ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომ თამარ მეფის მემკვიდრე არ არის, ამაში უკვე გუბაზ სანიკიძეც დარწმუნდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადასტურებს, რომ ზურაბიშვილის წარმატება განულებულია ქვეყნის შიგნით.
„ქალბატონო სალომე, რას ელოდებით?! მონარქია აქ არ აღდგება და თამარ მეფის მემკვიდრედ არავინ გამოგაცხადებთ. ეს შეიძლება მოიპოვოთ. კარგია თამარ მეფის ჯვრის ასლით სიარული, კარგი მოდაა ქართველ ქალებში, მაგრამ ფორმა შინაარსს მოითხოვს. თავმოწყვეტილი რომაა მთელი ოპოზიცია, დაუძახეთ“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
რას ელოდება ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი, უცნობია. ის ცდილობს ქვეყნის შიგნით და გარეთ ტემპერატურის აწევას, აეროპორტში მისთვის კვერცხების სროლაც ამ კონტექსტშია. მეხუთე პრეზიდენტი ამ საქმის გამოძიებას ითხოვს.
ღალატი რომ პროფესიად იქცა და ამის მთავარ ლიდერად ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩამოყალიბდა, ამის შესახებ საუბრობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. მისი აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს, ჩაანაცვლოს სააკაშვილი და თავის გარშემო გააერთიანოს ოპოზიცია, მათი მთავარი იდეა კი საქართველოს დამარცხებაა.
„დროშა მოიპარა და ისევ ამბობს, პრეზიდენტი ვარო. ჯერ ერთი, ეს სისულელეა, მაგრამ ამ სისულელის უკან ცდილობს, ჩაანაცვლოს სააკაშვილი“, - ამბობს გია ვოლსკი.
რისთვის სჭირდება განულებული ექსპრეზიდენტი ოპოზიციას?! თანამდებობის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილი ვის დააინტერესებს? დასავლეთს, სადაც ექსპრეზიდენტები კი არა, მოქმედი პრეზიდენტებიც არ აინტერესებთ და მის მიმართ ჯერ კიდევ ინერციით შერჩენილი ინტერესიც ნულდება?! შესაძლოა, ოპოზიცია მას ქართულ დიასპორასთან საურთიერთოდ განიხილავს, აკი შეხვდა კიდეც ზურაბიშვილი ამ რამდენიმე დღის წინ მიუნხენში ქართულ დიასპორას.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბიშვილი უწინ იყო კონსტიტუციის დამრღვევი ფსევდო პრეზიდენტი, რაც დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ, ახლა კი გახდა თვითმარქვია პრეზიდენტი. სამარცხვინოა, რომ დღემდე მის ოფისში გამართულ შეხვედრებზე საპრეზიდენტო დროშას იყენებს. ეს ძალიან არასერიოზულია მისი მხრიდან და იმ ხავსს ეჭიდება, რომელიც უკვე მოწყვეტილია ქვას და წყალი აუცილებლად წაიღებს. ეს ქალბატონი უკვე არაფერს წარმოადგენს აგენტოკრატიისთვის, შეიძლება საფრანგეთში ან აღმოსავლეთ ევროპაში მას რაღაც ფასი ჰქონდეს პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ საზოგადოებრივად მას ფასი არ აქვს.
„ნებისმიერი ფიზიკური შეხება ადამიანზე, პოლიტიკოსია ის, თუ არაპოლიტიკოსი, მიუღებელია, მაგრამ რაც დათესა, ის მოიმკო. უკაცრავად, მაგრამ გავიხსენოთ, გერმანიაში რა ხდება? მინისტრებზე, დეპუტატებზე თავდასხმები. რა ხდება ინგლისში? იქაც კვერცხები, პომიდორი და სხვა ხილბოსტნეულის გამოყენება. ეს პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა. ამიტომ ჭარბი ვიქტიმიზაცია, თითქოს ზურაბიშვილი ტანჯული ადამიანია, აბსოლუტურად მიუღებელია. ვხედავთ, რომ იგი რადიკალებშიც მიუღებელია, ხედავენ მის ქედმაღლობას, ჯიუტობას, არათანმიმდევრულობას. უკვე ისე მოძველდა მისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი რენომე, რომ აღარაფერს წარმოადგენს, ერთი დასაცინი ასაკოვანი ქალი გახდა, რომელიც პრეზიდენტობანას თამაშობს და ჰგონია, რომ რაღაც წონა აქვს. ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მე სახალხო ლიდერი ვარო, აქ უკვე პოლიტიკური ანალიტიკა ზედმეტია, აქ უკვე ფსიქიატრია უნდა ჩაერიოს, რომ მიხედონ, დაამშვიდონ, რადგან თავადაც საკუთარ გულში ხომ ხედავს, რომ ლუზერია, არაფერს წარმოადგენს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
მანვე განმარტა, რომ აღარ არიან ზურაბიშვილის მფარველები ისეთი ძლიერები და ნელ-ნელა აიგნორებენ მას, ამიტომ რაღაც კონფერენციაზე წავა, ემიგრანტებს ან მეორეხარისხოვან დიპლომატებს შეხვდება თბილისში, ეს არაფერს ნიშნავს და ვერასდროს გახდება თუნდაც ბელარუსში რომ ჰყავდათ ე.წ. პრეზიდენტი ტიხანოვსკაია. სადღაა ტიხანოვსკაია? ვინმეს ახსოვს ევროპაში ან ამერიკაში? გაქრა, ისევე აორთქლდება ზურაბიშვილიც, როგორც აორთქლდა დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე. როცა მიახვედრებენ ამ ქალს, რომ არაფერს წარმოადგენს, ისიც იძულებული გახდება, წავიდეს და შეირგოს ფრანგული პენსია.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ „მადამ მავნებელი“ ჭეშმარიტად პათოლოგიური პიროვნებაა, პათოლოგიური ამბიციების, პათოლოგიური ეგოცენტრიზმისა და ეგოიზმის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის, გაწიროს ყველაფერი ღირებული თავისი ამბიციების სასარგებლოდ. ის არის მაკკეინის ინსტიტუტის ერთადერთი ლეგიტიმური სტიპენდიანტი საქართველოში და ამ სტიპენდიას ღებულობს.
