აჯანყება უკრაინაში ხალხს დააზარალებს, ამბობს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. ალექსანდრე ანქვაბი გვიხსნის, როდის უნდა იზეიმონ რუსეთის მეზობლებმა.
სოჭის ოლიმპიური სოფლიდან აფხაზეთის საზღვრამდე ტაქსით ათი წუთის სავალია. საზღვრიდან აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმამდე კი 100 კილომეტრი. რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შავიზღვისპირა ქვეყანაში დაახლოებით 240.000 ადამიანი ცხოვრობს. აფხაზეთი, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის ომების შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს. საქართველოსთვის ეს რეგიონები ოკუპირებულია. რუსეთს იქ სამხედრო ბაზები ჰყავს განთავსებული.
2011 წლის შემდეგ აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბია. მანამდე, 2005-2009 წლებში ის ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო. ანქვაბი 6 ტერაქტს გადაურჩა. ეს ინტერვიუ 2014 წლის 14 თებერვალს, კიევში ძალადობის ახალი ტალღის გაჩაღებამდე ჩავწერეთ.
ბატონო პრეზიდენტო, როგორ მოგეწონათ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი?
გრანდიოზული იყო, ნამდვილად გრანდიოზული!
მაშინ როდესაც ოლიმპიური თამაშები თქვენთან ასე ახლოს ტარდება, ალბათ, ძალიან გესიამოვნებოდათ, რომ თამაშების მონაწილეებად აფხაზი სპორტსმენებიც გეხილათ.
(ხმამაღლა იცინის) ცხადია, თუმცა ჩვენი ზამთრის სპორტული სახეობების სპორტსმენები ჯერ ასე კარგად მომზადებული არ არიან. მაგრამ, სერიოზულად რომ გიპასუხოთ: პრობლემა თქვენს ქვეყანაშია, თქვენ არ აღიარებთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ამიტომ ჩვენი სპორტსმენები ვერ იღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში. შეიძლება, მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისათვის ვითარება შეიცვალოს, ჩვენ ხომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თუ ნებას დაგვრთავენ, ჩვენი სპორტსმენები მზად არიან.
ამჟამინდელ თამაშებზე ლაპარაკისას ხშირად ჩივიან გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე, ბევრ გაფლანგულ ფულზე, უსაფრთხოების ზღვარგადასულ ზომებზე.
ამ ოლიმპიური თამაშებისათვის რუსეთმა 7 წელიწადში გააკეთა ის, რასაც ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებდა. მე ვამაყობ ამ მიღწევით.
და ამ თამაშების კრიტიკას რაც შეეხება?
იცით რა, ვისაც გაკრიტიკება სურს, ის ამისათვის საფუძველს ყოველთვის იპოვის. ასეა ყველაფერში და, მათ შორის, ამ თამაშებთან დაკავშირებითაც.
როგორ შეცვალეს თამაშებმა თქვენი ქვეყანა? მანქანით რუსეთში ვეღარ გადადიხართ.
სამზადისი და თავად თამაშები ჩვენზე უარყოფითად არ ასახულა. რუსეთი და აფხაზეთი მეზობლები არიან. როდესაც მეზობელს დიდი ზეიმი აქვს, მეზობლები მას ეხმარებიან და ბუნებრივია მასთან ერთად ზეიმობენ. თუკი სოჭი დღეს და მომავალში, ოლიმპიადის შემდეგ, მოგზაურობისთვის უკეთესი ადგილი გახდება, აფხაზეთშიც მეტი ტურისტი ჩამოვა. ოლიმპიადის შემდეგ საზღვარი კერძო ავტომანქანებისათვის ისევ გაიხსნება.
ოლიმპიური თამაშების გამო რუსეთმა თავიდან გაამაგრა საზღვარი. სამხრეთ ოსეთის საზღვარი საქართველოს ტერიტორიის შიგნითაც კი გადაწიეს.
(ძალიან ხმამაღლა იცინის) აჰ, საწყალო ევროპელებო, როგორ მეცოდებით. ზრდასრული ადამიანები ხართ და ჯერ კიდევ გჯერათ ზღაპრების!
უკაცრავად, მაგრამ არსებობს სერიოზული მოხსენებები, რომელშიც ჟურნალისტები აღწერენ საზღვართან განვითარებულ მოვლენებს.
(იღებს ფურცელს და ხატავს) შეხედეთ: ეს არის რუსეთი, ეს აფხაზეთი და ეს მდინარე ფსოუ. საზღვარი მდინარის გასწვრივ გადის და ორივე მხარეს არის უსაფრთხოების ზონა, რომელიც ასევე ეკუთვნის საზღვარს. აქ გადასვლა მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვით შეიძლება. ოლიმპიადის გამო ამ ზონის სიგანე ამჟამად 11 კილომეტრია. სულ ეს არის. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით მათ, რომ ოლიმპიურმა თამაშებმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ქართველებმა ევროპაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს რუსეთი საზღვრებს აფართოებს. ეს ზღაპარია.
