„ჩინური და ბრაზილიული სამხედრო კონტიგენტის უკრაინაში განლაგება ნიშნავს უკრაინის გაწირვას და რუსული თამაშის წესებით მოქმედებას“

„ჩინური და ბრაზილიული სამხედრო კონტიგენტის უკრაინაში განლაგება ნიშნავს უკრაინის გაწირვას და რუსული თამაშის წესებით მოქმედებას“

ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაციით დაიწყო უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები, მაგიდასთან ევროპის ადგილი არ აღმოჩნდა. ტრამპმა და მისმა გარემოცვამაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროპა მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნებოდა მიწვეული. იგივე აზრზეა რუსეთიც, სადაც განმარტავენ, რომ ევროპას ომის დასრულების და მოლაპარაკების შანსი უკვე მინსკის ფორმატში ჰქონდა, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს. ამიტომ მათი „მზაკვრული გეგმები“ ომის გაყინვასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის მისაღები არ არის და ისინი ევროპას არ ენდობიან.

პარლალეურად, ევროპული ქვეყნების ლიდერები მოქმედებაზე გადასვლისკენ მოუწოდებენ ერთმანეთს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი 17 თებერვალს გამართა.

BBC-ის ინფორმაციით, საგანგებო სამიტის მოწვევის წინაპირობა ტრამპის წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადება გახდა, რომლის თქმითაც, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკა ევროპას არ ჩართავს. ასევე, განიხილება უკრაინის მხარდაჭერის და ევროპის უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და დანიის ლიდერები, ასევე - NATO-ს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

კიტე კელოგმა უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებაში მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას მოლაპარაკებებისთვის 180-დღიანი ვადა სჭირდება, რათა პროცესში ყველა მხარე ჩაერთოს. მისი აზრით, ომი უკრაინაში უნდა დამთავრდეს, არაუმეტეს 1 წლის შემდეგ.

„ტრამპს უნდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სამუდამოდ შეწყდეს, და უკრაინა იყოს სუვერენული, უსაფრთხო ქვეყანა. ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, მაგრამ სისხლისღვრის შეჩერებაა საჭირო. ტრამპი არ დათმობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება უკრაინა, მაგრამ არ იქნება ევროპა. ამის მიუხედავად, არ მოხდება ევროპის ინტერესების იგნორირება. ამერიკა თავის თავზე აიღებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლს. აქვე განვმარტავ, რომ ეს არ იქნება მინსკი-2-ის მსგავსი ფორმატი“,-ამბობს კელოგი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა მოითხოვს, რომ ევროკავშირი ჩაერთოს რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რათა დასახოს ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, თუმცა უკრაინაში ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ის ევროპულ უსაფრთხოებასაც ეხება“, – აღნიშნა კოშტამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს აინტერებს, რა უნდა აკეთოს ევროპამ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ევროპელების ფილოსოფია არსად წასულა. მე არ ვიცი, რა უნდა აკეთონ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ისინი კონფლიქტის გაყინვის შესახებ რაღაც მზაკვრული იდეების წარდგენას თუ ეცდებიან, თავად კი, თავიანთი წესისა და ჩვეულების თანახმად, ამაში ომის გაგრძელებას იგულისხმებენ, მაშინ რატომ უნდა მივიწვიოთ იქ?“ – თქვა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის თქმით, ევროპას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში.

„მათი მოთხოვნა არაერთხელ დაკმაყოფილდა. მათ სჭირდებოდათ დრო უკრაინის შეიარაღებისთვის. ეს მათი შანსები იყო“, – აღნიშნა ლავროვმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კი განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.

თუმცა ევროპაშიც სხვადასხვა აზრია. მაგალითად, იგივეს არ აპირებს პოლონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ტუსკმა პარიზში, ევროპელი ლიდერების სამიტზე გამგზავრებამდე განაცხადა.

თუმცა ამერიკის გეგმები აქაც ევროპისგან განსხვავებულია. აშშ-ის ხელისუფლება უკრაინაში ჩინელი და ბრაზილიელი სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ეკონომისტი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მთავრობაში ფიქრობენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფაში არა მხოლოდ ევროპულმა ძალებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. როგორც მედია წერს, ეს ძალები შეიძლება განლაგდეს ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო ხაზის გასწვრივ.

„ეკონომისტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მხოლოდ ევროპული კონტიგენტი ნაკლებად ეფექტური იქნება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერჯერობით, კვლავ გაურკვევლია რა საგარეო პოლიტიკას თამაშობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ბენდიანიშვილის თქმით, რუბიო ერთს ამბობს, ხოლო ვენსი სრულაიდ სხვას, კიტ კელოგი კი სრულიად განსხვავებულ რამეს.

