13-წლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება

13-წლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი, სადაც განისაზღვრება თუ რა იქნება ის ქმედება, რომელიც ჩაითვლება სამშობლოს ღალატად. უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გააქრო სამშობლოს ღალატის მუხლი, რაც დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად გასაგებია, რადგანაც ეს რეჟიმი, საკუთარი ქვეყნის ღალატს აპირებდა.

„2008 წლის მოვლენები ამ მოცემულობის მკაფიო ხაზგასმაა. იყო ღალატის მთელი კასკადი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ოკუპანტს საშუალება მისცა ქვეყნის ტერიტორიის 20% მიესაკუთრებინა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან გაართულა. ამ ყველაფერს, ცხადია, მოჰყვა ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა, უმძიმესი შედეგები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხრივ.

თუმცა არა მხოლოდ 2008 წელი, შეგვიძლია ავიღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ღალატის მკაფიო დადასტურებად არა ერთი ფაქტი, თუნდაც ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის და არაერთი რამ, რაზეც პრინციპში, დღეს საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობს და ის კიდევ უფრო მკაფიოს გახდის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ღალატის ფაქტებს. სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი. ის განსაზღვრავს, თუ რა იქნება ის ქმედება, რომელიც ჩაითვლება ქვეყნის, სამშობლოს ღალატად“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები. შალვა პაპუაშვილის თქმით, არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სიმძიმის შემცირება და ტექნიკური დანაშაულის დონემდე დაყვანა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული, სანქცირება დანაშაულისა, არის არა მხოლოდ რაღაც წლებში, ჯარიმაში თუ სხვა ასეთ სანქციაში გამოხატული სასჯელი, არამედ, ამავე დროს, არის საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა ქმედებისა, როგორც დანაშაულისა. ქმედებას უნდა ერქვას თავისი სახელი და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულის სათაურით და დასახელებით, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში მისი მნიშვნელობის დაკნინება. ის, რაც არის სამშობლოს ღალატი - არის სამშობლოს ღალატი. ამის ჩამოყვანა რაღაც ტექნიკურ ტერმინებამდე, ზუსტად განზრახვა იყო მაშინ, რომ ყოფილიყო რიგითი დანაშაული, რომელიც შეიძლება უდრიდეს რაღაც სხვა დანაშაულებს, რომლებიც შეიძლება ყოფით გარემოში მოხდეს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაულები და ზუსტად დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე გააქრეს მუხლი კოდექსიდან.

„ასევე საზოგადოების მხრიდან ამ დანაშაულის გაკიცხვის მნიშვნელობა თუ მასშტაბი შეემცირებინათ და დანაშაულის რაღაც ტექნიკურ დონემდე დაეყვანათ. სწორედ ამიტომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის, რაც არის სამშობლოს ღალატი, უნდა იყოს არა უბრალოდ ჩაშლილი სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობაში, რომელშიც შემდეგ საზოგადოებას ჩაკარგავ, არამედ იმას, რაც ჩვენი სამშობლოს ინტერესების ღალატია, უნდა დაერქვას პირდაპირ სამშობლოს ღალატის სახელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ღალატის მუხლი იმიტომ გააუქმა, რომ ღალატს აპირებდა, რაც იყო 2008 წლის ომი. მისი თქმით, სააკაშვილმა კარგად იცოდა რითიც დამთავრდებოდა ეს ავანტურა და შესაბამისად, წინასწარ გააუქმა მუხლი.

