რა სქემა იმალება ყალბი ანგარიშფაქტურებისა და ბიუჯეტისთვის დამალული გადასახადების მიღმა
ბოლო დროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენების, ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის თანხის დამალვისა და ქრთამის მიღება-გაცემის გამო აკავებენ. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის კომპანიებში არსებული საგადასახადო პრობლემები ძიების დაწყების მთავარი არგუმენტია, მაგრამ საინტერესოა, რატომ იჩინა ამ პრობლემებმა თავი ხელისუფლების შეცვლიდან მეორე წელს? რას ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აქტიურობა? არის თუ არა ეს ყველაფერი ბიზნესის გაფრთხილება, რომ კოჰაბიტაციის დასრულებასთან ერთად, ლოიალურ-ლიბერალური დამოკიდებულებაც დამთავრდა და, ამიერიდან, ადმინისტრირების უმკაცრესი პროცესი იწყება?
მეწარმეების დაკავების ოფიციალური სტატისტიკა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აქტიურობის ბოლო წვეთი, ორიოდე დღის წინ, ამ სამსახურის სამეგრელო- ზემო სვანეთის თანამშრომლების მიერ, ანაკლიაში სასტუმრო ,,ოქროს საწმისის’‘ დირექტორის, გიორგი წურწუმიას დაკავება იყო. დაკავების მოტივი ოჯახის წევრებისთვის უცნობია და მას არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ახმაურებენ, მაგრამ ამ სამსახურის სამეგრელო- ზემო სვანეთის თანამშრომლების ინფორმაციით, გიორგი წურწუმიას დაკავების მოტივი ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებაა. ,,ოქროს საწმისი’‘ 2011 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადების საზეიმო ღონისძიებაზე გახსნა. სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები კომპანია ,,სანიმ’‘ შეასრულა, რომლის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო. როგორც გაირკვა, ,,სანის’‘ თიბისი ბანკის მიმართ 9 500 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა. სასამართლომ გაითვალისწინა ბანკის მოთხოვნა და კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. არც ისე დიდი ხნის წინ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ, 2007 წლის 1 მაისს, ნაცნობების - მარინა მურცხვალაძის, მამუკა მურვანიძის, გელა ქავთარაძისა და კობა ყორღანაშვილის საშუალებით, დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელებიც, დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. ძველი თბილისის გამგეობის სატენდერო კომისიის წევრები, ფურცხვანიძე და ხარშილაძე, ტენდერს სწორედ მათი დავალებითა და მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით აცხადებდნენ. შპს „გრინსერვისი“ ინტერესთა კონფლიქტის ვითარებაში მონაწილეობდა და იმარჯვებდა, ძველი თბილისის გამგეობის მიერ, გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვები კი იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე ცხადდებოდა, რაც ამ კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი. 2011 წლის 10 თებერვალს, იმავე წლის 1 ნოემბერსა და 2012 წლის 25 იანვარს, ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, შპს „გრინსერვისის“ საშუალებით, სამ ეტაპად განახორციელეს უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემის ოპერაცია, 1 927 237 ლარის დივიდენდად გატანის გზით. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 337-ე მუხლით, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2014 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღების ფაქტზე, სამშენებლო კომპანია შპს ,,ბულაჩაურის’‘ დირექტორი ვალერიან კირკიტაძე და მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გოგა გოგია დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გოგიამ, ვალერიან კირკიტაძისაგან, მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, კერძოდ, კი 2 კოეფიციენტის უკანონო გაზრდისთვის, ქრთამის სახით, 2 500 აშშ დოლარი აიღო. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის ქმედება, როგორც ბიზნესის გაფრთხილება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები კომპანია ,,ჯეოსელში’‘ 2014 წლის 13 თებერვალს შევიდნენ და ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობენ. საგამოძიებო სამსახური ,,ჯეოსელს’‘ დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება და ამაზე ,,ვერსიის’‘ წინა ნომერში დაწვრილებით უკვე ვწერდით. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’‘ მკვლევარების განცხადებით, ბოლო დროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედება, შესაძლოა აღვიქვათ, როგორც ბიზნესმენების გაფრთხილება. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, თუ გაირკვა, რომ ფინანსთა სამინისტროს ბრალდებას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, ,,ჯეოსელის’‘ გახმაურებული საქმე, საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს. ნიშნავს თუ არა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აქტიურობა ბიზნესმენების გაფრთხილებას, რომ ამ ტიპის შემოწმებას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩება? რას ნიშნავს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენება მაშინ, როდესაც ნებისმიერი მეწარმე ამ ტიპის დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, ავტომატურ რეჟიმში ანთავსებს? რაღა მაინცდამაინც ახლა აყალბებენ ბიზნესმენები მასობრივად საგადასახადო თუ საბუღალტრო დოკუმენტებს? ,,ვერსიას’‘ ეკონომიკის ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი ესაუბრება. - ფინანსთა სამინისტროსა და, ზოგადად, ხელისუფლების წარმომადგენლებს ბოლო დროს, მეწარმეების დაკავებასთან დაკავშირებით, დამატებითი, მკაფიო განცხადების გაკეთება მოუწევთ. მნიშვნელოვანი თემაა კანონსმიღმა აღმოჩენილი პიროვნება, რომელიც თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ისე ფრთხილად უნდა გააკეთოს, რომ საინვესტიციო გარემო არ დააზიანოს. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ კონტექსტებზე, რაზეც ჩვენი დასავლელი კოლეგები გვაფრთხილებენ. არ ვიცი, რამდენად სწორად შეარჩიეს დრო, მაგრამ, როგორც წესი, ბოლო დროს, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებზე ან შესყიდვებში აღმოჩენილ ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო, საგადასახადო ორგანო ამ ვადის განმავლობაში, კომპანიაში შემოწმებაზე არ შედიოდა, 6 წლის მონაცემებს აგროვებდა და ზუსტად ბოლო პერიოდში იწყებდა შემოწმებას. სავარაუდოდ, სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და თუკი ამას გავითვალისწინებთ, ანგარიშფაქტურების გაყალბებასთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხს მივიღებთ - 6 წლის წინ, საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი არ მოქმედებდა და კომპანიების ხელმძღვანელებსაც არ ჰქონდათ ვალდებულება, პროცესი ელექტრონულად ეწარმოებინათ.
