმოსული მოციქული იყო, არავის ჰგავდა"- როგორ იხსენებს საკუთარ მოძღვარს "მონანიების" მთავარი გმირი

"მსხვილი ცრემლებით ტიროდა ჩემთვის, იმდენად რომ ცრემლები მიწაზე დაცემისას ხმასაც კი გამოსცემდა"


- პირველად მამა გაბრიელი 29 წლის წინ, მის მიერ აგებული ტაძრის საკანში ვნახე. მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. ლოცვანი გვაჩუქა, სადაც ეწერა ბოროტი სულების განსაგდები ლოცვები... თითქოს პირველი საუკუნიდან გადმოსული მოციქული იყო, არავის ჰგავდა, იმდენად განუმეორებელი და დიადი იყო... - - იხსენებს მსახიობი დავით გიორგობიანი...

- როგორი იყო მამა გაბრიელის ყოველდღიური ცხოვრება?

- ყველა უყვარდა, ყველაზე სწუხდა, ყველასთვის ლოცულობდა. ეს იყო სრული ადამიანი, განმღრთობილი და არავის მსგავსი გარშემო მყოფთაგან.ყველაზე აღმატებული და მადლიანი კაცი, რომლის გაგებას წლები დასჭირდება..

- როგორი საქართველო სურდა ენახა?

- მან წინდაწინ უწყოდა მომავალი საქართველოსიც და თითოეული მასთან მისული ადამიანისა. დღედაღამ ცრემლით ლოცულობდა საქართველოსთვის და თვითონ კიდევაც იხილა მისი მომავალი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ანუ გამთლიანებული საქართველო.. ოღონდ ჯერ დაიშლება და როცა იფიქრებენ, რომ აღარსაიდან არის საშველი, მაშინ გვიხსნის უფალი და დაცემულ ერს აღადგენს ძველი დიდებითო. რომ არავინ კაცთაგანმან არ იქადოს და იკვეხნოს, ივერია მე გავაბრწყინეო. 

- მასთან მრავალი ადამიანი მიდიოდა ნუგეშის საცემად. თქვენ თუ მისულხართ გაჭირვებაში მყოფი და როგორ დაგეხმარათ მისი სიტყვები?

- მსხვილი ცრემლებით ტიროდა ჩემთვის, იმდენად რომ ცრემლები მიწაზე დაცემისას ხმასაც კი გამოსცემდა. სენაკში შემიყვანა, ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს თქვა, მოვიდა ქვა და დახვდა რკინაო. იმ დღიდან სიმართლის იმ ფორმით გამოხატვას თავი დავანებე. არ შეიძლება სამღვდელოების საჯაროდ განკითხვა და მხილება. ვკითხე, მღვდელი რომ ყოფილიყო ჩემს ადგილზე-თქო? მაშინ ასგზის მეტი შეგეძლო გეთქვა სიმართლეო.. წმინდანი ტიროდა ცოდვილის გადასარჩენად. ეს მან ერთი საუბრით მოახერხა ჩემთან.. ვერანაირი ინტერვიუ ვერ დაიტევს, რაც მე მამა გაბრიელთან სიხარული განმიცდია...

- მისი სახელი სულ სასწაულებთან არის დაკავშირებული. თქვენ თუ გამხდარხართ სასწაულების მომსწრე?...

- ფოკუსები არასდროს მიძებნია, თუმც მამა გაბრიელი სალოსობდა და ამ თამაშ-თამაშში ირგვლივ ადამიანები ცხოვნების გზას პოულობდნენ და ეშმაკის ტყვეობიდან თავს აღწევდნენ. ეს დიდი სასწაულია.. მამა გაბრიელის ლოცვა ბევრს კურნავდა, მაგრამ იგი თავს იმდაბლებდა და არასდროს გააკეთებდა ამას ისე, რომ შენ ის მერე განგედიდებინა. არავის ადამიანთაგანს არ გააჩნდა მოყვასისადმი ისეთი სიყვარული, მას რომ ჰქონდა. მარტო ეს სიყვარული იყო საკმარისი ადამიანის განსაკურნებლად. მასთან ერთხელ მისული ადამიანი, უიმისოდ ვეღარ ძლებდა. ესაა სულის კურნება. ხორცი უნდა ითანგოს ცოდვების გამოსასყიდად..

- თქვენი დამსახურებით შემოგვრჩა ერთადერთი კინოკადრი მამა გაბრიელის მონაწილეობით...

- მე გავუგზავნე მამა გაბრიელს რეჟისორი გიული ჭოხონელიძე, რომელმაც გადაიღო მამა გაბრიელის ერთადერთი კინოკადრი. ეს კადრი შესულია ფილმში "ანთიმოზ ივერიელი".. შორი ხედია, მამა გაბრიელი მიდის წინ ჯვრით ხელში და მიუძღვის სამთავროს მონასტრის დედებს. ორი წელი მთხოვდა, მეთამაშა ანთიმოზ ივერიელის როლი, მე მაშინ ყველა როლზე უარს ვამბობდი. მრავალი წელი კინოს ჩამოვშორდი და სულიერების გზას ვადექი.. საქვეყნოდ პატიებას ვთხოვ მამა გაბრიელს, რომ ვერ შევძელი მის დასაფლავებაზე მივსულიყავი. მან კი დღეს ღირსი გამხადა, მენახა, თვითონ თუ როგორ ამოვიდა საფლავიდან და გვანუგეშა ერი. ძნელი ასახსნელია, რატომ არ მივედი დასაფლავებაზე. შეიძლება იმიტომ, რომ სულ ცოცხალი მინდოდა მხსომებოდა...