„რუსეთის და ლავროვის პოზიციები გასაგებია. რა თქმა უნდა, კრემლის სურვილია, რომ უკრაინა ამ მოლაპარაკებების დროს დაასუსტოს, ხოლო ევროპა მოლაპარაკების მაგიდასთან არ იჯდეს. საბოლოო ჯამში, მაინც ევროპა უკრაინისთვის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა, რადგან აშშ-ს პოლიტიკა უკვე ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვაა მხოლოდ. ტრამპი არის ბიზნესმენი და ის ახლა ამ ომის დასრულებას, პოზიციების გადანაწილებას სწორედ ამ კუთხით უყურებს. ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინის ბედი ევროპის ბედთან და მის მომავალთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ევროპას ძალიან დიდი და სერიოზული საფრთხე დაემუქროს, თუკი უკრაინის მოგუდვა და მისი პოზიციების არგათვალისწინება მოხდება. ევროპა თუ არ იქნება საქმის კურსში ვინ რაზე თანხმდება თავად ევროპის კონტინენტზე, მისი უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. ამიტომ მე არ ვიცი ტრამპს რისი იმედი აქვს და რატომ ჰგონია, რომ ევროპა არ მოითხოვს ადგილს მოლაპარაკების მაგიდასთან.

ის ევროპის ინტერესების უგულებელყოფას მაინც ვერ შეძლებს. მე მგონია, რომ ეს არის ტრამპის მცდელობა, რომ რუსეთთან ივაჭროს. ამიტომ აჩვენებს თითქოს ბაიდენის მოკავშირე ევროპას ამ ომის მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს არ უთმობს. ასევე, თავის მხრივ უნდა, რომ უკრაინის და ევროპის ზურგს უკან რაღაცა გამოივაჭროს. შემდეგ კი ზედაპირზე ამოიღებს და იტყვის, რომ ამერიკისთვის არის სარგებელი. ეს არის ის საგარეო სტილი, რის განვითარებასაც ის ცდილობს. თუმცა ევროპა ხომ არ არის პატარა ბავშვი, რომ ასე, ხელებჩამოშვებულმა ტრამპს ყველაფერზე თავი უქნიოს“,-ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, ერთი მხრივ ტრამპის ევროპის მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულება კარგიც არის, რადგან საბოლოოდ ევროპა გამოფხიზლდება და საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე იზრუნებს.

„ტრამპს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ნამდვილად ვეთანხმები და მეც ვიზიარებ მის პოზიციას, რომ ევროპას აქამდეც უნდა გაეკეთებინა ეს და საკუთარ უსაფრთხოებაზე თავადვე უნდა ეზრუნა. ევროპული პოლიტიკა უსაფრთხოების ზრუნვაზე საერთოდ შორს იყო და ეს ამერიკაზე იყო გადაბარებული. ვერც ამ სამი წლის განმავლობაში  გამოფხიზლდა ევროპა, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. მეორე ისაა, რომ საჯაროდ ევროპის პოლიტიკის დაფიქსირება მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით, წინგადადგმული ნაბიჯია და ევროპა პრინციპული უნდა იყოს ამ მოთხოვნაში. ტრამპი ერთი მხრივ ამბობს, რომ არ ჩავრთავთ ევროპას მოლაპარაკებაში და მეორე მხრვი ევროპას ეუბნება, რომ უსაფრთხოება უკრაინაში მათ უნდა უზრუნველყონ, ეს ხომ წარმოუდგენელია“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

რაც შეეხება ვერსიას, რომ აშშ ჩინური და ბრაზილიული სამხედრო კონტიგენტის უკარინაში განლაგების მომხრეა, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ეს იქნება კატასტროფა და რუსული თამაშის წესებით მოქმედება. ეს კი ყველაზე მეტად ევროპას დააზიანებს და რუსეთს დანარჩენ ევროპაზე მადას გაუხსნის.

„ეს პირდაპირ ნიშნავს უკრაინის გაწირვას, რადგან ჩინეთი და ბრაზილია ვისი მოკავშირეც არის და ვის თამაშსაც ითამაშებს, ყველამ კარგად იცის, მით უმეტეს აღმოსავლეთმა ევროპამ რუსეთის თამაშის წესები ყველაზე კარგად იცის და ეს არაერთხელ გამოუცდია. მაშინ ჩათვალეთ, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩვეულებრივად გადაყლაპვა მოუნდება. თუკი დაშვებული იქნება უკრაინის სახით პრეცედენტი, რომ ტრამპი მას ბევრ რამეს დაუთმობს და ევროპა გაჩუმდება, მაშინ დანარჩენ ევროპას მეორე დღეს რუსეთის ახალი აგრესია დაატყდება თავს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

 

KAB ბენდიანაშვილი ბრიუსელის ნარატივს თუთიყუშივით იმეორებს, რომ, თურმე უკრანის დამარცხებით ევროპას შეექმნება საშიშროება. ტყუილია ეს და სიცრუე. ბრაზილიის და ჩინეთის ჩართვა კი გენიალური ნაბიჯი იქნება. მივესალმები.
2 დღის უკან