- ანუ ფიქრობთ, 6 წლისწინანდელ საქმეებს ახლა იძიებენ?
- თუკი საგადასახადო ადმინისტრირება არ განხორციელდა, კოდექსი ამ საკითხის შესწავლის 6-წლიან ვადას ადგენს. ამ ვადის მიღმა ეს საკითხი რეაგირების ან, თუნდაც, გამოძიების საფუძველი ვერ გახდება, თუმცა დოკუმენტის გაყალბება არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ქაღალდის ფორმის დოკუმენტს გააყალბებთ. ელექტრონული ვერსიის შემთხვევაშიც, დოკუმენტი გაყალბებულად ჩაითვლება, თუ მასში არასწორ მონაცემებს შეიყვანთ და ბუღალტერიაში, ფინანსურ მენეჯმენტსა თუ საგადასახადო ადმინისტრირების დროს, მაგალითად, ხარჯების გამოსაქვითად გამოიყენებთ. ხედავთ, რამდენი ვარაუდი გამოვთქვი უკვე. ჩვენ გვიჩნდება ამდენი კითხვა და წარმოიდგინეთ, ბიზნესმენს, რომელიც ბაზარზე ოპერირებს, ან მომავალში აპირებს შემოსვლას, რამდენი საფუძვლიანი ეჭვი ან შიში შეიძლება დაებადოს. ამ ფონზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს დამაჯერებელი არგუმენტების მოპოვება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ეს ყველაფერი ნეგატიური პროცესების საფუძველი გახდება.
- ეს კონკრეტული მაგალითები ბიზნესის გაფრთხილებაა, რომ სასათბურე პირობები დასრულდა და მკაცრი ადმინისტრირება იწყება?
- ამას ბოლომდე ვერ გავიგებთ, რადგან წელიწადნახევარია, ხელისუფლება შეიცვალა და შეიძლებოდა, ეს ქმედება წინა პერიოდში გაცილებით წარმატებით განეხორციელებინათ. როგორც მინიმუმ, პროცესი დროში გაეწელათ და კარგად დაელაგებინათ. ვვარაუდობ, სწორედ საგადასახადო შემოწმების შემდგომ თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ჩემ უწყებაში, მშენებლობებთან დაკავშირებული სატენდერო საკითხვბი შესასწავლად საგამოძიებო ორგანოებს გადავეციო. სხვათა შორის, ნარმანიას გარდა, რამდენიმე მინისტრიც ანალოგიურად მოიქცა. ვფიქრობ, სამინისტროების მიერ შესაბამის უწყებებში გადაცემულმა მასალებმა, კალენდარულად, ამ დრომდე მოგვიყვანა, თუმცა, როდესაც დამატებითი განმარტებები არ გვაქვს, ისიც კი არ ვიცით, კონკრეტულად, რა პერიოდის დარღვევებს ედავებიან კომპანიებს, როდის დაიწყო გამოძიება ან რა საგამოძიებო ქმედებები აწარმოეს, ბუნებრივია, თქვენი ვარაუდი უსაფუძვლო არ არის.
- არასწორი მონაცემების ჩაწერის გარდა, ანგარიშფაქტურის გაყალბების კიდევ რა მექანიზმები არსებობს?
- თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტები, რომლებითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა, ძირითადად, სამშენებლო კომპანიებს ეხება. მშენებლობაში არსებობს დაფარული ხარჯები და უამრავი საშუალება, სადაც სხვადასხვა მანიპულირებაა შესაძლებელი. დეტალური ახსნა რთულია, რადგან, შესაძლოა, სამშენებლო კომპანიას სულაც საკანცელარიო ნივთების შეძენის გამო ედავებოდნენ, მაგრამ იგივე დღგ-ს ფაქტურებთან დაკავშირებით, ჩათვლის დროს, ზედნადები იქნება თუ სხვა დოკუმენტი, როგორც წესი, სამშენებლო სექტორში მანიპულირების უამრავი საშუალებაა. სხვათა შორის, წინა პერიოდშიც, არაერთი გახმაურებული თუ გაუხმაურებელი სამართლებრივი პროცედურები, სწორედ მშენებლობის სექტორში გაბერილ ხარჯებსა და ბიუჯეტისთვის დამალულ გადასახადებს ეხებოდა.