მოლაპარაკების პირველი რაუნდი უკრაინის ომზე უკრაინის გარეშე - უბიძგებს თუ არა ტრამპი უკრაინას კაპიტულაციისკენ?

მოლაპარაკების პირველი რაუნდი უკრაინის ომზე უკრაინის გარეშე - უბიძგებს თუ არა ტრამპი უკრაინას კაპიტულაციისკენ?

უბიძგებს თუ არა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინას კაპიტულაციისკენ და რატომ მიდის უკრაინაზე უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები? საუდის არაბეთში დახურულ კარს მიღმა რუსეთს და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრის პირველი რაუნდი გაიმართა, სადაც უკრაინა და ევროპა არ მიიწვიეს. ერ-რიადში 18 თებერვალს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც 4 საათამდე გაგრძელდა, ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოალაპარკებები სასარგებლო იყო და მათ უკრაინის ომის დასრულების პარალელურად ორი ქვეყნის ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრეს.

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ მომავალში ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება გეოპოლიტიკურ ინტერესებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაჩნდება.

რუბიოსა და ლავროვის გარდა მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, შეიქმნას საკონსულტაციო მექანიზმი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში „გამაღიზიანებლების“ აღმოსაფხვრელად.

შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ყველა მხარე - მათ შორის რუსეთი, უკრაინა და ევროპა - უნდა დაეთანხმონ უკრაინის თაობაზე სამშვიდობო შეთანხმებას, ევროკავშირი კი „რაღაც მომენტში“ უნდა ჩაერთოს პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებების „სერიოზულ პროცესში“.

რუბიომ თქვა, რომ საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, კვლავ გაზარდონ საელჩოების პერსონალის რიცხვი და შექმნან მაღალი რანგის წარმომადგენელთაგან შემდგარი გუნდები, რათა მოილაპარაკონ უკრაინაში მშვიდობის შესახებ და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.

ამ შეხვედრით უკმაყოფილია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელმაც განცხადება ანკარაში ვიზიტის დროს გააკეთა. ზელენკსი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უკრაინაზე უკრაინის გარეშე გამორიცხულია. თუ ამ პროცესში მისი ქვეყანა ჩართული არ იქნება, ის ამ მოლაპარაკებებს არ აღიარებს.

„უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ჩემი აზრით, ეს სამართლიანია. შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გარეშე. ჩვენ არ მიგვიწვიეს ამ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე საუდის არაბეთში. ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო, ვფიქრობ, როგორც ბევრისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა: „მათ რაც სურთ, არის ის, რომ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ, ეს არ არის წარმატება“.

ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა კი განაცხადა, რომ უკრაინა გაყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადაიხადოს თავად კიევმა და არა რუსეთმა.

მისივე თქმით, როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ მის დახმარებას იპარავდნენ უკრაინის ჩინოვნიკები, ხოლო გენერლები სულ უფრო ცუდად იბრძოდნენ, მათ გადახედეს უკრაინის სტატუსს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს.

„როცა მათ ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს, მათი სისხლის საფასურად, დასწიეს ჩვენი სტატუსი და გადახედეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს, რომ ძალიან დიდი ამბიციებია და არავის არ უნდა შეცვლა, გაკვეთილის სწავლა, უფრო ცუდად და ცუდად იბრძვიან არა ჯარისკაცები, არამედ გენერლები. ჩვენი სტატუსის გრაფიკი სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს. მათ დასწიეს ჩვენი სტატუსი, უფრო ზუსტად ჩვენ დავწიეთ, ნეიტრალურ ტერიტორიამდე ანუ რუხ ზონამდე“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ როდესაც კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის კომპრომისი მოლაპარაკების დროს მის რეალურ კაპიტულაციას ემსგავსება, მშვიდობის მიღწევა ძალზე რთული იქნება. ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ის გეგმა, რომელიც ტრამპს უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით აქვს, ფაქტობრივად, უკრაინის კაპიტულაციის ტოლფასია.

„ჩვენ ვიცით, რომ ტრამპმა იმის დასასრულებლად მოქმედება უკვე დაიწყო და მას კონკრეტული გგემაც აქვს. ალბათ 12 თებერვალია სწორედ ამ მოლაპარაკების დაწყების სტარტი, როდესაც ტრამპმა პუტინს დაურეკა. შემდეგ კი ზარი კიევში განახორციელა. მაშინვე ეს ძალიან ცუდ ნაბიჯად შეფასდა, როცა ტრამპმა ჯერ პუტინს დაურეკა, შემდეგ კი ზელენსკის. ახლა კი, როცა დავინახეთ, რომ მოლაპარაკების პირველივე რაუნდში უკრაინა არ იყო წარმოდგენილი, ეს ნიშნავს იმას, რომ თეთრი სახლი მთავარ მოლაპარაკებას ომის შეჩერებაზე სწორედ კრემლთან გამართავს და არა კიევთან. ის, რაც დასათმობი ექნება უკრაინას, ომის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უკვე გამოიკვეთა.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა სრულად მოუწევს და ოკუპირებული ტერიტორიების საერთოდ „დავიწყება“. ხოლო ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ მოხდება 500 მლრდ დოლარის იშვიათი ლითონების მოპოვების უფლების გადაცემა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ეს კი ამერიკის გგემის სრული ჩამონათვალი არ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკების პროცესში აუცილებლად დაემატება პუტინის კატეგორიული მოთხოვნები: უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის დათმობა, რომლებიც ჯერ ბოლომდეც არა აქვს ოკუპირებული რუსეთის არმიას“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, პუტინი შეეცდება, ტრამპი დაიყოლიოს, რომ ზელენსკი აიძულონ კურსკიდან უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უპირობოდ გაიყვანოს.