„ეს ის ქალბატონია, რომელიც კარგა ხანს ღებულობდა ელჩის ხელფასს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც უკვე დანიშნული იყო მინისტრად საქართველოში. მე მგონი, წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი და ამის გამო იყო სკანდალი პარიზში, ეს გაზეთებში დაიბეჭდა და შენახულიც მაქვს ეს გაზეთი. გარდა ამისა, ყალბია მისი ნიღაბი, თითქოს ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და, საერთოდ, ერთადერთი სახელმწიფო პოლიტიკური ფიგურა, რამეთუ თურმე გაყალბდა არჩევნები და პარლამენტი და პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი, ყველაფერი ეს ყალბია. წარმომიდგენია, ამ პათოლოგიურ ადამიანს როგორ სიამოვნებს ლეგიტიმური პრეზიდენტის სტატუსი. მით უფრო სიამოვნებს, როცა ამას უდასტურებენ „ნაცმოძრაობის“ ევროპელი პარტნიორები“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება ანტიეროვნულ ძალებს, რომლებსაც შემთხვევით უწოდებენ ქართულ ოპოზიციას, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რომ ეს არის პათოლოგიური ქალბატონი და რომლებიც შესაბამისი უწმაწური ეპითეტებით ამკობდნენ მას. ისმოდა ბრალდება, რომ თურმე ეს ქალი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღია. ზურაბიშვილი არ გამოტოვებს არც ერთ პლატფორმას, არც ერთ ფორუმს, სადაც შეიძლება წარდგეს იმ სტატუსით, რომ თურმე იგი ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
დატოვებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოს, პეტრე მამრაძეს ამის თქმა უჭირს, მაგრამ ამბობს, რომ თუკი ზურაბიშვილი მიხვდება, რომ საქართველოში ყოფნა მისთვის მართლაც სახიფათოა, მაშინ დაფიქრდება, უღირს კი აქ დარჩენა?!
„ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელზე ღიად თქვა, „ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტიო“. ადამიანზე რომ იტყვი, ინსტრუმენტიაო, ეს უკვე ბევრ რამეზე მიანიშნებს. ამაღლობელი შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს და ითხოვდეს მის სამართლიან დასჯას, მაგრამ ცოცხალ ადამიანზე ინსტრუმენტი როგორ უნდა თქვა?! შეიძლება თქვა, რომ ეს ადამიანი ვიღაცამ ინსტრუმენტად გამოიყენა. რა თქმა უნდა, კვერცხებით თავდასხმას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ეს ქალბატონი. უკვე გამოდიან ელჩები, სამარცხვინოა, გამოიძიეთო მომხდარი, მართლაც, ეს ფაქტი გამოსაძიებელია, მაგრამ იმ პერიოდში, როცა პოლიციელებს თავს ესხმოდნენ და პარლამენტს წვავდნენ, გამაჩერა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, სრულიად უცნობმა ადამიანებმა და ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ, რატომ არ ღებულობს მთავრობა ზომებს, რომ ეს უმსგავსობა ალაგმოს?! ჩვენც ხომ შეგვიძლია შევიკრიბოთ და მოვკიდოთ ამას ხელი?! იმ მძიმე დღეებში რუსთაველის მეტროდან ამოვედი, იქვე 40 წლამდე ადამიანები ლაპარაკობდნენ, დამინახეს, მითხრეს, „ბატონო პეტრე, ნაომარი ხალხი ვართ, 2008 წელსაც მოგვიწია ომი, ახლა რომ ვუყურებთ ამ არაკაცებს და არაქალებს, ჩვენ რომ შევიკრიბოთ და მათ დავუპირისპირდეთ, ეს უნდა ხელისუფლებას?! რატომ არ იღებენ ზომებს? არ გამიკვირდება, როცა გარკვეული ჯგუფების მოთმინება ამოიწურება, მაშინ ხელისუფლებას ამ ადამიანების შეკავება გაუჭირდება“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
,