„უკრაინა იქნება კი სახელმწიფო? - ტრამპის და პუტინის აზრობრივი და რიტორიკის თანხვედრა უკრაინისთვის და ევროპისთვის საფრთხეს ქმნის“

„უკრაინა იქნება კი სახელმწიფო? - ტრამპის და პუტინის აზრობრივი და რიტორიკის თანხვედრა უკრაინისთვის და ევროპისთვის საფრთხეს ქმნის“

ევროპა შოკშია და ეჭვობს, რომ - დონალდ ტრამპი მზად არის, ვლადიმერ პუტინთან შორსმიმავალ დათმობებზე წავიდეს. აშშ-ს ახალი პოლიტიკა რადიკალურად ამოტრიალდა, ხოლო ერ-რიადში გამართულმა ამერიკა-რუსეთის სამიტმა, შესაძლოა, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ბალანსი რადიკალურად შეცვალოს.

ახლა მთელი ყურადღება ტრამპის და პუტინის შეხვედრისკენ არის მიმართული. როგორც ტრამპი აცხადებს, პუტინს, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე შეხვდება. ტრამპს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, რომელ რიცხვში გაიმართება შეხვედრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შედგება თუ არა შეხვედრა თვის ბოლომდე, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ალბათ“.

ანალიტიკოსები უკრაინის ომის დასრულების სცენარებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ტრამპის ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა გააჩინა განცდა, რომ აშშ რუსეთთან ჩარჩო შეთანხმებას დებს და ხელებს იბანს. ხოლო კიევი არ ზის მოლაპარაკების მთავარ მაგიდასთან, ის მხოლოდ გვერდითა ფლანგზეა. ევროპა ამ პროცესს საერთოდ არ ესწრება. როგორც კი გარიგება დასრულდება, შეერთებული შტატები განზე გადგება - დანარჩენი თავად ევროპამ უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება დაპყრობილ უკრაინის ტერიტორიებს, ის რუსეთს გადაეცემა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება კი დღის წესრიგიდან მოიხსენება. სწორედ ეს იყო პუტინის წინაპირობა მოლაპარაკებების დასაწყებად.

ასევე, უკვე ცნობილია, რომ ტრამპს არ სურს უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების განლაგება და G8-ში რუსეთის დაბრუნებას აპირებს. ამ ყველაფერზე ტრამპი და პუტინი აწ უკვე შემდგარი კომუნიკაციის დროს შეთანხმდნენ. ეს არის ის, რაც პუტინს ყოველთვის სურდა და ამის მიღწევის თვითონაც არ სჯეროდა. ის, ყოველთვის, დასავლურ ალიანსში უთანხმოების ჩამოგდებას ცდილობდა. თუ ეს ყველაფერი მართლაც მოხდება აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, მაშინ პუტინი აბსოლუტურ გამარჯვებას მოიპოვებს.

ევროპა კი ისეთ შოკშია, რომ ჯერ გამოსავალი ვერ იპოვა. ევროპის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები 17 თებერვალს პარიზში შეიკრიბნენ, რათა მათ თვალწინ მიმდინარე ცვლილებების შედეგები განეხილათ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი სწრაფად იპოვიან პასუხს, გარდა მოწოდებისა, რომ საერთო დასავლური ღირებულებები უნდა დაიცვან და იძულებულები გახდნენ ტრამპს შეხვდნენ.

როგორც დასავლური მედია წერს, ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღერძი, ბერლინი-პარიზი, დიდი ხანია, საუკეთესო ფორმით ვეღარ ფუნქციონირებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საერთო ენა ვერა და ვერ გამონახეს. გარდა ამისა, სოციალ-დემოკრატ შოლცს გერმანიის მთავრობაში ყოფნის დღეები დათვლილი აქვს. სულ რამდენიმე დღე დარჩა ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებამდე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება. დიდი ალბათობით, შოლცი პოსტს დატოვებს და კანცლერი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახდება. ევროპამ ვერ შეძლო გამკლავება იმ გამოწვევებთან, რომლებიც უკავშირდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს და რომელიც დღემდე მოუგვარებელია. აქამდე ამ მიმართულებით მოქმედი დევიზი ასე ჟღერდა: „ნაბიჯ-ნაბიჯ“, მაგრამ ახლა უკვე მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს.

ტრამპს არასდროს დაუმალავს, კონკრეტულად რას აპირებდა, მაგრამ არც ევროპა უშვებდა მსგავს სცენარს, რის გამოც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას სანდო სამშვიდობო ძალებით 140 000-დან 150 000-მდე ჯარისკაცი დასჭირდება. თუმცა აქ საუბარია არა გაეროს „ცისფერჩაფხუტიანებზე“, რომლებიც მხოლოდ პატრულირებენ. სამშვიდობოების უმეტესობა ალბათ გერმანიიდან უნდა იყვნენ, თუმცა არც ბუნდესვერი და არც გერმანული საზოგადოება ამისთვის მზად არ არიან.