„სამწუხაროდ, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უმთავრესია სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ შეჩერება. თუმცა ეს უკრაინის სტრატეგიული ინტერესების ნაკლებად გათვალისწინებით, რაც უკვე ემსგავსება ამ ისედაც უთანასწორო სამწლიან სისხლისმღვრელ საშინელ ომში უკრაინის ერთგვარ კაპიტულაციას პუტინის წინაშე. მძიმე რეალობის წინაშე დგას უკრაინა, რადგან პუტინის საოკუპაციო არმია ომის ამ ეტაპზე ფლობს საბრძოლო ინიციატივას და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც აგრძელებს უკრაინის ახალი მიწების დაპყრობას. იმედია ტრამპი არ მისცემს რუსეთს იმის საშულებას, რომ პუტინმა 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან ერთად უკრაინის დამარცხებაც იზეიმოს“,-ამბობს ალადაშვილი.

„ჯიპას“ პროფესორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა უკავშირდებოდა არა მხოლოდ უკრაინის ომის დასრულებას, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას. ფხალაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპს ძალიან გაუჭირდება უკრაინის და ევროპის გარეშე რაიმე მოლაპარაკების წარმართვა უკრაინის ომზე. ამიტომ, ადრე თუ გვიან, ის ორივე მხარეს ამ პროცესში ჩართავს.

„მე მაინც მომეჩვენა, რომ ეს უფრო ამერიკა - რუსეთის ურთიერთობების გარკვევის პროცესი იყო და რაღაცა პოზიციების გაცვლისთვის გამართული შეხვედრა. არ არის გამორიცხული, ჯერ, ტრამპი ცდილობდეს რუსეთის პოზიციის გაგებას. ანუ აშშ ატარებს ასეთ პოლიტიკას, რომ მოითხოვე მაქსიმუმი, რათა მინიმუმი მაინც მიიღო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ე.წ. მოთელვითი შეხვედრა, პოზიციების შეჯერება და პირის მოსინჯვა კრემლისთვის. ამერიკამ თავისი პოზიციები გააცნო და რუსეთმა თავისი.

ამიტომ აქ მხოლოდ უკრაინაზე და ომის დასრულებაზე საუბარი არ ყოფილა. მე მაინც მომეჩვენა, რომ ამერიკა - რუსეთის ურთიერთობების გარკვევა უფრო იყო. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ტრამპი ბოლომდე ეცდება უკრაინა მოლაპარაკების მაგიადსთან არ დასვას, ან ევროპა გამოთიშო0ს საერთოდ. რუბიომ თქვა, რომ ევროპას მოუწევს გარკვეული პოზიციების გადახედვა. თუმცა არც იმას ველი, რომ რუსებს ტრამპი ყველაფერზე დათანხმდება. ამ ეტაპზე ის ცდილობს მათ მოლაპარაკების მაგიდამდე მიყვანას. იქ შემდეგ რა მოხდება და ვინ როგორი იქნება თავისი პოზიციების დაცვაში, გამოჩნდება“, - ამბობს პროფესორი.

ლაზი ამ დროს ევროპელი ბიუროკრატები "გაჭრილი კარტებით" თამაშობენ მაკრონის კაბინეტში და დატუქსული ბავშვებივით ჭიჭყინებენ, ჩვენს დაგვაჯინეთ დიდების მაგიდასთან თუ არა, არაფერს დაგიჯერებთო.
1 დღის უკან
კანუდოსელი ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ჯიპას პროფესორი გააკეთებს კომენტარს თუ მარაზმატიკი ძაბირაძე, არაფერი შეიცვლება. უკრაინა გაიწირა, გაიგლიჯა შუაზე. ჩვენ ვიყოთ წყნარად და იქნებ მოვიგოთ რამე. 90-იანი წლებიდან მუდმივად ვაგებთ, ცხელი თავებით ვმოქმედებთ, იქნებ ახლა მაინც გამოვრჩეთ სასიკეთოს.
1 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ტრამპი ფორმაშია!!! აი პირველწყაროდან მოუსმინეთ ბმული დაგლიჯა! მოვკვდი სიცილით!
1 დღის უკან