როგორ აღწერდით მიმდინარე ურთიერთობებს აფხაზეთსა და საქართველოს შორის?
(ყოყმანობს) დიდი ხნის ომიანობის შემდეგ, ჩვენ საქართველოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა გვინდა, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გვსურს ევროპელ და რუს მედიატორებთან ერთად განვაგრძოთ ჟენევის მოლაპარაკებები. მაგრამ ამისათვის საქართველომ, ბუნებრივია, ანგარიში უნდა გაუწიოს ჩვენს წინადადებებს.
საქართველომ სპორტსმენები გააგზავნა სოჭში, მაგრამ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა. ამას აქვს თქვენს მოლაპარაკებებზე რაიმე გავლენა?
არა, ოლიმპიადას ჩვენი და საქართველოს ურთიერთობასთან არაფერი ესაქმება. სპორტი სპორტი უნდა იყოს და პოლიტიკა პოლიტიკა. მხოლოდ ხანდახან ირევა ეს ორი რამ ერთმანეთში.
გახსნის ცერემონიალის დროს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრეთ?
არა, მე ვიქტორ იანუკოვიჩს არ შევხვედრივარ.
რა აზრის ხართ უკრაინაში ძალაუფლებისათვის ბრძოლაზე? იქ ისევე, როგორც თქვენს რეგიონში, საქმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის რუსეთთან ურთიერთობას ეხება.
ვფიქრობ, რომ უკრაინაში საშინელება ხდება. ეს ავნებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
საშინელებაში რას გულისხმობთ?
შეიარაღებული ადამიანები, რომლებმაც აღმართეს ბარიკადები, დაიკავეს შენობები, წვავენ საბურავებს, ძალადობენ ხალხის წინააღმდეგ. ამ პროტესტს კიევში მე საზიზღრობას ვუწოდებ.
კიევში ქუჩაში უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ - ამას ეძახით საზიზღრობას?
დიახ, თქვენ დასავლეთ ევროპაში ალბათ არ ხართ კარგად ინფორმირებული. ის რაც იქ სინამდვილეში ხდება, სულ სხვა რამაა.
ბოლოს კიევში როდის იყავით?
ბევრი წლის წინ.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ნებართვით გეტყვით, რომ მე სულ რაღაც ორი კვირის წინ ვიყავი იქ. დემონსტრაციაში მონაწილე თითქმის ყველა ადამიანი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელიც არ მიმართავს ძალადობას.
რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი ბრწყინვალედაა. და ის, რასაც ტელევიზიით ვხედავთ, ზღაპარია ან სამეცნიერო ფანტასტიკა, არა? რას ეძახით, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის პოლიციელები იწვიან? ეს ძალადობა არ არის?
მე იმ ადამიანებზე გეუბნებით, რომლებიც ქუჩაში დემონსტრაციაზე დგანან. მათგან არცერთი არ უკიდებს ცეცხლს პოლიციელს. როდესაც ძალადობის ცალკეული შემთხვევები იყო, ვხედავდი როგორ მიზანმიმართულად ესროდნენ პოლიციელები ჟურნალისტებს, რომლებსაც ვითარების გაშუქება უნდოდათ. კიევში დემონსტრანტების თქმით, ისინი რუსეთისგან მეტი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თქვენ საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. ამ ორი მოვლენის შედარება შეიძლება?
ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის იმის საპირისპიროა, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინას ვინმე დაესხა თავს? არა! ჩვენ საქართველო თავს დაგვესხა. ქართველებმა დაიწყეს ომი. თუ მიიხედ-მოიხედავთ, ომის ჯერ კიდევ ბევრ ნიშანს დაინახავთ, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელიწადზე მეტი გავიდა.
თქვენ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვით. უკრაინაში კი ხალხს ეშინია, რომ დამოუკიდებლობას დაკარგავს.
რუსეთმა და კიდევ სხვა ქვეყნებმა გვაღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს პროცესი გაგრძელდება. თქვენ მკითხეთ, რატომ არ ვმონაწილეობთ ოლიმპიადაში. მიზეზი ევროპაშია, რადგან თქვენ, როგორც ერს, არ გვაღიარებთ. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არ მესმის, რატომ ან ვისგან უნდა დამოუკიდებლობა. მაგრამ ამას უკრაინელები თავად გადაწყვეტენ.
რუსეთზე რამდენად ხართ დამოკიდებული?
ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რუსეთი განვითარებაში ძალიან გვეხმარება.
მაგრამ მასზე დამოკიდებული ხართ, მაგალითად, თვითმფრინავით მხოლოდ სოჭის აეროპორტის მეშვეობით თუ დაგიკავშირდებით.
იცით რატომაა ასე? აქედან დაახლოებით 20 წუთის სავალზე ფანტასტიკური აეროპორტია, სოჭის აეროპორტზე უკეთესი. მაგრამ იქ არ ჯდება არცერთი თვითმფრინავი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გარკვეულ საერთაშორისო სტრუქტურებს, საქართველოს მეთაურობით, არ სურთ ამ აეროპორტის ამოქმედება. მხოლოდ ამიტომ ვიყენებთ ჩვენ სოჭის აეროპორტს. მაგრამ საბედნიეროდ ამ საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან ყველა მიმართულებით არ ვზარალდებით. ჩვენი რკინიგზა ფუნქციონირებს, ჩვენი გზები და კომუნიკაციებიც. მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით: აეროპორტის გამო ჩვენ რუსეთზე ვართ დამოკიდებული.
ეკონომიკის ბევრ ან, შესაძლოა, ყველა დარგშიც რუსეთზე ხართ დამოკიდებული.
დიახ, მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთზე დამოკიდებული არ არიან? თქვენ ხომ გერმანელი ხართ?
დიახ. მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტი და კანცლერი სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე არ ჩავიდნენ.
რატომ?
შეიძლება ეს ჩუმი განაცხადი იყო. შეიძლება მათ საუკეთესო იდეად არ მიაჩნიათზამთრის ოლიმპიური თამაშების სუბტროპიკულ საცურაო კურორტზე ჩატარება.
(ხმამაღლა იცინის) მაშინ როგორ არის სოჭში ფანტასტიკური ოლიმპიური ნაკრები?
როგორც თქვენ თქვით: სპორტი სპორტი უნდა იყოს და პოლიტიკა პოლიტიკა.
არ გგონიათ, რომ ანგელა მერკელი გახსნის ცერემონიალზე სიამოვნებით იქნებოდა და მიესალმებოდა თავის პორტსმენებს? ანგელა მერკელს თხილამურებით სრიალისას პრობლემები შეექმნა და, ჩემი აზრით, ამიტომ არ ჩამოვიდა სოჭში. სხვა მხრივ, ის ისევე, როგორც ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური და ბევრი სხვა, დაუქნევდა ხელს სპორტსმენებს.
ოლიმპიურ თამაშებში სპორტის თქვენი საყვარელი სახეობა რომელია?
ბიატლონი, თხილამურებით სრიალი, ჰოკეი, ყველა ძალიან ლამაზია.
კიდევ ერთი პირადი ხასიათის შეკითხვა მაქვს.
გისმენთ.
თავს ნამდვილ პრეზიდენტად გრძნობთ? თქვენ ხართ პრეზიდენტი, მაგრამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობს თქვენს ქვეყანას და, შესაბამისად, თქვენს პრეზიდენტობას.
მე თავს აბსოლუტურ პრეზიდენტად ვთვლი. თუ ევროპაში ვინმე არ მცნობს, ეს არა ჩემი, არამედ მისი პრობლემაა.
თუ აფხაზეთი, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი, შეძლებისდაგვარად მეტ დამოუკიდებლობას მიიღებს, თქვენ თქვენს ტიტულზე უარს იტყოდით? ამ შემთხვევაში თქვენ ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, რეგიონის გუბერნატორი იქნებოდით, სამაგიეროდ თქვენი ქვეყნისთვის მიაღწევდით რაღაცას.
(კვლავ ძალიან ხმამაღლა იცინის) საქართველომ წარსულში უკვე ბევრი საჩუქარი მიიღო, მთელი აფხაზეთი იყო საქართველოს საჩუქარი, მაგრამ არ არსებობდა ისტორიული სამართლიანობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ როგორც ევროპელი მიხვდეთ: აფხაზეთი არ არის საქართველო.
გაგახარებთ, ქართველებმა ოლიმპიადაზე ოქრო რომ მოიგონ?
სპორტსმენები სპორტსმენები არიან, უძლიერესი იმარჯვებს. განსაკუთრებით მახარებს გერმანელი ოლიმპიელების ბევრი მედალი. თუ დახურვის ცერემონიალზე ისევ გავემგზავრები სოჭში, თქვენს გუნდს ვუგულშემატკივრებ. სჯობს, იქ შევხვდეთ ერთმანეთს, ვიდრე კიევში. იქ ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვიდგებოდით.
დიდი მადლობა საუბრისათვის, ბატონო პრეზიდენტო.
foreignpress.ge