რამ გაუცრუა იმედი და რაში ამხელს თანაგუნდელებს ირაკლი ტრიპოლსკი

რამ გაუცრუა იმედი და რაში ამხელს თანაგუნდელებს ირაკლი ტრიპოლსკი

ირაკლი ტრიპოლსკის სკანდალური ინტერვიუ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ოტიაშვილის დაკავებას სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნაწილად მიიჩნევს, ნაციონალური მოძრაობის შეფასებებს, ყოფილი გამგებლების მიმართ დაწყებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით კი, აბსურდულს უწოდებს. არ მალავს, რომ პოლიტიკამ, გარკვეულწილად, დაღალა, თუმცა აცხადებს, რომ ამომრჩევლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. დუშეთის რაიონში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ,,ვერსიას’‘ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი ესაუბრა.      
- დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ოტიაშვილის დაკავების საქმეში არ ჩავრეულვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობა მეკითხება, სამართლიანობა როდის უნდა აღადგინოთო - ხალხის მოთხოვნაა, დამნაშავეების მიმართ კანონის ფარგლებში ვიმოქმედოთ.   
            
- ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. რატომ გაახსენდათ სამართალდამცავ ორგანოებს ყოფილი გამგებლები და მათი მოადგილეები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე?               
- ზოგადად, ნაციონალებთან დისკუსიაში არასოდეს შევდივარ, რადგან უმეტესად, იტყუებიან. სხვათა შორის, დაკავებულ გამგებელთაგან ერთერთი კონსერვატიული პარტიის წევრი იყო. დუშეთის საკრებულოში 27 ნაციონალი დეპუტატი ზის და მათზე ზეწოლა არასოდეს განმიხორციელებია, ამას დაადასტურებენ. ნაციონალების მოქმედების სტილია ასეთი: ისინი პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან, სადავო საკითხს ,,შემოაგდებენ’‘ და უნდათ, მათ განცხადებებზე ,,ქართულმა ოცნებამ’‘ თავი იმართლოს.    
                 
- ფაქტია, პოლიტტექნოლოგიებში გამოუცდელი ,,ქართული ოცნება’‘ ნაციონალური მოძრაობის წინაშე თავს ხშირადაც იმართლებს.                 
- პირადად მე, თავისსამართლებელი არაფერი მჭირს... შესაძლოა, ამ მხრივ, გუნდი მართლაც სუსტია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. სანამ საქართველოში არ მოიშლება ორმაგი სტანდარტი - ჩემი ნათესავი დამნაშავე არ არის - ქვეყანა ვერ განვითარდება. როგორც კი ვინმეს დაიჭერენ, ნაციონალები აყვირდებიან, ჩვენი პარტიის წევრებს დევნიანო, არადა, მოქალაქეებს მთავრობის გასაკრიტიკებლად სრული თავისუფლება აქვთ. ნებისმიერ საკითხზე საპროტესტო აქციებს აწყობენ და, რატომღაც, ყველას ავიწყდება, რა ხდებოდა ორი წლის წინ, ვინ რას ითხოვდა ან როგორ ართმევდნენ მოსახლეობას ღამის სამ საათზე ქონებას.      
            
- ორი წლის წინ თქვენც პირდებოდით მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაზრდილ პენსიებს, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს, სამუშაო ადგილების შექმნას...                    
 - არ ვამბობ, რომ ყველა დაპირება შესრულდა, მაგრამ, რეალურად, ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა. როცა დაპირებებს გავცემდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდებოდა. დუშეთის რაიონში მიწები დღემდე აღურიცხავია, შესაბამისად, შარშან საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად, მოსახლეობას ვერ დავეხმარეთ. 120 ათასი ლარი გვჭირდება, რომ მხოლოდ ფშავსა და ხევსურეთში მიწების რუკა შევქმნათ. არ ვწუწუნებ, მაგრამ ეს საქმე ხომ უნდა გაკეთდეს?!     
                
- არაგვისპირში აგარაკების გახშირებულ ძარცვასაც ფინანსებს ხომ არ დაუკავშირებთ, პოლიცია ადგილზე სათანადოდ რატომ ვერ მუშაობს?                  
- არ ვიცი, სამართალდამცავებმა ქმედებები რომ შეარბილეს, შესაძლოა, კრიმინალებმაც აიშვეს, მაგრამ ქურდობა ნაციონალების დროსაც ხდებოდა. პირადად მე, საპარლამენტო არჩევნებამდე წითელსოფელში სახლი გამიტეხეს. არა მგონია, ამას მასობრივი სახე ჰქონდეს. შესაძლოა, ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა, რაც შეეხება ჩვენ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს, დუშეთის რაიონში 2014 წლისთვის არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება. საფეხბურთო კლუბი ,,არაგვი’‘ უკვე აღვადგინეთ, რითაც ადგილობრივი ახალგაზრდები გახარებულები არიან. ასევე, ქალაქ დუშეთში კორპუსების სახურავებს აღვადგენთ, სადაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. რამდენიმე სოფლიდან დუშეთამდე, შაბათ-კვირას უფასო ავტობუსები იმოძრავებენ, რათა მოსახლეობამ წარმოებული პროდუქტის გაყიდვა შეძლოს. წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობა იგეგმება. ხშირად გვეკითხებიან, ასი ქარხანა სად არისო... დუშეთის რაიონში ორი ქარხანა უნდა აშენებულიყო, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ყველა მე მომაჩერდა - თურმე გადამამუშავებელი ქარხანა მე უნდა მეპოვა, მათთვის კი გასაღები გადამეცა და მეთქვა, შენ დირექტორი იქნები, შენ კი ბუღალტერი- თქო. სამწუხაროდ, იმედი გამიცრუვდა - ასეულობით პროექტისა თუ ინიციატივის გაჩენას ველოდი, საქმის გამკეთებელი კი ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა.       
      