„ყველაფერი წინასწარგანზრახულად მოხდა. როგორ შეიძლება სახელმწიფომ გააუქმოს სახელმწიფოს ღალატის მუხლი? ეს ხომ აბსურდია? ღალატი რას ნიშნავს? - როდესაც რომელიმე ადამიანი მიზანმიმართულად მოქმედებს თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის სახელმწიფოს ღალატი, რომელიც უმძიმესი დანაშულია. ამ ღალატს ჩვენ ვხედავთ განუწყვეტლივ. ამ მუხლის გაუქმებამ და სახელმწიფოსთვის ამ მიმართულიებით მოქმედების აკრძალვამ ჩვენი პარტნიორების მხრიდან რა გამოიწვია? - რას გვეუბნებოდნენ? - ღალატი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ თუ მოქმედებს, ეს ღალატი არ არის, სიკეთეა. ამიტომ, ასეთი ადამიანების მიერ რაიმე ღონისძიებების გატარება არის ევროკავშირის ღალატი. საქართველოს წინააღმდეგ ღალატი ამ შემთხვევაში რა შუაშია? - საქართველო არის ევროკავშირის და ევროატლანტიკური ინტერესების სივრცე. ამიტომ, ღალატი შეიძლება მხოლოდ ჩვენი. ამიტომ გაგვაუქმებინეს ეს მუხლი და მივიღეთ ევრომოღალატეების მთელი ლეგიონები, რომლებიც ასე დაუფარავად დადიან და მოითხოვენ საქართველოს დაუწესდეს სანქციები.

წარმოიდგინეთ რა ხდება, ბანკირი, რომელიც არის პარტიის თავმჯდომარე და, რომელიც ცალკე ცირკია, გამოდის და იძახის, რომ ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ჩამოვშალოთ საქართველოს ეკონომიკაო. ამას აკეთებს იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ სიგიჟეებს მიაღწიონ. ეს არის ღალატი. იმდენად გათავხედებულია დაუსჯელობის სინდრომით, ამბობს, რომ მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუარესება, ეკონომიკის ჩამოშლა, რამაც შემდეგ უნდა გამოიწვიოს სოციალური აფეთქება და ქვეყანაში უმართავი პროცესების წარმოშობა და ქვეყნის განადგურება. ამას ღიად ლაპარაკობენ, თითქოს არაფერი. ეს გამოიწვია ღალატის მუხლის ამოღებამ და მოსახლეობისათვის იმის განუმარტებლობამ, რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი. სამშობლოს ღალატია, როდესაც ღიად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ევაჭრებიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსი და ბლოგერი ლევან ადეიშვილი თვლის, რომ ღალატის მუხლი უნდა ამოქმედდეს, რადგან წარმოუდგენელია ადამიანებს, ორგანიზაციებს ან პარტიებს შერჩეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი, რომელიც დაფინანსებულია და ატარებენ დამფინანსებლი ქვეყნების ინტერესებს.

„ღალატის მუხლი აუცილებელია და სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალური. მკვდრადშობილი თუ იქნება ეს კანონი, მაშინ მის მიღებას აზრი არ აქვს. კანონმა უნდა იმუშაოს. რაც შეეხება ამ ოპოზიცას და იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, უნდა დაისაჯონ. სხვათა შორის, 2012 წელს ოცნების ერთ-ერთი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ სამართლიანობა არ აღდგება თუ არ დაისაჯა დამნაშავე.

2020-2024 წელსაც დაგვპირდნენ სამართლიანობის აღდგენას, რომ ეს პარტიები, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, აუცილებლად დაისჯებიან და მოსუფთავდებოდა პოლიტიკური ველი მოღალატე, ფულზე გაყიდული ოპოზიციისგან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ამას ველოდებით ხელისუფლებისგან და ბოლოს სწორედ ამიტომ მივეცით ხმა ამ ხელისუფლებას. არ შეასრულებენ და გადაყვებიან მაგას. თუ ადრე გვესმოდა, რომ დიდი იყო ზეწოლა დასავლეთის მხრიდან, არ იყო მომგებიანი საერთაშორისო სიტუაცია, არ იყო ახალი გეპოლიტიკური ცვლილებები, სადაც ასეთი დიდი გარდაქმნების დრო არ იყო, შეიცვალა ვითარება. ამიტომ, ხელისუფლებას ვურჩევ ან ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, ან თვითონვე გადაყვებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.