პარლამენტში ოთხსაათიანი პოლიტიკური დებატები უმცირესობის უკმაყოფილებით და უმრავლესობის იმედების გაცრუებით დასრულდა. მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოხსენებას „ადეკვატურს, უპრეცედენტოს და სოლიდურს“ უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, გიორგი მარგველაშვილს მკაცრად აკრიტიკებს და ორთავიან არწივს ადარებს.
წინა პარლამენტისგან განსხვავებით, ამ მოწვევის უწყებაში, პრეზიდენტის რიგით პირველი პოლიტიკური დებატები შედარებით მშვიდ ვითარებაში წარიმართა. მართალია, კრიტიკა ორივე მხარისგან ისმოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნის პირველი პირი ოპონენტებს ტალახში „გაზელვით“ არ დამუქრებია და პროტესტის ნიშნად, მას არც სხდომათა დარბაზი დაუტოვებია.
ოთხი საათის განმავლობაში, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციონერთა გამოსვლებს მშვიდად უსმენდა. მათ შორის, მისდამი გაჟღერებულ კრიტიკასაც. ნაციონალებმა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლისა და მთავრობის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს.
წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება ურჩიეს და მოუწოდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს ნუ დააკნინებს.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი კნინდება და ეს თავად გიორგი მარგველაშვილის ბრალია. პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი პირველად გამოჩნდა, სადაც ეწერა, რომ შენობა „ვადაგასულია“. პრეზიდენტის ადმინისტრაციას რა წარწერაც არ უნდა გაუკეთონ, ამით მიხეილ სააკაშვილს ვერ დააზარალებენ. ამით მოქმედი პრეზიდენტის ინსტიტუტი კნინდება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რომლის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე წინადადებით გამოვიდა, პარლამენტის თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ, პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში განთავსდებოდა.
დავით უსუფაშვილმა გადაწყვეტილების მიღებისთვის ნაციონალებს მოფიქრებისთვის ათი წუთი მისცა, თუმცა, მათ სპიკერის შეთავაზება ხუმრობად აღიქვეს და საკუთარი დრო პოლიტიკურ განცხადებებს დაუთმეს.
თუ სერგო რატიანმა გიორგი მარგველაშვილი რუსულ გერბზე გამოსახულ ორთავიან არწივს შეადარა, პრეზიდენტი გოკა გაბაშვილმა მთავრობის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.
რატიანის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ქართულ პოლიტიკაში გაორების პოლიტიკა შემოიტანა.
„ეს ყველაფერი რუსეთის გერბზე ასახულ ორთავიან არწივს მაგონებს, სადაც ერთი თავი დასავლეთისკენ იყურება, მეორე კი, აზიისკენ. გერბის მსგავსად, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკა ერთი თავით დასავლეთისკენ იყურება, მეორეთი რუსეთისკენ. მარგველაშვილთან ერთად ქართულ პოლიტიკაში ორთავიანი რუსული არწივი შემოვიდა“, - აღნიშნა რატიანმა, რომელმაც პრეზიდენტს შეახსენა, რომ ქართულ გერბზე აღნიშნულია წმინდა გიორგის სიმბოლო, რომელიც მისი განმარტებით, მდგრადი ღირებულებების სიმბოლოა.
გაბაშვილის მოსაზრებით კი, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მინისტრები უნდა დასწრებოდნენ.
„საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც თავი უნდა შეიწუხონ - ბატონმა ხადურებმა, ღარიბაშვილებმა, ალასანიებმა, წულუკიანებმა და სხვებმა. ისინი პარლამენტში უნდა მოსულიყვნენ და დაუშვებელია, მინისტრებმა ასეთი გულგრილობით, უყურადღებობითა და საერთოდ, დაუსწრებლობით გამოხატონ თავისი დამოკიდებულება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსსნებისადმი“, - განაცხადა გაბაშვილმა, რომლის განცხადების პათოსი არ ესმის მმართველ ძალას.
for.ge-სთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის უმცირესობისგან გაცილებით მძაფრ და სერიოზულ კრიტიკას ელოდა.
„ნაციონალებმა თავიანთი უკბილო და ნაკლებად ბასრი გამოხტომებით გული დამწყვიტეს. პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან ზომიერი და ძალიან ნორმალური იყო. ეს იყო პირველი ჯანსაღი გამოსვლა. პრეზიდენტის არცერთ სიტყვას არ გამოუწვევია არც მღელვარება და არც ქილიკი. ის, რომ პრეზიდენტმა გარკვეულ ქვეყნებს დედის გინება არ დაუწყო, ეს კარგია. მართალი გითხრათ, ნაციონალების გამოსვლა წარმოუდგენლად სუსტი და უკბილო იყო. მათგან გაცილებით მძაფრ და სერიოზულ კრიტიკას ველოდებოდი. ვანო მერაბიშვილი მაინც ეხსენებინათ, ვიღაცეებს მაისური მაინც უნდა შემოეგლიჯათ და ეთქვათ, გვჩაგრავენ და გვტანჯავენო“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
კანონმდებელის მოსაზრებით, მერაბიშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაქრა.
„ამ წუთას სხვა ფაზაში არიან. მათგან მეტს ველოდი. ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური ტემპერატურა აიწეოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ოპონენტები პრეზიდენტს აკრიტიკებენ, რატომ არ ახსენა რუსეთიო. იმიტომ, რომ უკრაინელ ხალხს ტკვილი არ მიაყენა. ამ პატიოსანმა პრეზიდენტმა თქვა, რომ დამნაშავეა უკრაინის ხელისუფლება. ჩვენს პრეზიდენტს ვაჟკაცობა ეყო, საგნებისთვის სწორი სახელი დაერქმია და მან პირდაპირ თქვა, ვინ არის დამნაშავე. მსგავსი განცხადება კი, არაცერთი ნაციონალისგან არ მახსოვს“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა, რომლის პათოსსაც იზიარებს დავით ბერძენიშვილი.
კანონმდებელი პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილია და ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა იყო - ადეკვატური, უპრეტენზიო და სოლიდური.
„პრეზიდენტმა შოუს დადგმა არ იკადრა. იმ მოწვევის პარლამენტის წევრი ვყოფილვარ, როცა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო ოფიცრები მოიყვანა და მას დეპუტატები სამხედრო ფორმაში ჩაცმულნი დახვდნენ. მაშინ, სააკაშვილს კანონმდებლები ტაშის კვრით შეხვდნენ, ჩვენ კი, მარგველაშვილს გამოსვლა ტაშით არც ერთხელ არ გავაწყვეტინეთ. პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი სიტყვა თქვა, სადაც აპლოდისმენტები საჭირო იყო, მაგრამ ეს ნორმალური და სოლიდური ფორმა არ არის და არც ჩვენ დაგვიწყია, „ვაა რა მაგარი ხარ-თქო“. ეს შეურაცხმყოფელი და მდარე გემოვნების იქნებოდა. წინა ხელისუფლებას კი, გემოვნებასთან პრობლემები ჰქონდა. საბოლოო ჯამში, გამოსვლა ფორმითაც და შინაარსითაც კარგი და ადეკვატური იყო“, - განუცხადა for.ge-ს დავით ბერძენიშვილმა.
ტაშის კვრაზე გამახსენდა. 2011 წლის 26 მაისის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ქუთაისის ჯერ კიდევ მშენებარე პარლამენტის შენობაში გაიმართა, მაშინდელმა უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილს გამოსვლა ტაშით დაახლოებით 40-ჯერ შეაწყვეტინა, „ქართულმა ოცნებამ“ კი, გიორგი მარგველაშვილს ტაში სამჯერ დაუკრა.