ვაშინგტონი - მომავალი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს და მოლდოვას ლიდერები ვაშინგტონს ეწვევიან, გვითხრა წყარომ კონგრესიდან. ვიზიტის მიზანი, როგორც ჩანს, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე რუსეთის მეზობლების მიმართ
აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
წყაროს თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მომავალ კვირაში ჩადის, ხოლო მოლდოვას პრემიერმინისტრი იური ლიანკე აშშ-ის დედაქალაქს მარტის პირველ კვირაში ეწვევა.
„მე ვერ გეტყვით იმის შესახებ, თუ როგორ დაიგეგმა ეს მოწვევები, მაგრამ საქართველოს და მოლდოვას პრემიერმინისტრები იქნებიან ვაშინგტონში, აქედან პირველი, ამ თვის ბოლო კვირაში, ხოლო მეორე მარტის პირველ კვირაში“, გვითხრა კონგრესის თანამშრომელმა ანონიმურობის პირობით.
თეთრი სახლის ჩინოვნიკებმა უარი თქვეს დაგეგმილი ვიზიტების დადასტურებაზე.
ვიზიტები, როგორც ჩანს, ითვალისწინებს მოსკოვისთვის გზავნილს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია არ მიატოვებს ამ ორ ქვეყანას უკრაინის კრიზისის დროს.
ობამამ და სხვა დასავლელმა ლიდერებმა გააძლიერეს ზეწოლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც 26 ადამიანი დაიღუპა ქვეყანაში გაჩაღებული ისეთი ძალადობრივი მოვლენების დროს, რომელიც უკრაინას არ ახსოვს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
შეერთებულმა შტატებმა 20 უკრაინელ მაღალჩინოსანს, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებლები იყვნენ აქციების ძალადობრივ დაშლაზე, საკუთარ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ პირების მიმართ სანქციებს ამზადებს.
თითქმის სამი თვეა რაც ქუჩის აქციები არ წყდება მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან რუსეთთან დაახლოების სანაცვლოდ, თუმცა ოთხშაბათს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებთან დაზავებაზე თანახმაა.
ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო და მოლდოვა, ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს სავაჭრო პაკტის ხელმოწერაზე ევროკავშირთან. საქართველოს 2008 წელს ხანმოკლე სასაზღვრო ომი ჰქონდა რუსეთთან.
foreignpress.ge