ბადრა გუნბა - 46%; ადგურ არძინბა - 37%; რობერტ არშბა - 7%; ოლეგ ბარციცი - 4%; ადგურ ხურხუმალი - 1%. - ასეთი არჩევანი გააკეთა აფხაზეთის მოსახლეობამ, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის პირველივე კვირაში ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.
ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს რობერტ არშბას, ოლეგ ბარციცის და ადგურ ხურხუმალის ამომრჩევლები. რაც შეეხება თავად ბადრა გუნბას, რომელიც ბჟანია-ანქვაბის გუნდს წარმოადგენს, მას ოფიციალურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია, ამ მხარდამჭერით არ სარგებლობს გამოკვეთილიად ანტიქართველი და ამავე დროს გამოკვეთილად თითქოს პრო-რუსი ადგურ არძინბა, რომელსაც მხარს უჭერს აფხაზეთში მოქმედი თურქული კლანი. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, არძინბა ავტორიტეტით არ სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაში და ის ცნობილია როგორც რადიკალური ფრთის წარმომადგენელი.
იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხდა პოლიტიკური ვითარების გართულება, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას, არჩევნების მეორე ტური მარტის პირველივე კვირაში ჩატარდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ წინა პროცესებს, ნაკლებად სავარაუდოა მეორე ტურის გადადება.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ მეორე ტური ერთგვარად დაგეგმილი შედეგი იყო და არ გამორიცხავს, რომ ეს მოსკოვის სცენარი იყო, რადგან ბადრა გუნბას პირველივე ტურში გამარჯვებას შესაძლოა, გამოეწვია ოპოზიციაში პროტესტი და ბრალდებები არჩვენების გაყალბებაზე.
„თუ ამას მეორე კუთხითაც შევხედავთ, შესაძლოა, მეორე ტური მართლაც იყოს იმის შედეგი, რომ აფხაზურ საზოგადოებაში მწიფდება გარკვეული ძვრები, რომელიც გულისმობს იმას, რომ არის საზოგადოების და პოლიტიკური წრეების გარკვეული ნაწილი, რომელიც მაინც რუსეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთერთობებზე ფიქრობს და თავად აფხაზეთის ინტერესებზე ზრუნვას არ ანიჭებს უპირატესობას და სწორედ ამ წრეებს წარმოადგენს ამ შემთხვევაში ადგურ არძინბა და ასევე, ის სხვა კანდიდატები, რომლებმაც უფრო ნაკლები ხმები მიიღეს. ვფიქრობ, მეორე ტურის დანიშვნით გაანეიტრალეს შესაძლო კონფლიქტი აფხაზეთის საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება სხვაობას გუნბასა და არძინბას შორის არჩევნების შედეგების მიხედვით, დაახლოებთ 10%-ია. შესაბამისად, ანალიტიკოსის განცხადებით, რთული წარმოსადგენია, რამდენად შეძლებს ადგურ არძინბა ამ 10%-იანი ჩამორჩენის დაწევას.
„რაც მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით, გარკვეული არ არის სხვა კანდიდატები მოუწოდენებ თუ არა თავიანთ მომხრეებს, მისცენ ხმა ბადრა გუნბას, ან ადგურ არძინბას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნებოდა იმისა თუ რა განწყობები არის დღეს აფხაზურ საზოგადოებაში. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ, ალბათ, გამარჯვება გარდა ბუნბას დარჩება. მოსკოვი ყველანაირად შეეცდება, რომ არ დაუშვას ისეთი კანდიდატის გამარჯვება, რომლის პოზიციაში მას ოდნავი ეჭვიც ეპარება.
იცით, რომ გამოიცა რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ბრძანება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერდათ 3 ცნობილ აფხაზ ოპოზიციონერს და მათ შორი 2 პარლამენტის წევრს. როგორც ფორმულირებაში წერია, ისინი თავიანთი ქმედებებით საფრთხეს უქმნიან რუსეთს და მათ რუსეთში შესვლაც კი აეკრძალათ. ასე რომ, რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს, რომ აფხაზეთში ეს სიტუაცია როგორმე ჩააწყნაროს და უკრაინის ომის ფონზე აფხაზეთში არ მიიღოს ახალი თავის ტკივილი.
თუ არჩევნებში ბადრა გუმბა გაიმარჯვებს არ გამოვრიცხავ რაღაცა თანამდებობა შესთავაზოს ადგურ არძინბას. თუ ბუმბამ გაიმარჯვა, ეს ფაქტობრივად, იქნება იმის ნიშანი, რომ გაიმარჯვა ასლან ბჟანიას და ალექსანდრე ანქვაბის კლანმა. ფაქტობრივად, ეს არის პრომოსკოვური კლანის დაჯგუფების გამარჯვება. ბჟანია სწორედ მოიქცა, რომ განერიდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ სამაგირეოდ არჩევნებში წარადგინა მისი გუნდის წარმომადგენელი. ასე რომ, ბადრა გუნბა იქნება მოსკოვის და ასლან ბჟანიას დირექტივების შემსრულებელი“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსის განცხადებით, ცოტა უკან თუ დავბრუნდებით და გავიხსენებთ მოსკოვის ახლად დანიშნული კურატორის, კირიენკოს სოხუმში გაკეთებეული განცხადებას, რომ აფხაზეთში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც მოითხოვს გამოსწორებას, მაგრამ ამას სჭირდება ინვესტიციები, კირიენკომ ამით შეახსენა ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ თუ დადებითად არ გადაწყდება ის საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც ბჟანიას მთავრობამ დადო რუსეთის მთავრობასთან, რომელიც ცალმხრივ შეღავათებს ანიჭებს რუსულ ბიზნესს, ყველაფერი ეს პრობლემები, რაც რუსეთმა დროებით მოუგვარა აფხაზებს, შეიძლება შეწყდეს და აფხაზეთი აღმოჩნდეს ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ადრე. შესაბამისად, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა, გარკვეული კომპრომისების საფუძველზე ეს საინვესტიციო შეთანხმება ამოქმედებული იქნება და ეს იქნება რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ამ რეგიონის არაფორმალური ანექსიისკენ.