- თქვენ დახმარებოდით მოქალაქეებს, კონკრეტული მიმართულება მიგეცათ მათთვის.              
- ჩვენამდე სრულყოფილი პროექტი უნდა მოვიდეს, რათა შემდეგ მის განხორციელებაში ავტორებს სრულად დავეხმაროთ. ერთმა მომწერა, ორი ძროხა მყავს და ხუთი მინდაო... ევროპული ფასეულობა, ციყვივით, ბუნაგში თხილების შეგროვებასა და მარტო ჭამას არ გულისხმობს. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ მათშია. განცვიფრებული ვარ, ადამიანებს ერთმანეთი ეჯავრებათ. მესმის, ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა და მოსახლეობა თვითგადარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ ადამიანებს ერთმანეთი ეჯავრებოდეთ და ჭორაობდნენ, ეს ჩემთვის რთულად გადასატანია, ამიტომ ხშირად ვფიქრობ, დავანებო თავი იმას, რაც ჩემი საქმე არ არის.              
  
- ანუ პოლიტიკამ დაგღალათ?               
- არა, იმდენ უსამართლობას ვხედავ, სიმწრისგან ზოგჯერ ცრემლიც მომდის. არ ვამბობ, რომ ფრთები ამოგვივიდა და ხელისუფლებაში ანგელოზები ვართ, მაგრამ, რაც კეთდება, საზოგადოებამ ხომ უნდა დაინახოს? მაინცდამაინც, პიარით დავკავდეთ და ადამიანები ვატყუოთ? ამიტომ ვთქვი, თუთაშხიას პოზიცია უნდა დავიჭირო - არაა აგი ჩემი საქმე.   
              
- ისე, პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება სოსო ჯაჭვლიანმა, დავით საგანელიძემ, ზვიად ზვიადაურმაც გააკეთეს. პასუხისმგებლობას ხომ არ გაურბიხართ?                
- ნამდვილად არა! ვიცი, ამომრჩევლის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაკისრია, დუშეთის მოსახლეობამ მაჟორიტარად იმის გამო ამირჩია, რომ მთელი ცხოვრება ფასანაურში გავატარე და ყოველთვის სიკეთეს ვაკეთებდი. ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს - ამქვეყნად ღირსეული სახელი დავტოვო. როცა მამაჩემი კვდებოდა, მითხრა: ირა, ფულს ვერა, მაგრამ სახელს გიტოვებო! მეც სხვა ინტერესი არ გამაჩნია, სახლიც მაქვს, კარიც, ჩანგალიც და დანაც, საკვირველიც ჩემთვის არაფერია. მნიშვნელობა არ აქვს, ,,ჯიპში’‘ ჩავჯდები თუ ,,სედანის’‘ ტიპის მანქანაში. მთელი ცხოვრება ერთი ,,ნივა’‘ მყავდა, რომელიც ახლა ვეღარ დადის, ამიტომ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, მანქანა მემსახურება.   
         
- თქვენი კოლეგები რატომ დახარბდნენ ძვირადღირებულ ,,ჯიპებს’‘?                  
- მხოლოდ ჩვენ გუნდში კი არა, ,,ჯიპების’‘ პრობლემა, ზოგადად, საქართველოშია - ეს ქართული ფსიქომანიაა. სანამ დეპუტატი გავხდებოდი, კინორეჟისორი გახლდით და რეზო თაბუკაშვილთან ერთად, ნახევარი მსოფლიო მოვიარე. იმ რაოდენობის ,,ჯიპი’‘, რაც საქართველოში დადის, არც პარიზში მინახავს და არც ვენაში. გიდასტურებთ, არც ის მომწონს, რომ ზოგიერთები დაბურული შუშებით დადიან. ეს სამწუხარო რეალობაა - ზოგიერთს ავადმყოფური განცდები აქვს.  
             
- დააკონკრეტეთ, მმართველ გუნდში ,,ავადმყოფური განცდები’‘ ვის აქვს?             
- ისე, შესაძლოა, ზოგიერთს საქმისთვის, მართლაც, ,,ჯიპი’‘ სჭირდება, ცოდვას ვერ ვიტყვი, მაგრამ ის ფაქტიც, რომ შესაბამისი რეგულაცია დაწესდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩემი გუნდის წევრები და სხვებიც, ხშირად ამტკიცებენ, რომ მათ ყველაფერი იციან, ჩემი აზრით კი, ზოგიერთებმა არაფერიც არ იციან. პირადად მე, ხშირად ვამბობ, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ყრუც არ ვარ, რაღაცებს ვერ მივხვდე.  
             
- დავით საგანელიძეზეც ამიტომ განაცხადეთ - საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა ბაბუამისს არ დაუტოვებიაო?                
- როცა კახი კალაძე შტაბის შესაძლო უფროსად დაასახელეს, მხარი დავუჭირე. იგი საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა და რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი წარმატებით განახორციელა. დათოსთან უთანხმოება არასოდეს მქონია, პირიქით, ჩემი განცხადების შემდეგ, სიცილით დამირეკა, სიმართლეს ამბობო. ჩემთვის პოლიტიკური თამაშები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტად განათლება მიმაჩნია, უამრავი სასიცოცხლო მიმართულებით სპეციალისტები არ გვყავს, რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, 20 წლის განმავლობაში განათლების სისტემა ინგრევა, ამიტომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ მეტი უნდა იფიქროს.