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპას მორიგი დარტყმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა მიაყენა. როდესაც ის ტრიბუნზე ავიდა, ყველა ელოდა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შესახებ ისაუბრებდა. თუმცა ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლამ ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა - ეს იყო ის 18 წუთი, რომელმაც ევროპა სულიშემძვრელად შეაჯანაჯღარა.

ვენსმა უდიდეს საფრთხედ დაასახელა არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ - თვით ევროპაში არსებული „შიდა საშიშროება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული მთავრობები, როგორიცაა გერმანია.

თებერვლის დღეებში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ცხადი გახდა, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში რაღაც „გაფუჭდა“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა: „ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ არ შეიძლება ქვეყანაში ომის დაწყება სხვის იმედად, როდესაც მისი თავიდან არიდება შესაძლებელია. სწორედ ამას ამბობს ახლა ტრამპი, რადგან უკრაინა რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებდა, ეს ყველამ კარგად იცოდა, განსაკუთრებით ევროპამ. ამიტომ მას მიაჩნია, რომ ტრამპის გეგმა არის რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა და უკრაინა საერთოდ მის პრიორიტეტებში არ შედის.

„სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობებში სიტუაცია დინამიურად იცვლება. დღევანდელი მტერი ხვალ შესაძლოა მოყვარე გახდეს და პირიქით. ზუსტად ეს ხდება აშშ-ს და რუსეთს შორის და ამას ადევნებს მთელი მსოფლიო თვალს. რაც დღეს ხდება, აბსოლუტურად მოსალოდენლი იყო და ტრამპის განცხადებები ამის პროგნოზის საშუალებას იძლეოდა. ყველა მის გაპრეზიდენტებას, განსკაუთრებით კი ევროპა მოუმზადებელი შეხვდა. ეს ყველაფერი გლობალური პროცესებით არის განპირობებული. ტრამპი კრიზის-მენეჯერია, ხოლო ამერიკას ჰეგემონიის დაღმავალი ციკლი და უდიდესი ფინანსური გარღვევა აქვს. ტრამპი იმისთვის მოვიდა, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს, ის არის ბიზნესმენი და ამ ყველაფერს ძალიან პრაგმატულად უყურებს, ყველაფერს ითვლის და მისთვის უკრაინის ომი ძალიან დიდი წაგებაა. ტრამპის ინტერესები იქითა ნახევარსფეროა, რადგან მთელს მსოფლიოს ამ დაღმავალი ციკლის პერიოდში ვერ გააკონტროლებს და აღარც მიიჩნევს პრიორიტეტად ყველას საქმეში ამერიკის ჩარევას. მისი ინტერესია ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ამიტომ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთთან მას ახლა კარგი ურთიერთობები სჭირდება“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ჩვენ, ალბათ, ვნახავთ, როგორ მოხდება ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ ამ სფეროების გადანაწილება.

„ტრამპი პრიდაპირ ამბობს, რომ უკრაინის ომი არ უნდა დაწყებულიყო, უკრაინა შესაძლოა, ერთ დროს რუსეთისაც გახდეს - რიტორიკა აქვს ზუსტად ანალოგი, როგორიც პუტინს აქვს. აქ უკვე ჩნდება კითხვა, საერთოდ, უკრაინა იქნება კი სახელმწიფო? რუსები ამბობენ, რომ თუკი ტრამპმა გაადარქვა მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე, დუმაში გამოთქვეს მოსაზრება, მაშინ უკრაინა მალარუსიაა. ტრამპის და პუტინის აზრობრივი და რიტორიკის თანხვედრა უკვე სახეზეა, რაც უკრაინისთვის და ევროპისთვის საფრთხეს ქმნის“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ახლა პოლიტიკურ ვაჭრობას ვადევნებთ თვალს და გააჩნია, ვინ რას გამოივაჭრებს.

„აშშ-ს, უკრაინა, როგორც ქვეყანა, არ აინტერესებს. ტრამპისთვის ახლა მთავარია ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც უკრაინის მიწაზე მოიპოვება. ამიტომ არის რომ ზელენსკის მოუწოდებს მის შეთავაზებას დათანხმდეს, ხოლო ეს არის იმ თანხების საფასური, რომელიც აქამდე მისცა ამერიკამ უკრაინას. ამის იქით სხვა პირობას ტრამპი აღარ იძლევა. ამიტომ ახლა ყველაფერია იმაზეა დამოკიდებული, ტრამპი და პუტინი რაზე მორიგდებიან. აქ საუბარი აღარ იქნება იმ ტერიტორიებზე, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს, არამედ აქ მთლიანად უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობაზეა საუბარი. რუსეთი მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს თუ დათანხმდება“, - ამბობს კიკნაძე.

Aburjga Tasmanieli უკრაინა?! როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დაიბადა და შედგა, როგორც სახელმწიფო (გაერო-ს წევრიც კი იყო) აყვავდა, გამრავლდა, აშენდა რატომ, რისთვის უმტრო საკუთარ თავს და საკუთარ ძმას რუსს, რატომ?!
7 საათის უკან